ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„მოვარტყით“ - ანუ როგორ ებრძოდა პუტინი ხანძარს


„მოვარტყით“ - ანუ როგორ ებრძოდა პუტინი ხანძარს

ცეცხლის სტიქიამ ხელისუფლების რეიტინგი დააგდო

ერთ დროს, მოსკოვთან ახლოს ნომერ პირველ ტყის ხეივანში ცხოვრება ძალიან სასიამოვნო იყო. ამის მთავარი მიზეზი უზარმაზარი ფიჭვნარი იყო. თუმცა, ამ ზაფხულს ვითარება შეიცვალა. ოლგა კუბიშევასთვის აქ ცხოვრება ბირთვული რეაქტორის გვერდით ცხოვრებას დაემსგავსა.

ქალბატონი კუბიშევა მშვიდი და წყნარი ქალია. უკვე შვილიშვილებიც ყავს. თუმცა, ის მომხდარით აღშფოთებულია და უამრავი ადამიანის მსგავსად მასობრივ ხანძარში მთავრობას არასწორი მენეჯმენტისთვის და ინვესტიციების ნაკლებობისთვის დებს ბრალს. გუშინ გავლენიანმა გაზეთმა „კომერსანტმა“ ხანძრებით მიყენებული ეკონომიკური ზარალი 15 მილიარდი დოლარით შეაფასა. ხანძარს მხოლოდ ეკონომიკური ზარალი არ მოყოლია შედეგად. უკვე ჩატარდა სამი სოციოლოგიური კვლევა. სამივეს შედეგები მთავრობისთვის არასასურველია. როგორც პრემიერ-მინისტრ ვლადიმირ პუტინის, ასევე პრეზიდენტ მედვედევის რეიტინგი საგრძნობლად დაცემულია. თუმცა, პრემიერი პუტინი ყველანაირად ცდილობდა ადექვატურად ემოქმედა და ხანძრებთან ბრძოლაშიც ენთუზიაზმით ჩართულიყო. სახელმწიფო ტელევიზიებმა გუშინ საღამოსვე აჩვენეს ხანძართან პუტინის ბრძოლის ქრონიკა. სატელევიზიო კადრებში კარგად ჩანს, თუ როგორ მართავს ვლადიმირ პუტინი ხანძარსაწინააღმდეგო და წყალზე მავალ თვითმფრინავს, რომლითაც მდინარიდან წყალს იღებს და რიაზანის რეგიონში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობას ცდილობს. „მოვარტყით“ - ეს პუტინის წამოძახილია, როდესაც თვითმფრინავიდან გაშვებული წყლის ჭავლი ხანძრის კერას ესხმება. მანამდე კი, ბატონი პუტინი მოსკოვის მერს იური ლუჟკოვს შეხვდა და ერთკვირიანი შვებულებიდან დროული დაბრუნება მიულოცა. როდესაც მოსკოვის მერი ქალაქში არ იმყოფებოდა, მოსკოველები აქამდე არნახულ კვამლს და სიცხეს ებრძოდნენ. მრავალი მოსკოველი ლუჟკოვის პრესმდივნის სერგეი ცოის განცხადებამ კიდევ უფრო გააღიზიანა. მერიის ვებგვერდზე გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ „მოსკოვში კრიზისული ვითარება არ შექმნილა.“ რეიტინგის დაცემამ, როგორც ჩანს პრეზიდენტი მედვედევიც დააფიქრა. გუშინ, მან მოსკოვის სატყეო დეპარტამენტის შეფი ჯერ მკაცრად გააკრიტიკა და შემდეგ თანამდებობიდან მოხსნა. ამის მიზეზი კი ის იყო, რომ ის საზაფხულო შვებულებიდან არ დაბრუნდა. ამ ნაბიჯების მიუხედავად, მოსკოვის ტყის ხეივანში კუბიშევა და სხვა მაცხოვრებლები დარწმუნებულნი არიან, რომ ამ კრიზისმა სამთავრობო პოლიტიკის და მართვის უუნარობა ნათლად გამოაჩინა, დაადასტურა რომ ხელისუფლება ბუნებრივ სტიქიებთან ბრძოლისთვის მზად არ არის.

საბჭოთა პერიოდში, ქალბატონი კუბიშევა მოსკოვიდან 130 კილომეტრით დაშორებულ ლუკოვიცის სატყეო კომპლექსში მუშაობდა. ოთხი წლის წინ საგრძნობი ცვლილება მოხდა, როდესაც რუსეთში ახალი სატყეო კანონი გამოვიდა და სახელმწიფო ტყეების მართვის განკერძოება მოხდა. ამ კანონის შედეგად კი ტყე, სადაც კუბიშევა ცხოვრობს, პატრონის გარეშე დარჩა. კერძოდ, ორი კვირის წინ, როდესაც ხანძარი გაჩნდა, ქალაქის და კომპანიის მმართველობამ ყურადღება არ მიაქცია ტყის ხეივნის მაცხოვრებელთა განგაშს, რომლებიც დახმარებას ითხოვდნენ. ქალაქის ხელმძღვანელობამ სახანძრო რაზმები მხოლოდ მას შემდეგ გაგზავნა, რაც ცეცხლის სტიქია გაძლიერდა, რის შედეგადაც 2000-ზე მეტი სახლი დაიწვა და 52 ადამიანი დაიღუპა.

რაც შეეხება მსხვერპლს... ანატოლი კორენიუკი მოსკოვის საავადმყოფოში მორგის ავტომანქანის მძღოლია. „გარდაცვალებების და დაკრძალვების რაოდენობა ძალიან გაიზარდა. ამის მიზეზი ექსტრემალური სიცხეა. ძირითადად ამას მოხუცები ვერ უძლებენ,“ - ამბობს კორენიუკი.

მიუხედავად იმისა,რომ მოსკოვის თავზე კვამლი შემცირდა, სინოპტიკოსები კვლავ ვერ აკეთებენ დამაიმედებელ პროგნოზს. კვირის ბოლოსთვის ტემპერატურა 34 გრადუსის ფარგლებში იქნება. ეს კი მათი თქმით, მოსკოვისთვის საჰარას უდაბნოს მსგავსი სიცხეა.

XS
SM
MD
LG