2006 წლიდან სახალხო დამცველის აპარატი ფსიქიატრიულ დაწესებულებებში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობაზე მონიტორინგს ახორციელებს. მიმდინარე, 2010 წელს სახალხო დამცველის აპარატის სპეციალურმა პრევენციულმა ჯგუფმა მონიტორინგი საქართველოს 6 ფსიქიატრიულ დაწესებულებაში განახორციელა : თბილისში - ასათიანის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში, სადაც 223 პაციენტი იყო სტაციონირებული და თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში - სადაც 49 პაციენტი მკურნალობდა; ბედიანის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში - 102 პაციენტი ; სურამში ალექსანდრე ქაჯაიას სახელობის სურამის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში 82 პაციენტი ; ქუთირის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში 471 პაციენტი და 86 პაციენტი იყო სტაციონირებული ბათუმის რესპუბლიკურ ფსიქონევროლოგიურ საავადმყოფოში .
"მდგომარეობა ფსიქიატრიულ კლინიკებში არის საკმაოდ რთული და მძიმე" - ამბობს სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში მონიტორინგის შედეგებზე დაყრდნობით:
” მდგომარეობა ფსიქიატრიულ კლინიკებში მთელი რიგი მიმართულებებით კრიტიკას ვერ უძლებს და საკმაოდ ქმედითი ნაბიჯების გადაგმას საჭიროებს. გარდა იმისა რომ პაციენტები საკმაოდ მძიმე საყოფაცხოვრებო პირობებში იმყოფებიან, მათთან მუშაობა არ ხდება, საკმაოდ მოძველებული მეთოდები გამოიყენება. კი, პაციენტებს ეძლევათ შესაბამისი რაოდენობის წამლები, მაგრამ არ ხდება მათთან მუშაობა, მულტიდისციპლინური მიდგომა არ გამოიყენება, რაც თანამედროვე ფსიქიატრიაში საკმაოდ მიღებული ფორმაა , მას ძალიან დიდი ნაწილი უკავია პაციენტის მკურნალობაში. პერსონალი საშუალო და ქვედა დონის ამ დაწესებულებებში არის საკმაოდ მოუმზადებები. გარდა ამისა, ის რომ 11 გრადუსი იყო ტემპერატურა თებერვალში ასათიანის სახელობის ინსტიტუტში, ესეც მიუთითებს იმაზე, რომ იქ შექმნილი პირობები ვერანაირ სტანდარტებს ვერ პასუხობს. ჩვენ შევაფასეთ ეს გარემო არა თუ როგორც გამოჯანმრთელებისთვის ხელშემწყობი, არამედ როგორც მადეგრადებელი, რომელიც კიდევ უფრო ამძიმებს პაციენტის მდგომარეობას, პაციენტებს უვითარდებათ სხვადასხა დაავადებები, რომლებიც არ არის დაკავშირებული უშუალოდ ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან, მაგრამ მათ არ მიუწვდებათ ხელი სათანადო სამედიცინო მომსახურებაზე. ძალიან ბევრს ამ დაწესებულებებში ჯანმრთელობა გაურთულდა ”.
სახალხო დამცველს მთავრობის მხარდაჭერის იმედი აქვს , გიორგი ტუღუში იმედოვნებს, რომ მომავალ 2 წელიწადში საქართველოს ფსიქიატრიაში სერიოზული ცვლილებები განხორციელდება .
თბილისის ასათიანის სახელობის ინსტიტუტი 1964 წელს აშენდა. მისი რეაბილიტაცია უფრო ძვირი დაჯდება, ვიდრე ახალი საავადმყოფოს აშენება - ამბობს ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი გიორგობიანი :
”უახლოეს მომავალში ჩვენ ველოდებით ინვესტორებს, ეკონომიკის სამინისტროც ამ საკითხზე მუშაობს. ვაპირებთ ასათიანის კლინიკის გაყიდვას და სხვა ტერიტორიულ ერთეულზე ახალი კლინიკის აშენებას, რომელშიც ყველა სტანდარტი იქნება გათვალისწინებული”...
ირაკლი გიორგობიანის თქმით, ახლო მომავალში ფსიქიატრიულ დაწესებულებებში სამედიცინო პერსონალი ევროპული და ამერიკული სტანდარტებით იხელმძღვანელებს .
უნდა აღინიშნოს, რომ 2010-ი წლისთვის ფსიქიატრიული დახმარების სახელმწიფო პროგრამის ბიუჯეტი 2006-ს წელთან შედარებით თითქმის 6 მილიონი ლარით გაიზარდა.