ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქველმოქმედო აქცია ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა დასახმარებლად


საქველმოქმედო აქცია ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა დასახმარებლად
საქველმოქმედო აქცია ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა დასახმარებლად

ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს ესაჭიროებათ ძვირადღირებული მედიკამენტები, ქიმიოთერაპიის პროცედურები.

საქართველოში ყოველ წელს ლეიკემიით დაავადების 50 ახალი შემთხვევა ფიქსირდება. განკურნების მაჩვენებელი საქართველოში უფრო დაბალია, ვიდრე ევროპის ქვეყნებში. ერთადერთი ცენტრი, სადაც ლეიკემიით დაავადებული ბავშვები გადიან მკურნალობას, არის იაშვილის სახელობის რესპუბლიკური კლინიკა.

ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს ესაჭიროებათ ძვირადღირებული მედიკამენტები, ქიმიოთერაპიის პროცედურები. დაავადებულ ბავშვებს, მათ მშობლებს სჭირდებათ დახმარება, ამ დახმარებას მათ უკვე 15 წელი უწევს ორგანიზაცია ”საქართველოს ამერიკელი მეგობრები”, რომელიც 15 წლის წინ დააფუძნა ვაშინგტონში მარუსა ჭავჭავაძემ, თბილისში ამ ორგანიზაციის ფილიალს ლენა კილაძე ხელმძღვანელობს.

”საქართველოს ამერიკელი მეგობრები” ყოველ წელს აწყობს თბილისში საქველმოქმედო აქციას, ასეთი აქცია გუშინ საღამოს სასტუმრო "რედისონში" გაიმართა. აქციაზე მოსაწვევი ღირდა 100 დოლარი, საღამოზე ჩატარდა ასევე აუქციონი.

ცნობილმა ქართველმა მხატვრებმა თავიანთი ნამუშევრები აქციას საჩუქრად გადასცეს, რომლებიც აუქციონზე გაიყიდა. მაგალითად, გოგი ალექსი-მესხიშვილის სურათი 7 625 დოლარად გაიყიდა.

"შემოსული თანხა რისკის ქვეშ მყოფ ბავშვებს და ომში დაზარალებულ ბავშვებს მოხმარდება"- ამბობს თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ლენა კილაძე.

საქველმოქმედო საღამო გახსნა აშშ-ის ელჩმა ჯონ ბასმა. აქციის მონაწილეებს საქართველოს პირველი ლედი, სანდრა რულოვსი მიესალმა. მან ”საქართველოს ამერიკელ მეგობრებს” 15 წლის იუბილე მიულოცა და საქველმოქმედო მოღვაწეობაში წარმატებები უსურვა.

საქველმოქმედო აქციაში მონაწილეობა მიიღო ერთ-ერთმა სპონსორმა, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ორი შვილის მამამ დავით კეზერაშვილმა, რომელიც ამბობს, რომ:

"საქართველოში, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ბევრ ადამიანს სჭირდება დახმარება და ყველას, ვისაც შეუძლია ხალხს დაეხმაროს - უნდა დაეხმაროს!"

აქციის გენერალურმა სპონსორმა , საქართველოს ლატარიების კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ავთანდილ წერეთელმა ”ამერიკის ხმასთან” საუბრისას აღნიშნა, რომ კომპანიის ერთ-ერთი პრიორიტეტი ქველმოქმედებაა.

მხატვარ გია გუგუშვილის სურათი აუქციონზე აშშ-ს ელჩმა ჯონ ბასმა შეიძინა.

”საქართველოს ამერიკელ მეგობრებს” საქველმოქმედო აქციის ჩატარებაში მხარი დაუჭირეს აშშ-ს საელჩომ, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა, სტუმრებმა აშშ-დან, საქართველოს მთავრობის, ბიზნესის წარმომადგენლებმა, თბილისის მერიამ.

XS
SM
MD
LG