ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლიბიის ყოფილი იუსტიციის მინისტრის სენსაციური განცხადება


ლიბიის ყოფილი იუსტიციის მინისტრის სენსაციური განცხადება

ლიბია ქაოსმა მოიცვა და გავრცელებული ცნობების თანახმად, კადაფიმ საკუთარი ხალხის წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენების ბრძანება გასცა.

ლიბიის იუსტიციის მინისტრმა, რომელიც თანამდებობიდან გადადგა მას შემდეგ, რაც მთავრობამ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალა გამოიყენა, ქვეყნის ლიდერი პოლკოვნიკი მუამარ კადაფი დაადანაშაულა იმაში, რომ მან 1988 წელს ლოკერბის ტერორისტული აქტის ბრძანება პირადად გასცა.

აღსანიშნავია, რომ კადაფი მსგავს ბრალდებებს ყოველთვის გამუდმებით უარყოფდა. ახალმა ბრალდებამ ცხარე კამათი გამოიწვია იმასთან დაკავშირებით, რომ კადაფის დაბრუნება საერთაშორისო თანამეგობრობაში დასავლეთის ქვეყნებმა შეიძლება ნაჩქარევად აღიარეს, იუწყება ლონდონიდან "ამერიკის ხმის" კორესპონდენტი ჰენრი რიჯუელი.

1988 წელს ამერიკული ავიაკომპანია „პან ამერიკანის“ რეისი ნომერი 103 შოტლანდიის ქალაქ ლოკერბის მახლობლად აფეთქდა. აფეთქების შედეგად 270 ადამიანი დაიღუპა. 2003 წელს მუამარ კადაფიმ აღიარა, რომ ხსენებული ტერორისტული აქტის ჩადენაში ლიბია დამნაშავე იყო, მაგრამ მან იმავდროულად აღნიშნა, რომ ტერორისტული აქტის შესახებ წინასწარ არაფერი იცოდა.

მაგრამ ახლა ლიბიის ყოფილმა იუსტიციის მინისტრმა მუსტაფა აბდელ-ჯალილმა განაცხადა, რომ თვითმფრინავის აფეთქების ბრძანება კადაფიმ პირადად გასცა. ლიბიაში შვედური გაზეთ „ექსპრესენის“ კორესპონდენტისთვის მიცემულ ინტერვიუში ჯალილმა აღნიშნა, რომ მას გააჩნია უტყუარი მტკიცებულება იმისა, რომ ლიბიის ლიდერმა თვითმფრინავის აფეთქების ბრძანება პირადად გასცა. თუმცა შვედი ჟურნალისტისთვის მას ხსენებული მტკიცებულება არ წარუდგენია.

ჯალილმა აღნიშნა, რომ კადაფის ბრძანება აბდელბასეტ ალ-მეღრაჰიმ შეასრულა. ალ-მეღრაჰი ერთადერთი პირია, რომელიც ლოკერბის ინციდენტში დამნაშავედ სცნეს. იგი განაჩენს შოტლანდიაში იხდიდა. 2009 წელს ალ-მეღრაჰი შეწყალების საბაბით გაათავისუფლეს იმის გამო, რომ მას კიბო აღმოაჩნდა.

ბერტ ამერმანის ძმა თვითმფრინავის აფეთქებაში დაიღუპა. ლიბიის ყოფილი იუსტიციის მინისტრის განცხადებასთან დაკავშირებით მან აღნიშნა:

„დღევანდელ ინფორმაციას ჩვენ 23 წლის მანძილზე ველოდით.“

ახალი ბრალდება ბადებს კითხვებს იმასთან დაკავშირებით, რომ ბრიტანეთი და დასავლეთის სხვა ქვეყნები ბატონ კადაფის დაბრუნებას საერთაშორისო თანამეგობრობაში შეიძლება ნაჩქარევად ესალმებოდნენ. მაგრამ ბრიტანეთის მთავრობის ყოფილი მინისტრი დევიდ ტრეფგარნი აღნიშნავს, რომ რაიმე დასკვნების გაკეთება ჯერ-ჯერობით ნაადრევია. ტრეფგარნი ამჟამად ლიბია-ბრიტანეთის ბიზნეს საბჭოს თავჯდომარის პოზიციას იკავებს:

„როცა ლოკერბის ინციდენტის შემდეგ სხვადასხვა სახის ბრალდებები ისმოდა მათ შორის ზოგი მართალი აღმოჩნდა, ზოგი კი არა. მე თქვენ ნამდვილად ვერ დაგიმოწმებთ იმას, თუ რამდენად შეესაბემება სინამდვილეს ეს ბოლო ბრალდება" - აღნიშნა ტრეფგარნმა.

2003 წელს კადაფიმ ბრიტანეთის მაშინდელ პრემიერ მინისტრს ტონი ბლერს უმასპინძლა. ტრეფგარნის თქმით, ოფიციალური ვიზიტი საკმაოდ ნაყოფიერი აღმოჩნდა:

„მათ მასობრივი განადგურების შეიარაღება გადმოგვცეს და მასობრივი განადგურების შეიარაღების პროგრამა შეწყვიტეს. მათ აგრეთვე მოგვცეს დაპირება, რომ საერთაშორისო ტერორიზმის არცერთ სახეობას მხარდაჭერას აღარ გამოუცხადებენ “ - აღნიშნა ტრეფგარნმა.

მაგრამ ახლა ლიბია ქაოსმა მოიცვა და გავრცელებული ცნობების თანახმად, კადაფიმ საკუთარი ხალხის წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენების ბრძანება გასცა. ეს კი ბადებს კითხვებს იმასთან დაკავშირებით, რომ დასავლეთის ზოგიერთი ქვეყანა ლიბიას ამ ბოლო ხანებში შეიარაღებას აწვდიდა. მაგალითად გასული წლის ნოემბერში ბრიტანულმა კომპანიებმა ტრიპოლიში სნაიპერული შაშხანები გაგზავნეს.

ლიბიაში ანტი-სამთავრობო დემონსტრანტების წინააღმდეგ მიმართული ძალადობის ფონზე, ევროპული ქვეყნების უმრავლესობა ლიბიაზე სავაჭრო სანქციების დაწესების წინადადებით გამოვიდა. ამასობაში შოტლანდიის მთავრობამ უკვე განაცხადა, რომ თუ ლოკერბის აფეთქებასთან დაკავშირებით ახალი მტკიცებულებები გამოჩნდა, შოტლანდიელი სამართალდამცველები მათ უთუოდ გამოიძიებენ.

XS
SM
MD
LG