ათასობით დემონსტრანტი იორდანიის, ალჟირისა, და იემენის ქუჩებში გამოვიდა. სულ მალე კი ეგვიპტეს დედაქალაქ ქაიროში 50,000 არაბი დემონსტრანტი პრეზიდენტ ჰოსნი მუბარაკის გადადგომას ითხოვდა. ყოველივე ეს ტუნისში უპრეცედენტო სახალხო გამოსვლებით დაიწყო.
სამერ შიჰატა ჯორჯთაუნის უნივერსიტეტში მუშაობს.
„ჩვენ ჯერ არ გავმხდარვართ მოწმეები იმისა, რომ რომელიმე არაბული ქვეყნის ლიდერს სახალხო პროტესტის გამო ძალაუფლება დაეტოვებინა “- აღნიშნავს სამერ შიჰატა.
ბევრი არაბი ტუნისის პრეზიდენტ ზინე ელ-აბიდინ ბენ ალის და მისი ოჯახის წევრებს ეგრეთწოდებული „სამუდამო პრეზიდენტების კლუბის“ წევრებს ეძახდა. კლუბისა, რომლის წევრები ჩრდილოეთ აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის სახელმწიფოებს რეპრესიული და კორუმპირებული რეჟიმების მეოხებით, ათწლეულების მანძილზე განაგებენ.
„საერთოდ შეიძლება ითქვას, რომ მაროკოდან სირიამდე შეინიშნება ავტორიტარული პოლიტიკის ტენდენცია“ -აღნიშნა სამერ შიჰატამ.
ბენ ალი რეგიონში გამეფებული არაბული ლიდერების კარგ მაგალითს წარმოადგენდა. ბენ ალი ტუნისს 23 წლის მანძილზე მართავდა. აი როგორ ახასიათებს ბენ ალის მმართველობის ქვეშ მყოფ ტუნისს ვაშინგტონში მდებარე სტრატეგიულ და საერთაშორისო კვლევათა ცენტრის ანალიტიკოსი ენტონი კორდესმანი:
„ეს იყო პოლიციის მკაცრი კონტროლის ქვეშ მყოფი ქვეყანა. მთავრობა სრულად აკონტროლებდა მედიას ისევე როგორც ნებისმიერ პოლიტიკურ აზრთა სხვადასხვაობის გამოვლინებას,“ აღნიშნავს ამერიკელი ექსპერტი.
ისტორიული მნიშვნელობის სახალხო დემონსტრაციები 26 წლის ტუნისელის, მოჰამედ ბუაზიზის მიერ თავის დაწვის მცდელობამ განაპირობა. აღსანიშნავია, რომ ბუაზიზიმ პროტესტის ეს ფორმა გადაწყვიტა იმის გამო, რომ მთავრობამ მას ტუნისის დედაქალაქიდან 260 კილომეტრის მოშორებით ხილისა და ბოსტნეულის გაყიდვის ნებართვა არ მისცა. უფრო მეტიც, ტუნისის ხელისუფლებამ მას გასაყიდი პროდუქცია ჩამოართვა.
„ადგილობრივი მთავრობა და უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები მას უმოწყალოდ ჩაგრავდნენ და სხვა გამოსავალი აღარ=რ ჰქონდა. მისი ღირსება ფეხქვეშ გათელეს იმის გამო, რომ ტუნისი ავტორიტარული სახელმწიფო გახლდათ “- აღნიშნავს სამერ შიჰატა.
შედეგად ბუაზიზიმ გადაისხა ბენზინი და ცეცხლი წაიკიდა. ათი დღის შემდეგ კი იგი მიღებული დამწვრობისგან გარდაიცვალა. ინტერნეტის საშუალებით ბუაზიზის ამბავი მალე გავრცელდა და მან ტუნისსა და მთელ არაბულ სამყაროში გმირის სტატუსი მოიპოვა.
„მუჰამად ბუაზიზი არ არის ერთადერთი, ვინც მარგინალიზირებული, ნახევრად უმუშევარი ან არსებული სამუშაოთ იმეგაცრუებული აღმოჩნდა. ბუაზიზი რეგიონში მილიონობით არაბს ანსახიერებს “- აღნიშნა შიჰატამ.
ხოლო ვაშინგტონში მდებარე ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტის თანამშრომელი და შეერთებული შტატების ყოფილი დიპლომატი დევიდ მაკი ტუნისში არსებულ მდგომარეობას ამგვარად ახასიათებს:
„ტუნისის მთავრობა კორუმპირებული გახლდათ. ეს იყო წინდაუხედავი მთავრობა, რომელსაც ხალხის მოთხოვნებისა არაფერი გაეგებოდა.“
ნიშანდობლივია, რომ 30 წლამდე ასაკის დემოგრაფიული ჯგუფის წარმომადგენლები ჩრდილოეთ აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის ეკონომიკურად განუვითარებელი ქვეყნების მოსახლეობის უმრავლესობას შეადგენენ.
„ახალგაზრდების დიდძალი რიცხვი სამუშაოს ეძებს. ესენი არიან ისინი, ვისაც დაწყებითი და საშუალო სკოლა აქვს დამთავრებული და ხშირ შემთხვევაში უნივერსიტეტებიც. ამის შემდეგ კი ისინი უმუშევრად რჩებიან “-აღნიშნავს ბრუკინგსის ინსტიტუტის მკვლევარი ჯონ პეიჯი.
პეიჯის თქმით, არაბული ქვეყნების მოსახლეობა კორუმპირებულ რეჟიმებს დიდი ხნის მანძილზე უძლებდა, მაგრამ სინამდვილეში ყველაფერი ცალკეული პირების მიერ საკუთარი ოჯახების შენახვის შესაძლებლობას უკავშირდება. ამდენად ზოგიერთ არაბულ ქვეყანაში ეკონომიკური პირობების გაუარესების ფონზე, ახალგაზრდა მამაკაცები პროტესტის ნიშნად ქუჩებში გამოვიდნენ.
„ის რომ ბოლო თხუთმეტი წლის მანძილზე ახალგაზრდებისთვის ახალი სამუშაო ადგილები არ იქმნება ძალიან დიდ შეშფოთებას იწვევს. მმართველი პოლიტიკური ელიტა ამას ცუდად აღიქვამს. მათ ამ მდგომარეობის შესახებ მშვენივრად იციან, მაგრამ რაიმეს გაკეთება უჭირთ “- დასძენს ჯონ პეიჯი.