ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკელთა უმრავლესობა ავღანეთის ომს მხარს არ უჭერს


ამერიკელთა უმრავლესობა ავღანეთის ომს მხარს არ უჭერს
ამერიკელთა უმრავლესობა ავღანეთის ომს მხარს არ უჭერს

ავღანეთის ომის კრიტიკოსებს შორის არის კონგრესმენი უოლტერ ჯონსი, რომელიც ჩრდილო კაროლინელი რესპუბლიკელია.

ამ კვირას შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატამ 321 ხმით 93-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა ავღანეთში ქვეყნის მიერ წარმოებული სამხედრო ოპერაციის გაგრძელებას.

პარალელურად „ვაშინგტონ პოსტში“ გამოქვეყნდა საზოგადოებრივი გამოკითხვის შედეგები, რომლის მიხედვითაც ამერიკელი მოსახლეობის 64 პროცენტი თვლის, რომ აღნიშნული ომი ვერ ამართლებს გაწეულ ხარჯებს. საინტერესოა ის ფაქტი, რომ წელიწადნახევრის წინ იგივე გამოკითხვა იმავე წარმატებით ავღანეთის ომის მომხრე იყო.

საზოგადოებრივი აზრის მკვეთრი ცვლილება ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი გახდა ამ კვირას გამართულ ორ საკონგრესო მოსმენაზე, რომელიც ავღანეთის ომის თემას მიეძღვნა. ყურადღების ცენტრში გენერალ დევიდ პეტრეუსის, ავღანეთში საერთაშორისო ძალების მთავარსარდლის მიერ მიცემული ჩვენება იყო, რომელიც ალიანსის ანგარიშს ეხებოდა თალიბანის წინააღმდეგ ბრძოლაში:

“იმის მიუხედავად, რომ ერთი წლის განმავლობაში მნიშვნელოვან წარმატებას მივაღწიეთ, შედეგი საკმაოდ მყიფე და იოლად ცვალებადია“.

ავღანეთის ომის კრიტიკოსებს შორის არის კონგრესმენი უოლტერ ჯონსი, ჩრდილო კაროლინელი რესპუბლიკელი. ის შიშობს, რომ ავღანეთის მთავრობა სამხედრო ოპერაციის გაგრძელებას 2014 წლის შემდეგაც მოითხოვს. ეს თარიღი კი დიდი ხნის წინ შეთანხმდა შეერთებული შტატების და ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ერთობლივი ოპერაციის დასასრულებლად:

„15, 16, 17 წელი? კიდევ რამდენი ხანი შეიძლება იქ დავყოთ? კიდევ რამდენი სისხლი და რამდენი ხარჯი უნდა გავიღოთ?“

გენერალ პეტრეუსის პასუხი კი ასეთი იყო: იმის მიუხედავად, რომ ავღანეთის ომი აგერ უკვე ათი წელია გრძელდება, შეერთებული შტატები მოვალეა დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანოს და ალყაიდას არ მისცეს შანსი ავღანეთის ტერიტორია ამერიკის წინააღმდეგ შეტევების დასაგეგმად თუ განსახორციელებლად გამოიყენოს.

“კარგად მესმის ამერიკელი ხალხის მოუთმენლობა. მეც საკმაოდ სულსწრაფი ვარ. მაგრამ სიტუაცია მოითხოვს გარდამავალი პერიოდის წარმატებით დასრულებას, რათა ძალაუფლება ჩვენს ავღანელ პარტნიორებს უსაფრთხოდ გადავცეთ“.

ამერიკული პოლიტიკის ექსპერტი, პროფესორი ჯეკ პიტნი აღნიშნავს, რომ ავღანეთის ომი რიგით ამერიკელთა შორის პოპულარობას დღითიდღე კარგავს. ეს ბუნებრივია და მსგავსი ტენდენცია ნებისმიერი ომის დროს შეინიშნება, მას შემდეგ რაც მსხვერპლის რაოდენობა იმატებს და კონკრეტული შედეგებიც არ ჩანს. თუმცა, მისივე თქმით, უკმაყოფილება საკმაოდ პასიურია ვიეტნამის ან თუნდაც ერაყის სამხედრო ოპერაციებთან შედარებით.

კონგრესში ომის მხარდამჭერებმა აღნიშნეს, რომ ისინი გაითვალისწინებენ საზოგადოებრივ აზრს, მაგრამ ჯერჯერობით განგაშის საფუძველი არ არსებობს. სენატორი ლიბერმანი კონექტიკუტის შტატიდან აღნიშნავს, რომ დროა კონგრესმა ხალხის მეტ მხარდაჭერაზე იზრუნოს. სენატორ მაკეინის განცხადებით, ის, რაც ავღანეთში შემდეგი რამდენიმე თვის განმავლობაში მოხდება, დიდი დოზით გადაწყვეტს ამერიკული საზოგადოებრივი აზრის განვითარებას. ექსპერტები ერთხმად აღნიშნავენ, რომ აღნიშნული დინამიკა პრეზიდენტის მომავალ არჩევნებზეც იქონიებს გავლენას და ის დემოკრატ და რესპუბლიკელ კანდიდატებს შორის ერთ-ერთი პრინციპული განმასხვავებელი ნიშანი იქნება.

XS
SM
MD
LG