ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პენტაგონზე კიბერ თავდასხმის დეტალები


პენტაგონზე კიბერ თავდასხმის დეტალები

კომპიუტერული ვირუსი ახლო აღმოსავლეთში მდებარე ერთ-ერთი ამერიკული სამხედრო ბაზის კუთვნილ კომპიუტერში შეიყვანეს.

პენტაგონმა ამასწინათ შეერთებული შტატების თავდაცვის სისტემაში არსებულ კომპიუტერებზე 2008 წელს მომხდარი კიბერ თავდასხმის დეტალები გამოაქვეყნა.

შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის თანაშემწის უილიამ ლინის მიერ მომზადებულ მოხსენებაში ნათქვამია, რომ კომპიუტერული ვირუსი ახლო აღმოსავლეთში მდებარე ერთ-ერთი ამერიკული სამხედრო ბაზის კუთვნილ კომპიუტერში შეიყვანეს.

ამ თავდასხმამ ამერიკის თავდაცვის კომპიუტერული სისტემის მესვეურები ზედმეტი თავდაჯერებულობისგან გამოაფხიზლა.

შეერთებული შტატების თავდაცვის კომპიუტერულ სისტემაზე თავდასხმები უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში საგრძნობლად გაიზარდა მიუხედავად იმისა, რომ სამხედრო კომპიუტერული ქსელი დღეში ათასჯერ მაინც მოწმდება.

კიბერ უსაფრთხოების ექსპერტის დეივიდ გევირთზის განცხადებით, ლინის მოხსენების გამოქვეყნება ძალზე მნიშვნელოვანია, რადგან კარგად წარმოაჩენს ამერიკის წინაშე არსებულ საფრთხეებს. მისი თქმით:

“თუ კარგად დაუკვირდებით, საშიშროება უბრალო კომპიუტერული მეხსიერების ჩიპიდან წამოვიდა, რომელსაც ჩვენ ყოველდღიურად ვიყენებთ.“

ამგვარი ინფორმაციის გამოქვეყნება თავდაცვის სისტემაში მომუშავე პერსონალისთვისაც სასარგებლო იქნება. ბატონი გევირთზის განცხადებით:

“ ადრე ამ ხალხს ვერ წარმოედგინა, რომ უბრალო „აიპოდის“ საშუალებით შესაძლებელი იყო რაიმე საშიშროების შექმნა.“

ვაშინგტონელი ექსპერტის დინ ჩენგის განცხადებით, აღნიშნული მოხსენება თანამედროვე საინფორმაციო სისტემების და ტექნოლოგიების მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას :

“ ამ მოხსენებიდან გამომდინარე, ჩანს რომ შეერთებულ შტატებს კარგად ესმის ვითარების სირთულე და შესაბამის ზომებსაც იღებს, რათა პოტენციურმა მოწინააღმდეგემ გააცნობიეროს, რომ ამერიკის ეროვნული უსაფრთხოებისთვის აუცილებელი სასიცოცხლო ინტერესები არასოდეს იქნება დაუცველი.“

როგორც ინერნეტის უსაფრთხოების ალიანსის პრეზიდენტი ლარი კლინტონი აცხადებს:

“ საშიშროება დღითიდღე იზრდება, როგორც სახელმწიფო ისე კერძო სისტემებისთვის და სულ უფრო იზრდება იმ ხალხის რაოდენობა ვინც განგაშის ზარებს არისხებს.“

ლინის მოხსენებაში არ არის აღნიშნული, თუ ვინ იყო პასუხისმგებელი ამ თავდასხმაზე, აქ ლაპარაკია რომელიღაც უცხო ქვეყნის დაზვერვაზე და გამახვილებულია ყურადღება იმ გარემოებაზე, რომ ასზე მეტი უცხოური სპეცსამსახური ცდილობს შეერთებული შტატების თავდაცვის სისტემაში შეღწევას.

აღსანიშნავია, რომ კიბერ უსაფრთხოების უზრუნველყოფა არ არის მხოლოდ პენტაგონის პრობლემა. სხვადასხვა ქვეყნებზე მომუშავე ჰაკერები ასევე ცდილობენ შეერთებული შტატების სამოქალაქო სისტემებში შეღწევას. დეივიდ გევირთზის განცხადებით:

“ჩვენი ინფრასტრუქტურა მთლიანად ინტერნეტზეა დამოკიდებული, ჯანდაცვის სისტემიდან დაწყებული საგანგებო სიტუაციების სამსახურით დამთავრებული. ასე რომ, მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფა ძალზე მნიშვნელოვანია.“

ამ საფრთხეებთან გასამკლავებლად პენტაგონმა 2010 წლის მაისში სპეციალური ქვედანაყოფი შექმნა, რომელიც მთლიანად კიბერ უსაფრთხოების საკითხებზე იმუშავებს. ლინის მოხსენებაში ასევე აღნიშნულია კერძო სექტორში არსებული მიღწევების გამოყენების აუცილებლობა. მაგალითად საყოველთაოდ ცნობილი „აიფონი“ უფრო ნაკლებ დროში გამოიგონეს ვიდრე პენტაგონმა სამხედრო ბიუჯეტის კონგრესში წარდგენა და მისი დამტკიცება მოახერხა.

XS
SM
MD
LG