ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატის მომხრეებს ზედამხედველობა დაუწესდათ


ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატის მომხრეებს ზედამხედველობა დაუწესდათ
ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატის მომხრეებს ზედამხედველობა დაუწესდათ

საცხოვრებელი სახლის შემოსასვლელში საგუშაგო გაიხსნა, სადაც ყველა შემსვლელის ვინაობას ადასტურებენ.

პატიმრობაში მყოფი ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატის, ჩინელი დისიდენტის ლიუ შიაობოს მომხრეებზე ჩინეთის ხელისუფლებამ ზედამხედველობა დააწესა

ნობელის სახელობის კომიტეტმა დღეს ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში გამართულ ცერემონიაზე ციხეში მყოფი ჩინელი დისიდენტი ლიუ შიაობო მშვიდობის პრემიით დააჯილდოვა.

როგორც "ამერიკის ხმის" კორესპონდენტი სტეფანი ჰო პეკინიდან იუწყება, ჩინეთის ხელისუფლებამ ლიუ შიაობოს მომხრეებზე სადღეღამისო ზედამხედველობა დააწესა.

ჩინეთის მთავრობამ უსაფრთხოების ზომები მნიშვნელოვნად გააძლიერა იმ საცხოვრებელი სახლის წინ, სადაც ლიუ შიაობოს ცოლი ლიუ შია საშინაო პატიმრობაში იმყოფება მას შემდეგ, რაც ოქტომბერში ნობელის სახელობის კომიტეტმა მისი მეუღლის მშვიდობის პრემიით დაჯილდოვების შესახებ განცხადება გააკეთა.

საცხოვრებელი სახლის შემოსასვლელში საგუშაგო გაიხსნა, სადაც ყველა შემსვლელის ვინაობას ადასტურებენ. ხოლო ახლო მდებარე ტერიტორიაზე ყველგან პოლიციის მანქანები დგას და ქუჩებს უსაფრთხოების სამსახურის აგენტები პატრულირებენ.

აღსანიშნავია, რომ ლიუ შიაობოს მომხრეების ერთი ნაწილი საშიანო პატიმრობაში იმყოფება, ხოლო დანარჩენებზე ჩინეთის მთავრობამ მკაცრი ზედამხედველობა დააწესა.

დღეს ადვოკატმა პუ ჟიქიანგმა საჯაროდ განაცხადა, რომ ერთი დღით ადრე მას უსაფრთხოების სამსახურის აგენტები უთვალთვალებდნენ და როცა იგი პეკინის გარეუბანს საქმიანი ვიზიტით ესტუმრა, ისინი მას მოჰყვებოდნენ.

პუ აღნიშნავს, რომ აგენტები მას ნობელის პრემიის გადაცემის ცერემონიის გამო დასდევდნენ. მას მიაჩნია, რომ ჩინეთის მთავრობა ამ ღონისძიების გამო შეშინებულია. უსაფრთხოების სამსახურის აგენტებმა მას მოახსენეს, რომ მასზე დაწესებული ზედამხედველობა ხვალ დამთავრდება, აღნიშნავს ჩინელი ადვოკატი.

სხვებს, ჩინელი ჟურნალისტის ლი დატონგის მსგავსად, საზღვარგარეთ გასვლა აუკრძალეს.

ლის მიაჩნია, რომ იგი საზღვარგარეთ ალბათ იანვრის ბოლომდე ვერ წავა.

მიმდინარე კვირის მანძილზე ორგანიზებულ პრეს ბრიფინგებზე ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელს ჯიანგ იუს ლიუ შიაობოს მომხრეებზე დაწესებულ შეზღუდვებთან დაკავშირებით, რამდენიმეჯერ კითხვა დაუსვეს. მას აგრეთვე ჰკითხეს იმის თაობაზე ,თუ რატომ იმყოფება ლიუ შიაობოს მეუღლე საშინაო პატიმრობაში მიუხედავად იმისა, რომ მას არავითარი დანაშაული არ ჩაუდენია.

მსგავსი კითხვების სიხშირის მიუხედავად ჯიანგმა პასუხისგან თავი შეიკავა.

ჯიანგმა აღნიშნა, რომ ჟურნალისტებმა კითხვებით ჩინეთის ხელისუფლების „კომპეტენტურ“ უწყებებს უნდა მიმართონ. მან აგრეთვე გავრცელებული ცნობების სისწორეში ეჭვი შეიტანა.

ნობელის კომიტეტმა ლიუ შიაობოს მშვიდობის პრემია „ჩინეთში ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვის სფეროში არაძალისმიერი მეთოდებით გაწეული საქმიანობის“ გამო გადასცა. ლიუ შიაობო ჩინეთში დისიდენტურ საქმიაობას დიდი ხნის მანძილზე ეწევა. მან მერვე ქარტიის დაარსებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. მერვე ქარტია წარმოადგენს მანიფესტს, რომელიც ჩინეთის მთავრობას ქვეყანაში აზრის გამოხატვის თავისუფლების დაცვასა და პოლიტიკური რეფორმების გატარებას მოუწოდებს. ჩინეთის ხელისუფლებამ ლი შიაობო ორი წლის წინ დააპატიმრა. გასულ წელს მას ხელისუფლების დამხობის ბრალდებით 11 წელი მიუსაჯეს.

ჩინეთის ოფიციალური პირები აღნიშნავენ, რომ ლიუ შიაობომ სისხლის სამართლის კანონმდებლობა დაარღვია. ამდენად ჩინეთის ხელისუფლების თვალსაზრისით, ჩინელი დამნაშავისთვის ნობელის პრემიის გადაცემა ჩინეთს შეურაცხყოფს და ქვეყნის შინაგან საქმეებში უხეშ ჩარევას წარმოადგენს.

ჩინეთის მთავრობის წინააღმდეგობის მიუხედავად, დღეს ნობელის პრემიის გადაცემის ცერემონია მაინც გაიმართა. თუმცა იმის გამო, რომ ჩინეთის ხელისუფლებამ ლიუ შიაობოს ოჯახის წევრებს ცერემონიაზე დასწრების უფლება არ მისცა, ნობელის მშვიდობის პრემიის გადაცემა ვერ მოხერხდა.

ხოლო ჩინეთის საინფორმაციო საშუალებებში ცნობები ლიუ შიაობოსა და ნობელის პრემიის გადაცემის შესახებ განგებ დაიბლოკა.

XS
SM
MD
LG