ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ანდერს ფოგ რასმუსენი: „ჩვენი ღია კარის პოლიტიკა გრძელდება“


ანდერს ფოგ რასმუსენი: „ჩვენი ღია კარის პოლიტიკა გრძელდება“
ანდერს ფოგ რასმუსენი: „ჩვენი ღია კარის პოლიტიკა გრძელდება“

ლისაბონის სამიტი - ნატო-რუსეთის თანამშრომლობის სტარტი

19 ნოემბერს ლისაბონში დაგეგმილი ნატოს სამიტი მსჯელობის და განხილვის საგანია. მიუხედავად იმისა, რომ ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გაფართოების და შესაბამისად საქართველოს საკითხი არ განიხილება, სამიტს საქართველოს პრეზიდენტიც დაესწრება. სამაგიეროდ განხილული იქნება ნატოს ახალი კონცეფცია, სადაც ერთერთი მთავარი მომენტი ნატო-რუსეთის ახალი ურთიერთობაა. ახალი კონცეფციის თანახმად, ალიანსი რუსეთს განსაკუთრებულ პარტნიორად აღიარებს. ამდენად ლისაბონის სამიტზე რუსეთის პრეზიდენტის მედვედევის სტუმრობას საკმაოდ დიდი ინტერესით ელიან. „ამერიკის ხმის“ რუსულმა რედაქციამ სამიტამდე ერთი კვირით ადრე ნატოს გენერალურ მდივანთან ანდერს ფოგ რასმუსენთან ინტერვიუ ჩაწერა.

„ვფიქრობ ლისაბონის სამიტი ნატოსა და რუსეთს შორის ახალი ურთიერთობების სტარტი იქნება. რუსეთი ჩვენი მეგობარი და პარტნიორია და ჩვენ რუსეთთან თანამშრომლობა ყველა სფეროში უნდა განვავითაროთ, სადაც კი საერთო ინტერესები გვაქვს,“- განაცხადა რასმუსენმა.

მან რუსეთში დემოკრატიის საკითხზეც ისაუბრა. მისი თქმით, ნატო ეს არის დემოკრატიული ღირებულებებზე დაფუძნებული გაერთიანება. თუმცა, ამავდროულად ნატო არ ერევა რუსეთის და სხვა პარტნიორი ქვეყნების საშინაო საქმეებში. თუმცა რასმუსენი აცხადებს, რომ ნატო დაინტერესებულია რუსეთში დემოკრატიის განვითარებით და იქ ადამიანის უფლებების დაცვით.

„მე ვფიქრობ რომ ნატოსა და რუსეთს შორის გულახდილი ურთიერთობა სასარგებლო იქნება ამ მიმართულებით,“ - დასძინა რასმუსენმა.

მისი თქმით, ავღანეთის საკითხში რუსეთისა და ნატოს თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა, ლისაბონის სამიტის მთავარი მიღწევა, რასმუსენის აზრით, რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სფეროში დასავლეთისა და რუსეთის თანამშრომლობა იქნება. ამასთან ერთად, ნატო რუსეთს შესთავაზებს თანამშრომლბის შემდგომი ეტაპის განხილვას ავღანეთის შესახებ, ანუ თუ როგორ უნდა გაგრძელდეს ამ სფეროში კოოპერაცია. რასმუსენის განცხადებით, საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ალიანსმა და რუსეთმა ერთობლივად უნდა იბრძოლონ.

ნატოს გენერალური მდივანმა ასევე უპასუხა შეკითხვას ალიანსის „ღია კარის“ პოლიტიკის შესახებ, კერძოდ როგორ აფასებს ბრიუსელი საქართველოსა და უკრაინის ალიანსში გაწევრიანების პერსპექტივას.

„ჩვენი ღია კარის პოლიტიკა გაგრძელდება. ეს ეფუძნება ერთერთ ფუნდამენტურ პრინციპს, რომ ყველა ქვეყანას აქვს თავის მოკავშირის დამოუკიდებლად არჩევის უფლება. შესაბამისად, ლისაბონის სამიტზე ჩვენ დავადასტურებთ, რომ ბუქარესტში მიღებული გადაწყვეტილება ძალაში რჩება. რაც შეეხება საქართველოს, რასაკვირველია მას შეუძლია გახდეს ნატოს წევრი, თუკი ის დააკმაყოფილებს ნატოს კრიტერიუმებს. უკრაინის მიმართ ბუქარესტის სამიტზე გაკეთებული წინადადებაც ძალაში რჩება. ჩვენ ასევე პატივისცემით ვეპყრობით უკრაინის პოზიციას ბოლოდროინდელ ცვლილებას. მას უკვე აღარ აქვს ნატოს წევრობის ამბიცია. თუმცა, ამავდროულად უკრაინამ დაადასტურა თავის მზადყოფნა ითანამშრომლოს ნატოსთან ყველა მნიშვნელოვან საკითხში. ნატო ნებაყოფლობითი ორგანიზაციაა. ჩვენ ძალით შემოსვლას არავის ვაიძულებთ,“ - განაცხადა რასმუსენმა.

რუსეთის ალიანსში შესაძლო გაწევრიანების შესახებ რასმუსენმა განაცხადა, რომ ნატოს ქარტიის მეათე მუხლი, ყველა ევროპულ ქვეყანას, მათ შორის რუსეთსაც ეხება. თუმცა, ეს ნაკლებად რაელისტური, რომ თავად რუსეთმა მოინდომოს ალიანსში შესვლა, ყველაზე მეტად რეალისტური რუსეთსა და ნატოს შორის მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობის გაძლიერებაა.

XS
SM
MD
LG