ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვინ არიან ლიბიელი ოპოზიციონერები?


ვინ არიან ლიბიელი ოპოზიციონერები?
ვინ არიან ლიბიელი ოპოზიციონერები?

ექსპერტთა აზრით, საერთაშორისო კოალიციის საჰაერო მხარდაჭერის გარეშე ლიბიის ოპოზიცია უკვე დიდი ხანია დამარცხებული იქნებოდა.

საერთაშორისო კოალიციის საბრძოლო თვითმფრინავები და რაკეტები აგრძელებენ ლიბიის ლიდერის მუამარ კადაფის ერთგული სამხედრო ნაწილების დაბომბვას. ოფიციალურად გახმოვანებული ინფორმაციით, მოკავშირეები ლიბიის მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვას ისახავენ მიზნად, თუმცა რეალურად საერთაშორისო კოალიცია აჯანყებულთა სამხედრო-საჰაერო ძალების ფუნქციას ასრულებს.

ახალახანს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ამერიკელ ხალხს განუცხადა, რომ ლიბიის სამთავრობო ძალებზე თავდასხმა ბენგაზის მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივი ხოცვა-ჟლეტის თავიდან აცილებას ისახავდა მიზნად:

“ ბრძანება, რომელსაც მე მოვაწერე ხელი ლიბიელი ხალხის უსფართხოების უზრუნველყოფას ისახავს მიზნად და გაეროს მანდატის შესაბამისად არასაფრენი ზონის დამყარებას ითვალსიწინებს. ეს ლიბიის ოპოზიციის თხოვნის შესაბამისად მოხდა.“

თუმცა ექსპერტებს დღემდე არა აქვთ ზუსტი პასუხი, თუ ვინ არიან ეს ოპოზიციონერები და რას წარმოადგენს აჯანყებულთა შეიარაღებული ძალები?

ვორდ ქეროლი რადარების სპეციალისტია, რომელიც ერაყსა და ბოსნიაში არასაფრენი ზონის დამყარებას უზრუნველყოფდა. მისი თქმით, ამ კითხვებზე პასუხი არავის არა აქვს.

როგორც მაროკოში შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი მარკ გინსბერგი აცხადებს ლიბიის ოპოზიცია სხავადსხვა ლიდერებისა და დაჯგუფებებისგან შედგება:

“ ეს ვარსკვლავების ომების პერსონაჟების მსგავსად მრავალფეროვანი საზოგადოებაა. აქ არიან ჟურნალსიტები, ყოფილი დიპლომატები, ამბოხებული სამხედროები და რასაკვირველია ისლამისტები, რომელთა გავლენა განასაკუთრებით ძლიერია აჯანყებულთა მთავარ დასაყრდენ ბენგაზიში. მოკლედ ჩვენ დარწმუნებით ვერაფერს ვიტვით მათი მიზნების შესახებ.“

საჰაერო ძალების გადამდგარ გენერალს მაიკ დანს იგივე კითხვები უჩნდება

:“ ეს არის საეჭვო დაჯგუფებების და ტომთა გაერთიანება, რომელიც არ წარმოადგენს რაიმე სერიოზულ სამხედრო ძალას. ჩვენ ისინი დემოკრატიის და მშვიდობის მებაირახტეებად გვყავს წარმოდგენილი, მაგრამ ფაქტიურად მათ შესახებ არაფერი ვიცით.“

ელჩი გინსბერგი ეთანხმება გენერალს:

“ ოპოზიციას არმია არა ჰყავს და არანაირი სამხედრო მომზადება არ გააჩნია, რაც აუცილებელია გამარჯვებისათვის. ბენგაზიდან ტრიპოლიმდე კი 750 კილომეტრია გასავლელი უდაბნოში და რანაირად უნდა შეასრულონ მათ ეს ამოცანა, როდესაც შეარაღებაში მხოლოდ ჯიპებზე დამონტაჟებული ტყვიამფრქვევები აქვთ. ჩვენ არც ის ვიცით რა აქვს კადაფის რეზერვში, ყოველშემთხვევაში ის ფულის ნაკლებობას არ უჩივის და დაქირავებულების ჩამოყვანა შეუძლია აფრიკის სამხრეთიდან.“

სამხედრო ესპერტები ერთ რამეში თანხმდებიან, რომ საერთაშორისო კოალიციის საჰაერო მხარდაჭერის გარეშე ლიბიის ოპოზიცია უკვე დიდი ხანია დამარცხებული იქნებოდა.

როგორც კონგრესის ბიბლიოთეკის აფრიკა და ახლო აღმოსავლეთის განყოფილების გამგე მარი-ჯინ დიბი აცხადებს, ის გაკვირვებულია ოპოზიციის მებრძოლების სუსტი სამხედრო მომზადებით, რადგან არაბულ ქვეყნებში სავალდებულო სამხედრო სამსახური 12-დან 18 თვემდე გრძელდება. ოპოზიციის ბირთვი ტუნისის და ეგვიპტის მსგავსად ქალაქში მცხოვრები ახალგაზრდა ნაციონალისტებისგან შედგება. ოპოზიციის ეროვნულ საბჭოში კადაფის ყოფილი იუსტიციის მინისტრი და ეკონომიკური განვითარების პროგრამის ხელმძღვანელი შედიან.

რაც შეეხება ისლამისტებს ლიბიაში ისინი არ წარმოადგენენ წამყვან ძალას და მიზნად არ ისახავენ შარიათის კანონების დამყარებას, ან ისლამური რესპუბლიკის შექმნას. რა თქმა უნდა ისინი მუსლიმანები არიან, მაგრამ რელიგია არ არის ლიბიის ოპოზიციის განმსაზღვრელი ფაქტორი.

ქალბატონი დიბის განცხადებით ისლამური მოძრაობა კი არ ძლიერდება არამედ სუსტდება. მართალია ისინი შეეცდებიან შექმნილი ვითარების გამოყენებას, მაგრამ ჩრდილოეთ აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში სახალხო აჯანყებები არ შეიძლება ჩაითვალოს ისლამური ექსტრემიზმის გამოვლინებად.

XS
SM
MD
LG