ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის მოსახლეობის აღწერის მონაცემები გამოქვეყნდა


ამერიკის მოსახლეობის აღწერის მონაცემები გამოქვეყნდა
ამერიკის მოსახლეობის აღწერის მონაცემები გამოქვეყნდა

ექსპერტების აზრით, აშშ-ს მოსახლეობის შემდგომი ზრდა ესპანური წარმოშობის უმცირესობაზე იქნება დამოკიდებული.

გასულ კვირას შეერთებული შტატების მოსახლეობის აღწერის ბიურომ ამერიკის მოსახლეობის შესახებ ოფიციალური მონაცემების კრებული გამოაქვეყნა. მონაცემთა კრებულში აღნიშნულია, რომ იმიგრანტები შეერთებული შტატების გარემოს სწრაფად ეგუებიან. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ქვეყნის მოსახლეობის შემდგომი ზრდა ესპანური წარმოშობის უმცირესობაზე იქნება დამოკიდებული, იუწყება "ამერიკის ხმის" კორესპონდენტი ჯერომ სოკოლოვსკი ვაშინგტონიდან.

წელს მოსახლეობის აღწერის ეფექტური წარმართვის მიზნით შეერთებული შტატების მოსახლეობის აღწერის ბიურომ სატელევიზიო განცხადებები განათავსა. განცხადებებში ბიუროს დირექტორმა რობერტ გროუვზმა აღნიშნა, რომ მოსახლეობის ოფიციალური აღრიცხვა კონსტიტუციის შესაბამისი დებულების თანახმად ათწლეულში ერთხელ იმართება:

„2010 წლის 1 აპრილისთვის, 2010 წლის მოსახლეობის აღწერის თანახმად, შეერთებული შტატების მოსახლეობა 308,745,538 ადამიანს შეადგენს “- განაცხადა მოსახლეობის აღწერის ბიუროს დირექტორმა სატელევიზიო განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ ხსენებული ციფრი კონგრესში ადგილების რაოდენობას განსაზღვრავს. მოსახლეობის აღწერის ბიუროს ამ მონაცემის მისაღწევად დიდი ძალისხმევა დასჭირდა. ამერიკული საზოგადოების გამოკვლევა შეერთებული შტატების მოსახლეობაზე დეტალურ მონაცემებს შეიცავს, სიმდიდრის განაწილების, განათლების დონისა და ეთნიკური მრავალფეროვნების ჩათვლით.

ამერიკული საზოგადოების გამოკვლევა ხუთი წლის მანძილზე შეკრებილი 11 მილიარდი სტატისტიკური შეფასების ერთობლიობას წარმოადგენს. ვაშინგტონში მდებარე ანალიტიკური ორგანიზაცია ბრუკინგსის ინსტიტუტის თანამშრომელი ვილიამ ფრეი აღნიშნავს, რომ ხსენებულ მონაცემთა ბაზა დემოგრაფიის საკითხების სპეციალისტებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი ინფორმაციის წყაროს წარმოადგენს:

„ვიდრე მოსახლეობის უკანასკნელი აღწერა ჩატარდა, ჩვენ ყოველ ათწლეულს ახალ აღწერას ველით. ასე, მაგალითად, მსგავსი აღწერა 1960, 1970, 1980, 1990, და 2000 წელს ჩატარდა. ამდენად ათი წლის მანძილზე ვიდრე შემდეგი აღწერა არ ჩატარდება, ჩვენ, როგორც წესი, ახალ ინფორმაციას არ ვფლობთ “ - აღნიშნა ამერიკელმა დემოგრაფიის საკითხების ექსპერტმა.

ამერიკული საზოგადოების გამოკვლევის თანახმად, შეერთებულ შტატებში მცხოვრები მოსახლეობიდან 37 მილიონი საზღვარგარეთ არის დაბადებული. ამ მონაცემში როგორც ლეგალურად ისე არალეგალურად მცხოვრები პირები შედიან. აღსანიშნავია, რომ გასული ათწლეულის მანძილზე საზღვარგარეთ დაბადებულთა რიცხვი ექვსი მილიონით გაიზარდა.

