ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ს მთავრობაში გადასახადებთან დაკავშირებული დებატები იმართება


აშშ-ს მთავრობაში გადასახადებთან დაკავშირებული დებატები იმართება

რესპუბლიკელი და დემოკრატი სენატორები კვლავინდებურად უკომპრომისო პოზიციებს იკავებენ.

მას შემდეგ, რაც მიმდინარე კვირის დასაწყისში პრეზიდენტმა ობამამ ქვეყნის ყველაზე აქტუალური პრობლემების გადაჭრის მიზნით, ამერიკელ კანონმდებლებს მოუწოდა პარტიული ინტერესები დაივიწყონ, რესპუბლიკელი და დემოკრატი სენატორები ფედერალურ გადასახადებთან, შეერთებული შტატების საბიუჯეტო დეფიციტის შემცირებასა და ეკონომიკის მასტიმულირებელი ზომების მიღებასთან დაკავშირებით, კვლავინდებურად უკომპრომისო პოზიციებს იკავებენ.

როგორც "ამერიკის ხმის" კორესპონდენტი მაიკლ ბოუმანი კაპიტოლიუმიდან იუწყება, რომ წელს კონგრესის ბოლო სამუშაო სესიის დროს, ყველა ზემოთჩამოთვლილი საკითხის განხილვა ალბათ ვერ მოხერხდება.

მომავალ წელს რესპუბლიკელები წარმომადგენელთა პალატაში ადგილების უმრავლესობას მოიპოვებენ. ამას გარდა, რესპუბლიკელების რიცხვი სენატში მნიშვნელოვნად გაიზრდება. მთავრობაში სერიოზული განხეთქილების ფონზე მიმდინარე კვირის დასაწყისში, საკანონმდებლო საქმიანობის დასაგეგმად პრეზიდენტი ობამა კონგრესის ორივე პარტიის ლიდერებს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ მან განაცხადა:

„ვფიქრობ ეს ნაყოფიერი შეხვედრა იყო. მიმაჩნია, რომ ხალხი ამ შეხვედრაზე ერთმანეთთან თანამშრომლობის სურვილით მოვიდა. ჩემი აზრით, ეს კარგი დასაწყისია. ყველას კარგად ესმის, რომ ამერიკელებს სურთ, რომ ჩვენ ყურადღება სამუშაო ადგილების შექმნას უნდა დავუთმოთ.“

რესპუბლიკელი ლიდერების საჯარო განცხადებებში იგივე განწყობა შეინიშნებოდა. რესპუბლიკელები დათანხმდნენ პრეზიდენტის შემოთავაზებაზე, რომლის თანახმადაც, კონგრესში ორივე პარტიის წარმომადგენლები ფედერალურ გადასახადებსა და სახელმწიფო დანახარჯებთან დაკავშირებით, ორპარტიული გარიგების შემუშავების მიზნით, ადმინისტრაციის ოფიციალურ პირებს შეხვდებიან.

მაგრამ თეთრ სახლში გამართული შეხვედრიდან სულ ცოტა ხანში, დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორის არსებული დაძაბულობა გაიზარდა და კონგრესში გადაინაცვლა.

შეერთებულ შტატებში მაღალი უმუშევრობისა და მზარდი ეროვნული დავალიანების ფონზე, რესპუბლიკელმა სენატორმა ტენესის შტატიდან ლამარ ალექსანდერმა დემოკრატები მცდარი სამოქმედო გეგმის განხორციელებაში დაადანაშაულა, რაც ამერიკელმა ამომრჩევლებმა გასულ თვეს გამართულ კონგრესის შუალედურ არჩევნებში უარყვეს.

დემოკრატებს საგადასახადო შეღავათების გაგრძელება, მოსახლეობის თითქმის ყველა საშემოსავლო ჯგუფისთვის სურთ, ყველაზე მდიდარი პირების გარდა. ისინი აგრეთვე უმუშევარი ამერიკელებისთვის უმუშევრობის სოციალური დახმარების შეღავათების გაგრძელებას აპირებენ.

ამას გარდა, პრეზიდენტმა ობამამ სენატისგან რუსეთთან სტარტის სახელით ცნობილი სტრატეგიული შეიარაღების შემცირების ახალი ხელშეკრულების რატიფიცირება დაჟინებით მოითხოვა. დემოკრატებს საკანონმდებლო საქმიანობის პრიორიტეტებში შეიარაღებულ ძალებში ჰომოსექსუალისტების მიღება და შეერთებულ შტატებში არალეგალურად მყოფი კარგად მოსწავლე ან სამხედრო ძალებში მომსახურე ახალგაზრდების დარჩენასთან დაკავშირებული დებულების შეტანა სურთ.

რესპუბლიკელები აღნიშნავენ, რომ მათთვის ერთადერთ უმთავრეს პრიორიტეტს ეკონომიკა წარმოადგენს. სენატში რესპუბლიკური უმცირესობის ლიდერმა მიტჩ მაკონელმა აღნიშნა:

„უწინარეს ყოვლისა, ჩვენ მომავალი წლისთვის ამერიკელი ხალხისთვის გადასახადების დონე უნდა განვსაზღვროთ.“

რესპუბლიკელები გამუდმებით ამტკიცებენ, რომ მოსახლეობის ყველა საშემოსავლო ჯგუფი, მილიონრების ჩათვლით, საგადასახადო შეღავათებს იმსახურებს. ისინი იმუქრებიან, რომ იმ შემთხვევაში, თუ დემოკრატებმა მდიდრებისთვის გადასახადების გაზრდის ინიციატივა წამოაეყენეს, ისინი მას უთუოდ დაბლოკავენ. რესპუბლიკელები აღნიშნავენ, რომ გადასახადების გაზრდა, ისედაც შესუსტებულ ამერიკის ეკონომიკას, ძირს გამოუთხრის.

დემოკრატები კი აღნიშნავენ, რომ მდიდრებისთვის საგადასახადო შეღავათების შენარჩუნება ქვეყნის ეროვნულ დავალიანებას, შემდეგი ათი წლის მანძილზე 700 მილიარდი დოლარით გაზრდის.

გავრცელებული ცნობების თანახმად, კანონმდებლები მუშაობენ კომპრომისზე, რომელიც მოსახლეობის ყველა საშემოსავლო ჯგუფისთვის დროებითი საგადასახადო შეღავათების შემოღების სანაცვლოდ, უმუშევრებისთვის სოციალური დახმარების გაგრძელებას ითვალისწინებს, რასაც დემოკრატები ითხოვენ.

XS
SM
MD
LG