ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იაპონიის ბირთვული კრიზისი საერთაშორისო თანამეგობრობის შეშფოთებას იწვევს


იაპონიის ბირთვული კრიზისი საერთაშორისო თანამეგობრობის შეშფოთებას იწვევს

მსოფლიოს ატომური ენერგეტიკის ინდუსტრიის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ ატომური ელექტროსადგურების უსაფრთხო ექსპლუატაციის უზრუნველყოფა მათ უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს.

მსოფლიოს ბევრი ქვეყანა, ირანის ჩათვლით, ატომურ ენერგიას ელექტროენერგიის წარმოების მიზნით იყენებს. მაგრამ რამდენიმე კვირის წინ იაპონიაში მომხდარმა დამანგრეველმა მიწისძვრამ ქვეყნის ერთ-ერთი ატომური ელექტროსადგური მნიშვნელოვნად დააზიანა.

მართალია საერთაშორისო ატომური ენერგეტიკის ინდუსტრიის წარმომადგენლები ყოველთვის აცხადებენ, რომ უსაფრთხო ექსპლუატაციის უზრუნველყოფა მათ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს, იაპონიის ფუკუშიმას ელექტროსადგურზე მომხდარმა ავარიამ საერთაშორისო თანამეგობრობაში შეშფოთება გამოიწვია. რაც არ უნდა საიმედოდ იყოს აგებული ესა თუ ის ატომური ელექტროსადგური, ავარიების თავიდან აცილება შეუძლებელია, იუწყება ამერიკის ხმის კორესპონდენტი ჯეფრი იანგი.

11 მარტს იაპონიის ისტორიაში ყველაზე დამანგრეველმა მიწისძვრამ ქვეყანა შესძრა. მიწისძვრით გამოწვეულმა ცუნამმა კი მიწისძვრას გადარჩენილი ნაგებობები მიწასთან გაასწორა. ორივე სტიქიურმა უბედურებამ ტოკიოს ჩრდილოეთით, წყნარი ოკეანის სანაპიროზე მდებარე ფუკუშიმას ატომური ელექტროსადგური მნიშნვლოვნად დააზიანა.

სტიქიამ მწყობრიდან გამოიყვანა გამაგრილებელი სისტემა, რომელიც საჭიროა ელექტროსადგურის რამდენიმე რეაქტორზე დაბალი ტემპერატურის შესანარჩუნებლად. შედეგად, მიღებული საგანგებო ზომების მიუხედავად, რეაქტორის ტემპერატურამ საშიშ დონეს მიაღწია.

მიწისძვრიდან ერთი დღის შემდეგ კი ფუკუშიმას ერთ-ერთ შენობაში, სადაც რეაქტორია დამონტაჟებული, აფეთქება მოხდა. ორი დღის შემდეგ მსგავსი აფეთქება სხვა შენობაში მოხდა. ხოლო ცუნამიდან მესამე დღეს აფეთქება კიდევ ერთ შენობაში დაფიქსირდა. სამი აფეთქების შედეგად ატომური ელექტროსადგურიდან რადიაციამ გაჟონა.

იაპონიის მთავრობამ ფუკუშიმას ელექტროსადგურიდან 20-კილომეტრიანი რადიუსის ფარგლებში მცხოვრები მოსახლეობის ევაკუირება მოახდინა. დაახლოებით ნახევარი მილიონი ადამიანი უსახლკაროდ დარჩა. ხოლო ელექტროსადგურთან ახლოს მდებარე სხვადასხვა რაიონში რადიაციის მაღალი დონე დაფიქსირდა.

ამჟამად ოფიციალური პირები ფუკუშიმას ატომურ ელექტროსადგურზე შექმნილ ვითარებას სადღეღამისო მონიტორინგს უწევენ. მათ განსაკუთრებით რკინაბეტონის საცავების მდგომარეობა ადარდებთ რადგან ბირთვული რეაქტორები სწორედ ამ საცავებშია მოთავსებული. საცავები საგანგებოდ აგებულია რადიაციური გაჟონვის თავიდან აცილების მიზნით. ოფიციალური პირები გამოთქვამენ შეშფოთებას, რომ ფუკუშიმას ერთ-ერთი ამგვარი საცავი მიწისძვრის შედეგად შესაძლოა დაზიანდა.

ავსტრიის დედაქალაქ ვენაში მდებარე გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს შტაბ-ბინაში გამართულ პრეს-ბრიფინგზე სააგენტოს უსაფრთხოების განყოფილების დირექტორმა ფილიპ ჟამემ აღნიშნა, რომ საცავები უაღრესად მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს.

„რადიაციის შემაკავებელი საცავები ერთ-ერთ ბარიერს წარმოადგენს. ავარიის შემთხვევაში, ჩვენ გარემო და ხალხი რადიაციისგან უნდა დავიცვათ “ - აღნიშნა ფილიპ ჟამემ.

მსოფლიოს ატომური ენერგეტიკის ინდუსტრიის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ ატომური ელექტროსადგურების უსაფრთხო ექსპლუატაციის უზრუნველყოფა მათ უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს. ამ მიზნით ისინი ატომურ ელექტროსადგურებზე დასაქმებულ პერსონალს ხშირად სათანადო საწვრთნელ კურსებს უტარებენ და ობიექტებზე მიმდინარე პროცესებს შესაბამის მონიტორინგს უწევენ.

XS
SM
MD
LG