ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამას ადმინისტრაცია ავღანეთში აშშ-ს სტრატეგიას აფასებს


ობამას ადმინისტრაცია ავღანეთში აშშ-ს სტრატეგიას აფასებს

პრეზიდენტი ობამას განცხადებით, შეერთებული შტატები ავღანეთიდან ჯარების გაყვანას მომავალი წლის ივლისში დაიწყებს.

ხუთშაბათს პრეზიდენტ ბარაკ ობამას ადმინისტრაციამ ავღანეთში შეერთებული შტატების სტრატეგიის შეფასება გამოაქვეყნა.

როგორც "ამერიკის ხმის" კორესპონდენტი რავი ხანა იუწყება, მიმოხილვაში პრეზიდენტი ბარაკ ობამა აღნიშნავს, რომ ავღანეთში ალ ყაიდასა და თალიბების წინააღმდეგ მიმართულ ბრძოლაში, მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა. პრეზიდენტის თქმით, შეერთებული შტატები ავღანეთიდან ჯარების გაყვანას მომავალი წლის ივლისში დაიწყებს.

მაგრამ ბატონმა ობამამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამხედრო ძალების გაყვანის განრიგი, ავღანეთში შექმნილ მდგომარეობაზე იქნება დამოკიდებული. პრეზიდენტის განცხადებით, ავღანეთში ომის წარმართვა კვლავინდებურად „ძალიან რთულ გამოწვევას“ წარმოადგენს.

აღსანიშნავია, რომ ობამას ადმინისტრაციის ავღანეთში ომის წარმართვის შეფასება გამოქვეყნდა ერთი წლის შემდეგ, რაც პრეზიდენტმა იქ დამატებითი საჯარისო ნაწილების გაგზავნის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.

ხუთშაბათს, ავღანეთში შეერთებული შტატების სტრატეგიის შეფასების გამოქვეყნებასთან დაკავშირებულ საგანგებო პრესბრიფინგს, პრეზიდენტის გარდა, სახელმწიფო მდივანი და თავდაცვის მინისტრი ესწრებოდნენ. ობამამ აღნიშნა, რომ შეერთებული შტატების სტრატეგია ავღანეთში, ყველა საფრთხის აღმოფხვრას არ ითვალისწინებს:

„ეს არ არის სახელმწიფო აღმშენებლობის პროცესი, რადგან ამ პროცესს თვით ავღანელები უნდა გაუძღვნენ. ჩვენ პრიორიტეტს ავღანეთსა და პაკისტანში ალ ყაიდას ალაგმვა, დაშლა და დამარცხება წარმოადგენს “ - განაცხადა პრეზიდენტმა.

ბატონმა ობამამ აღნიშნა, რომ პაკისტანში უსაფრთხოების სფეროში პროგრესი ნელი ტემპით მიმდინარეობს, რადგან ტერორისტები იქ ტომებით დასახლებულ რეგიონებს თავს აფარებენ:

„ჩვენ კვლავინდებურად მოვითხოვთ პაკისტანის ლიდერებისგან, რომ მათ პაკისტანის ტერიტორიაზე არსებული ტერორისტების თავშესაფრები უნდა ალაგმონ “- განაცხადა პრეზიდენტმა.

თავდაცვის მინისტრმა რობერტ გეიტსმა კი აღნიშნა, რომ ავღანეთიდან შეერთებული შტატების სამხედრო ძალები გავა მაშინ, როცა ავღანეთის სამხედრო ძალები სათანადოდ გაძლიერდება, ხოლო თალიბი მეამბოხეების მოძრაობა შესაბამისად შესუსტდება.

გეიტსმა პაკისტანის მთავრობის ქვეყნის ტერიტორიაზე მოთარეშე ავღანელი მეამბოხეების წინააღმდეგ მიმართული ძალისხმევა დადებითად შეაფასა:

„პაკისტანმა ავღანეთის ხელისუფლებასთან და ავღანეთში კოალიციური ძალების სარდლობასთან შეთანხმებით, ავღანეთის საზღვრის გაყოლებით განლაგებული ექსტრემისტების თავშესაფრების აღმოფხვრის მიზნით, 140,000 ჯარისკაცი გაგზავნა" - აღნიშნა ამერიკის თავდაცვის მინისტრმა.

სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა განაცხადა, რომ ავღანეთის სტრატეგიის სამოქალაქო კომპონენტმა მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია:

„ორ წელიწადზე ნაკლებ დროში ჩვენ პირადი სამოქალაქო შემადგენლობა 320-დან 1,100-მდე გავზარდეთ. დასახული ამოცანების მიღწევა სამოქალაქო პირების, ჩვენი სამხედროებისა და ჩვენი ავღანელი და საერთაშორისო პარტნიორების მჭიდრო თანამშრომლობას მოითხოვს" - განაცხადა ჰილარი კლინტონმა.

ვაშინგტონში მდებარე ატლანტიკური საბჭოს ანალიტიკოსი შუჯა ნავაზი აღნიშნავს, რომ ობამას ადმინისტრაციის ავღანეთში შეერთებული შტატების სტრატეგიის შეფასებაში, მისთვის მოულოდნელი არაფერი იყო. მას მიაჩნია, რომ ჯარების გაყვანაზე ლაპარაკი ნაადრევია და რომ ავღანეთში შექმნილი მდგომარეობის უფრო ზუსტ შეფასებას, ალბათ მომავალი წლის ივლისში უნდა ველოდოთ.

XS
SM
MD
LG