ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რა გამოწვევების წინაშე დგას შეერთებული შტატები 2011წელს?


რა გამოწვევების წინაშე დგას შეერთებული შტატები 2011წელს?

"ამერიკის ხმის" კორესპონდენტმა რავი ხანამ ვაშინგტონში მდებარე ექსპერტები პრეზიდენტის საგარეო პოლიტიკის ხედვასთან დაკავშირებით გამოკითხა.

სამშაბათს საღამოს პრეზიდენტ ბარაკ ობამას ყოველწლიური ანგარიში ძირითადად შეერთებული შტატების საშინაო პრობლემებს დაეთმო, მაგრამ ის აგრეთვე საერთაშორისო საკითხებსაც შეეხო. ამერიკის ხმის კორესპონდენტმა რავი ხანამ ვაშინგტონში მდებარე ექსპერტები პრეზიდენტის საგარეო პოლიტიკის ხედვასთან დაკავშირებით გამოკითხა.

თავის ყოველწლიურ გამოსვლაში პრეზიდენტმა ობამამ აღნიშნა, რომ მომდევნო ორი წლის მანძილზე ადმინისტრაცია მსოფლიოში დემოკრატიის გავრცელებას ხელს შეუწყობს.

„არცერთი ზესახელმწიფო ჩვენს წინააღმდეგ არ არის მიმართული. ჩვენი მტრები, სადაც არ უნდა იმყოფებოდნენ ისინი, ჩვენ უნდა დავამარცხოთ. ჩვენ ისეთი კოალიციები უნდა შევქმნათ, რომელიც რეგიონალურ, რასობრივ და რელიგიურ განსხვავებებს უგულვებელყოფს. ამერიკის მორალური მაგალითი ყოველთვის უნდა ბრწყინავდეს იმათთვის, ვისაც თავისუფლება, სამართლიანობა და ღირსება სურს. ვინაიდან ჩვენ ამ მიმართულებით მუშაობა უკვე დავიწყეთ, დღეს ჩვენ შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ამერიკის ლიდერობა განახლდა და ამერიკის რეპუტაცია აღსდგა “ - განაცხადა სამშაბათს გამოსვლისას პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ.

ბატონმა ობამამ განსაკუთრებული ყურადღება ტუნისელ ხალხს დაუთმო, რომელმაც ავტოკრატი ლიდერი ხელისუფლებიდან გააძევა და ახლა დემოკრატიისთვის იბრძვის. მან სამხრეთ სუდანში ახლახან დასრულებული რეფერენდუმიც ახსენა:

„ჩვენი დახმარებით სამხრეთ სუდანში მრავალწლიანი ომის შემდეგ ხალხმა დამოუკიდებლობისთვის ხმის მიცემა შესძლო “- აღნიშნა პრეზიდენტმა ობამამ.

ბრუკინგსის ინსტიტუტის ექსპერტს რობერტ კაგანს მიაჩნია, რომ მომდევნო ორი წლის მანძილზე შეერთებული შტატების ძალისხმევა დემოკრატიის გავრცელებაზე იქნება ფოკუსირებული:

„მართალია ხალხს ეგონა, რომ ობამა დემოკრატიის გავრცელებას მიატოვებდა იმის გამო, რომ ბატონმა ბუშმა ეს სფერო მოშხამა, ვფიქრობ ადმინისტრაცია ამ საკითხს დაუბრუნდება “ - აღნიშნა ამერიკელმა ექსპერტმა.

კაგანის აზრით, ურთიერთობა ჩინეთთან მთავარი გამოწვევა იქნება. მას მიაჩნია, რომ ამერიკის ინტერესებში არ შედის ის, რომ აღმავალმა ჩინეთმა აღმოსავლეთ აზიის რეგიონში დომინანტური ჰეგემონისტური სტატუსი დაიმკვიდროს, რასაც ჩინეთის გავლენის სფეროში ამერიკის მოკავშირე ქვეყნების შესვლა მოჰყვება.

მაგრამ ბრუკინგსის ინსტიტუტის ჩინეთის საკითხების ექსპერტს კენეთ ლიბერტალს მიაჩნია, რომ 2011 წელს პრეზიდენტ ობამას საგარეო პოლიტიკის უმთავრესი გამოწვევა ჩრდილოეთ კორეაში ძალაუფლების გადაცემა იქნება.

„თუ ძალაუფლების გადაცემა ჩაიშალა, ჩვენ ამასთან დაკავშირებით ჩინელებთან რაიმე კომპრომისს ჯერ არ მივაღწიეთ. იგივე შეიძლება ითქვას სამხრეთ კორეელებსა და იაპონელებზე. ანუ სხვაგვარად რომ ვთქვათ, ჩვენი საპასუხო რეაქცია ჯერჯერობით განსაზღვრული როდია. საკითხავია ისიც, თუ რას მოიმოქმედებს ჩინეთის სახალხო არმია ჩრდილოეთ კორეის საზღვარზე ან რა ზომებს მიმართავენ სამხრეთ კორეის სამხედრო ძალები. რას იზამენ რეგიონში დისლოცირებული შეერთებული შტატების სამხედრო ძალები? მაშასადამე იმის ალბათობა, რომ შეიქმნება ძალიან სახიფათო მდგომარეობა ძალიან მაღალია “- აღნიშნა კენეთ ლიბერტალმა.

ბრუნკინგსის ინსტიტუტის ჩინეთის საკითხების ექსპერტს მიაჩნია, რომ ავღანეთსა და პაკისტანში პრეზიდენტი ობამა კვლავინდებურად ძალიან სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას.

ამავე კვლევითი ორგანიზაციის სამხრეთ აზიის საკითხების ექსპერტი სტივენ კოენი აღნიშნავს, რომ ავღანეთში შექმნილი მდგომარეობა დღითიდღე ადასტურებს იმას, რომ თალიბებთან მოლაპარაკებების გარეშე ვითარების სტაბილიზაცია შეუძლებელია:

„ირონია იმაში მდგომარეობს, რომ თუ ავღანეთის სტაბილიზაციაში თალიბები ჩაერთვნენ, ეს უდავოდ ინდოეთისა და ირანის შეშფოთებას გამოიწვევს. საპასუხოდ ისინი სტაბილიზაციის ჩაშლის მიზნით სამხედრო ძალას ან მომხრე ჯგუფს გამოიყენებენ “- აღნიშნა კოენმა.

ხოლო პაკისტანში, ტერორიზმის საკითხის გარდა, შეერთებული შტატების სასიცოცხლო მნიშვნელობის ეროვნულ ინტერესებს სამი ფაქტორი ემუქრება, აღნიშნავს კოენი:

„პირველია მოკლევადიანი კრიზისი, რომელსაც ავღანეთში პაკისტანის მონაწილეობა განსაზღვრავს. შემდეგია საშუალოვადიანი კრიზისი, რომელიც პაკისტანის სახელმწიფოებრიობის გადარჩენას უკავშირდება. ხოლო მესამეა გრძელვადიანი კრიზისი, რომელიც მდგომარეობს იმაში თუ როგორ გამოიყენებენ პაკისტანელები საკუთარ ბირთვულ შეიარაღებას" - დასძინა კოენმა.

ბრუკინგსის ინსტიტუტის ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო პროცესისა და ირანისა და ჩრდილოეთ კორეის ბირთვული პროგრამების გარდა, პრეზიდენტ ობამას ერაყში მიღწეული გამარჯვების შენარჩუნება მოუხდება.

XS
SM
MD
LG