ფრეი აღნიშნავს, რომ ახალი მონაცემები მეტყველებს იმაზე, რომ იმიგრანტების დასახლების განაწილება პირველად მნიშვნელოვნად განსხვავდება წინათ ჩამოსული ჯგუფებისგან. წარსულში ახლადჩამოსული იმიგრანტები, როგორც წესი, ნიუ იორკში, მაიამიში, ჩიკაგოში, ლოს ანჟელესსა და სხვა დიდ ქალაქებში იყრიდნენ თავს.

„წარსულში შეერთებულ შტატებში ჩამოსული იმიგრანტები ჯერ ქალაქებში იყრიდნენ თავს, სადაც ისინი ნათესავებს ან უბრალოდ თანამემამულეებს ეკედლებოდნენ. მაგრამ ამჟამად მდგომარეობა აშკარად შეიცვალა და ახალი იმიგრანტების დაახლოებით ნახევარზე მეტი გარე უბნებში სახლდებიან “- აღნიშნა ფრეიმ.

ლათინურ ამერიკული წარმოშობის იმიგრანტები ყველაზე მსხვილ ჯგუფს შეადგენენ, რომელშიც დაახლოებით 20 მილიონი პირია გაწევრიანებული. ხოლო აზიური წარმოშობის პირები მეორე ადგილს იკავებენ და მათი რიცხვი 10 მილიონს შეადგენს.

ფრეი აღნიშნავს, რომ ესპანურად მოლაპარაკე იმიგრანტები სახლდებიან ისეთ ქალაქებში, როგორიცაა პენსილვანიის შტატში მდებარე სკრენტონი ან ტენესისი შტატში განლაგებული ნეშვილი, სადაც წარსულში ესპანურად მოლაპარაკე მოსახლეობა საერთოდ არ არსებობდა.

ნიუ იორკის უნივერსიტეტის იმიგრაციის საკითხების პროფესორს მარჩელო სუარეზ-ოროზკოს მიაჩნია, რომ მოსახლეობის აღწერის მონაცემები ამერიკაში შექმნილ მდგომარეობას კარგად ასახავს:

„შედეგად შეგვიძლია დავასკვნათ, რომ იმიგრაციას ჩვენს საზოგადოებაში ღრმად აქვს გადგმული ფესვები. ამ ფენომენს ჩვენ ყველგან ვაწყდებით “- აღნიშნა პროფესორმა.

თუმცა სუარეზ-ოროზკო შიშობს, რომ მომავალი უღრუბლო არ იქნება:

„მართალია უდავოდ იმედისმომცემია ის, რომ ესპანურად მოლაპარაკე იმიგრანტები წინა თაობების მსგავსად, ამერიკულ საზოგადოებაში სწრაფ ინტეგრაციას განიცდიან, ახლა საკითხავი ის არის თუ რამდენად საკმარისია ეს?“ - დასძენს იმიგრაციის ექსპერტი.

სუარეზ-ოროზკოს აღევლებს ის, რომ ესპანურად მოლაპარაკე ახალგაზრდა იმიგრანტებს შორის განათლების შედარებით დაბალი დონე შეინიშნება, რაც მეტყველებს იმაზე, რომ ახალი ეკონომიკის გარკვეულ სექტორში, სადაც ცოდნის მაღალი დონე სავალდებულოა, ისინი წარმატებას ვერ მიაღწევენ. ეს კი მნიშვნელოვანია, რადგან პროფესორის აზრით, მოსახლეობის სამომავლო ზრდის 80 პროცენტზე მეტი სწორედ ესპანურად მოლაპარაკე იმიგრანტებზე მოვა.

XS
SM
MD
LG