ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ახლო აღმოსავლეთის მოვლენათა შემაჯამებელი მიმოხილვა


ახლო აღმოსავლეთის მოვლენათა შემაჯამებელი მიმოხილვა
ახლო აღმოსავლეთის მოვლენათა შემაჯამებელი მიმოხილვა

წლის დასაწყისში შეერთებული შტატების მთავრობამ სამშვიდობო პროცესის განახლებისკენ მიმართული დიპლომატიური ძალისხმევა საგრძნობლად გაააქტიურა.

2010 წელს ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის მოგვარების საქმეში მნიშვნელოვანი მიღწევები დაფიქსირდა.

მაგრამ როგორც "ამერიკის ხმის" კორესპონდენტი ლუის რამირესი იერუსალიმიდან იუწყება, მიმდინარე წლის მიწურულს მოლაპარაკებათა პროცესი ჩიხში შევიდა. ხოლო მხარეები ისეთ სადავო საკითხებთან დაკავშირებით, როგორიც არის სახელმწიფო საზღვრების დემარკაცია, ისრაელის მიერ ოკუპირებულ მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე უკანონო ებრაული დასახლებების მშენებლობა და იერუსალიმის სტატუსი ურთიერთსაწინააღმდეგო პოზიციებს იკავებენ.

ყოველი წლის მიწურულს მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე მდებარე ქალაქ ნაბლუსის მახლობლად მცხოვრები პალესტინელი ფერმერი იმრან აკრამი ზეთისხილის მოსავალს კრეფს. წელს მას მოსავალი არ დაუტოვეს. იგი ხეების გადარჩენას ცდილობს მას შემდეგ, რაც ახლომდებარე ებრაული დასახლების მცხოვრებლებმა მის ნაკვეთზე თავდასხმა მოაწყვეს. ებრაული დასახლებიდან მოსულმა თავდამსხმელებმა ზეთისხილის ხეები მოჭრეს. მათ სურთ, რომ იმრან აკრამმა მისი ნაკვეთი დატოვოს და გადასხლდეს.

იმრან აკრამისთვის 2010 წელი იმედით დაიწყო. მას ეგონა, რომ შეერთებული შტატების ეგიდით დაწყებული სამშვიდობო მოლაპარაკებები ისრაელის ოკუპაციას ბოლოს მოუღებდა, მაგრამ, როგორც ჩანს, მისი იმედი არ გამართლდა:

„ვიდრე მოლაპარაკებები დაიწყო, მე მქონდა იმედი, რომ მოლაპარაკებები წარმატებული იქნება და ჩვენ მშვიდობას მივაღწევთ. სამწუხაროდ, ყველაფერი წარუმატებლობით დასრულდა“ - აღნიშნავს პალესტინელი ფერმერი.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის დასაწყისში შეერთებული შტატების მთავრობამ სამშვიდობო პროცესის განახლებისკენ მიმართული დიპლომატიური ძალისხმევა საგრძნობლად გაააქტიურა. ამ მიზნით, პრეზიდენტმა ობამამ რეგიონში საგანგებო წარგზავნილი ჯორჯ მიტჩელი მიავლინა.

მაისში არაბულ სახელმწიფოთა ლიგამ არაპირდაპირი მოლაპარაკებები მოიწონა. პალესტინური მხარის მთავარმა მომლაპარაკებელმა საებ ერეყატმა ამასთან დაკავშირებით აღნიშნა:

„ის, რაც ჩვენ დღეს ამერიკელებისგან მივიღეთ, ჩვენ მოთხოვნებს აკმაყოფილებს და ვიმედოვნებთ, რომ სიტყვებს საქმე მოჰყვება.“

პალესტინელები აღნიშნავდნენ, რომ ისინი ისრაელთან პირდაპირ მოლაპარაკებებზე მხოლოდ მაშინ დათანხმდებიან თუ თელ ავივი მდინარე იორდანეს ოკუპირებულ დასავლეთ ნაპირზე დასახლებების მშენებელობას შეწყვეტს. შეერთებული შტატების მთავრობამ ისრაელზე ზეწოლა მოახდინა, რის შედეგადაც თელ ავივმა კეთილი ნების ნიშნად ებრაული დასახლებების მშენებლობაზე ათთვიანი მორატორიუმი დააწესა.

შედეგად სექტემბრის დასაწყისში მხარეებს შორის პირდაპირი მოლაპარაკებები დაიწყო:

„აქ ყოფნით თითოეულმა თქვენგანმა მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა, რათა თქვენი ხალხები ისტორიის ბორკილებისგან გათავისუფლდნენ, რათა თქვენ მშვიდობიან და ღირსეულ მშვიდობას მიაღწიოთ, რომელსაც მხოლოდ თქვენ შექმნით" - აღნიშნა მოლაპარაკებების გახნის დროს, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა.

მაგრამ მშვიდობის იმედი ნაადრევი აღმოჩნდა. სულ რამდენიმე კვირაში ისრაელის მთავრობამ დასახლებების მშენებლობაზე დაწესებული მორატორიუმი არ გააგრძელა. დასახლებების მშენებლობა გაგრძელდა. პალესტინელებმა მოლაპარაკებების მაგიდა მიატოვეს. ხოლო შეერთებული შტატების საგანგებო წარგზავნილი ჯორჯ მიტჩელი რეგიონში დაბრუნდა:

„ჩვენ მხარეებს შორის საერთო პოზიციების გამონახვას ვცდილობთ რათა მოლაპარაკებები გაგრძელდეს “- აღნიშნა მიტჩელმა.

დასახლებების მშენებლობის შეწყვეტის სანაცვლოდ, შეერთებულმა შტატებმა ისრაელის მთავრობას უახლესი გამანადგურებლები და დიპლომატიური გარანტიები შესთავაზა.

ისრაელის მთავრობამ ამ შემოთავაზებას ყოყმანით უპასუხა და დეკემბრის დასაწყისში ვაშინგტონმა მასზე უარი თქვა.

ამასობაში ისრაელის მოსახლეობის უმრავლესობას სურს, რომ ისრაელის მთავრობამ პალესტინელებთან მოლაპარაკებებისგან თავი შეიკავოს.

2010 წლის მიწურულს სამშვიდობო პროცესი ჩიხში შევიდა და მომავალი წელი არ იძლევა იმის იმედს, რომ კონფლიქტი ახლო აღმოსავლეთში მალე დასრულდება.

XS
SM
MD
LG