ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტი ობამა კონგრესის წინაშე წარსდგება


პრეზიდენტი ობამა კონგრესის წინაშე წარსდგება

დღეს კოგრესის რესპუბლიკელთა უმრავლესობა შიდა ფედერალური დანახარჯების შეკვეცას სიმბოლურად უყრის კენჭს. ამით ქვეყანა იმ დონეს დაუბრუნდება, რომელზეც 2008 წელს ბარაკ ობამას პრეზიდენტად არჩევამდე იყო. კენჭისყრა რამდენიმე საათით ადრე მოხდება, ვიდრე პრეზიდენტი ობამა კონგრესის გაერთიანებულ სესიაზე ყოველწლიური მიმართვით გამოვა.

ლეგალურად არადამავალდებელი რეზოლუციის თანახმად, ფედერალური დანახარჯების 20 პროცენტით შეკვეცა, ძირითადად არათავდაცვითი დანიშნულების მქონე, ფედერალურ უწყებათა ხარჯზე მოხდება. ეს კი გარკვეულწილად აისახება ფისკალური წლის სამომავლო ბიუჯეტზე.

გადაწყვეტილების ერთერთი ინიატორი კალიფორნიის შტატის რესპუბლიკელი კონგრესმენი დევიდ დრეიერი გახლავთ. მისი განცხადებით, კენჭისყრა პირველი ნაბიჯი იქნება იმ ხანგრძლივი პროცესისკენ, რომელიც კონგრესმა ბიუჯეტის თემაზე დისკუსიებს უნდა დაუთმოს:

„ფისკალური წელიწადისთვის მზადება ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და საკვანძო საკითხია. ჩვენ პირველ ყოვლისა, ახალი სამუშაო ადგილების შექმნასა და ეკონომიკის გაჯანსაღებაზე უნდა ვიზრუნოთ.“

დემოკრატი კანონმდებლები რესპუბლიკელებისგან იმ ფედერალური უწყებებისა და პროგრამების დასახელებას ითხოვენ, რომლებსაც სავარაუდოდ სახელმწიფო დაფინანსება შეუწყდებათ. ნიუ ჯერსის შტატის დემოკრატი კონგრესმენი ბობ ენდრიუსი აცხადებს:

„უმცირესობა ამ პრობლემას ზერელედ არ უყურებს. გვაინტერესებს, თუ რატომ არ აკონკრეტებენ რესპუბლიკელები შესაკვეცი თანხების რაოდენობას და რითი ხსნიან მის აუცილებლობას?“

ზოგიერთი დემოკრატი კანონმდებელი რესპუბლიკელ კონგრესმენებს კენჭისყრის გაჭიანურებაში სდებს ბრალს. ამის მიზეზად კი პრეზიდენტი ობამას ყოველწლიური მიმართვის დაკნინების მცდელობას ასახელებს. თუმცა ანალიტიკოსის ჯო სჩატცის აზრით, რესპუბლიკელებს სურთ, რომ პრეზიდენტი ობამას ყურადღება მიიპყრონ:

„ეს სიმბოლური და არაფრით დამავალდებელი კენჭისყრა იმ დღეს ემთხვევა, როდესაც პრეზიდენტი ობამა კონგრესს საკუთარ გეგმებს გააცნობს. ამით რესპუბლიკელები ამერიკის პრეზიდენტს მიანიშნებენ, რომ წარმომადგენელთა პალატას ახალი უმრავლესობა ჰყავს“

რესპუბლიკელი კონგრესმენები საბიუჯეტო შეკვეცებზე კენჭისყრით, საკუთარ ამომრჩევლებს საარჩევნო კამპანიის დროს მიცემულ დანაპირებსაც შეუსრულებენ. მაშინ მათ პირობა დადეს, რომ არსებულ ბიუჯეტს 100 მილიარდი დოლარით შეკვეცავდნენ. დემოკრატები კი ამ გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგებიან, რადგან მათი აზრით, ბიუჯეტის შეკვეცით დაფინანსება შეუწყდებათ ისეთ მნიშვნელოვან პროგრამებს, როგორებიცაა კიბოს კვლევის პროგრამა და ფედერალური სამართალდამცავი უწყებები.

პრეზიდენტი ობამა ყოველწლიურ გამოსვლაში სახელმწიფოს მიერ განათლების სფეროსა და ინფრასტრუქტურის დაფინანსებასაც შეეხება. ამით შეერთებული შტატები სხვა ქვეყნებთან მიმართებაში კონკურენტუნარიან პოზიციას კვლავაც შეინარჩუნებს. მაგრამ, ანალიტიკოსი ჯო სჩათცის აზრით, ამ მხრივ პრეზიდენტ ობამას წარმომდგენელთა პალატის მხრიდან მტკიცე წინააღდმეგობა შეხვდება:

„ახლადარჩეული რესპუბლიკელი კონგრესმენები კომპრომისზე ბრმად მიდიან და ამით ამომრჩევლებს საკუთარ დანაპირებს უსრულებენ.“

ზოგიერთი რესპუბლიკელის აზრით, ბიუჯეტის 20 პროცენტით შეკვეცა საკმარისი არ არის. ზოგიერთი დემოკრატ და რესპუბლიკელ კანონმდებელს მიაჩნია, რომ ბიუჯეტის შეკვეცის დროს ამერიკის სამხედრო ძალებმა და უსაფრთხოების სფეროებმა პრივილეგიებით არ უნდა ისარგებლონ. ჯონ დუნკანი ტენესის შტატის რესპუბლიკელი კონგრესმენია. მისი აზრით:

„მინდა ჩემს კოლეგებთან ერთად კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ ბიუჯეტის შეკვეცა ყველა სფეროზე უნდა გავრცელდეს. უამრავ ფედერალურ უწყებასა და სააგენტოში, თავდაცვის სამინისტრო იქნება ეს თუ შინაგანი უსაფრთხოების დეპარტამენტი, დღემდე თანხებს უმიზნოდ განკარგავენ. არცერთი დეპარტამენტი არ უნდა წარმოადგენდეს გამონაკლისს იმისთვის, რომ წელზე ქამრები შემოიჭიროს. გახსოვდეთ, რომ ჩვენს ქვეყანას 14 ტრილიონი დოლარის ოდენობის ეროვნული ვალი აქვს, ეს კი წარმოდუგენლად დიდი თანხმა გახლავთ.“

პრეზიდენტი ობამა ყოველწლიურ გამოსვლაში შეეცდება, სახელმწიფოს მიერ ინფრასქტრუქტურის და განათლების სფეროების დაფინანსება, ყველა სფეროზე ბიუჯეტის შეკვეცით დააბალანსოს.

თუმცა კონგრესის უმრავლესობის სახით, პრეზიდენტ ობამას კაპიტოლიუმში მტკიცე წინააღმდეგობა მოელის.




XS
SM
MD
LG