ავღანეთში მეომარი ბრიტანეთის არმია კარგავს საკუთარი ხალხის მხრადჭერას.
მაშინ როდესაც ივლისში ავღანეთში 15 ბრიტანელი ჯარისკაცი მოკლეს, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგები მიუთითებს, რომ ბრიტანელები სკეპტიკურად არიან განწყობილნი ავღანეთში მიმდინარე ომის მიმართ.
ავღანეთის სამხრეთში მდებარე სამხედრო ბაზიდან, უკუნეთ ღამეში, ჩინუკის ტიპის შვეულფრენებს ბრიტანელი ჯარისკაცები თალიბების საბრძანებელში გადაჰყავთ. ოპერაცია თორ შაზადა უდიდესია, რომელშიც ბრიტანელი ჯარისკაცები წელს მიიღებენ მონაწილეობას. მათ ავღანეთის არმიის ასობით ჯარისკაცი უჭერს მხარს. ოპერაციის მიზანი ჰელმანდის პროვინციის ქალაქ სეიდაბადის განთავისუფლებაა.
კოალიციური ძალების სარდლობა აცხადებს ,რომ სეიდაბადი თალიბთა მთავარი დასაყრდენია, სადაც ისინი თვითნაკეთ ბომბებს ამზადებენ, რომლებიც დიდ საშიშროებას უქმნიან დასავლეთის კოალიციას და მათ ავღანელ მოკავშირეებს.
როგორც ბრიტანელი ოფიცერი, კაპიტანი ბრედ პინო აცხადებს:“ ჩვენი ბიჭები ახლა პოზიციებს ამაგრებენ იმ შემთხევევაში თუ თალიბები თავდასხმას გაბედავენ. ცოტა ხანში კი პატრულირებას დავიწყებთ და მოწინააღმდეგის აღმოჩენას შევეცდებით.“
ბრიტანელი სამხედრო მეთაურები ამტკიცებენ რომ ოპერაცია წარმატებით მიმდინარეობს, თუმცა ავღანეთის ომი სულ უფრო კარგავს პოპულარობას მათ სამშობლოში, თუ იმასაც გავითვალისწინებთ რომ ივლისის თვე დიდი დანაკარგებით გამოირჩეოდა. ამ თვეს ავღანეთში 15 ბრიტანელი ჯარისკაცი დაიღუპა.
ამასობაში ინდოეთში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დევიდ კამერუნმა კიდევ ერთხელ განაცხადა რომ ავღანეთის ომი ბრიტანეთის ეროვნულ ინტერესებს ემსახურება, რადგან ამ ქვეყანას ტერორისტების თავდასხმისგან იცავს.
თუმცა როგორც პროფესორი მალკოლმ ჩალმერსი აცხადებს ამ რიტორიკის აღარავის აღარ სჯერა. მისი თქმით:“ ეს მთავრობა, თავის წინამორბედის მსგავსად,დღედაღამ ტერორიზმის გავრცელების საფრთხეზე ლაპარაკობს. თითქოს ავღანეთში ყოფნის აუცილებლობა იმითაა განპირობებული, რომ ამ ქვეყანაში თალიბები არ დაბრუნდნენ ხელისუფლების სათავეში და პაკისტანში გახიზნული ალ-ყაიდა ისევ არ გაძლიერდეს, რაც მომავალში ლონდონის ქუჩებში ტერაქტების მოწყობის ალბათობას ზრდის. მაგრამ ბრიტანელების უმარავლესობას ამ სიტყვების დიდი ხანია აღარ სჯერა.“
ავღანეთის სამხრეთში უზურგანის პროვინციაში ჰოლანდიელთა 2000 კაციანი სამხედრო კონტიგენტი გუდანაბადს იკრავს, მას შემდეგ რაც ამ ქვეყნის კოალიციური მთავრობა დაიშალა ავღანეთის ომთან დაკავშირებული უთანხმოების გამო. ჰოლანდიელებს მომავალი წლის დასაწყისში კანადელებიც მიყვებიან. მიუხედავად ამისა ნატოს ძალების ბრიგადის გენერალი იოზეფ ბლოცი აცხადებს, რომ დასვლეთის სამხედრო კოალიციას დაშლა არ ემუქრება. მისი თქმით:“ საერთაშიროს კოალიციის და ავღანეთის სამთავრობო ძალების რიცხვი იზრდება, ასე რომ ჩვენ საკმარისი შესაძლებლობები გაგვაჩნია ომის გაგრძელებისათვის.“
თუმცა პროფესორი ჩალმერსი აცხადებს რომ საზოგადოების მხარდაჭერა ავღანეთში მიღწეულ პროგრესზე იქნება დამოკიდებული და არა ჯარების რაოდენობაზე. მისი თქმით:“ თუ 2011 წლის ზაფხულისთვის ხალხი ვერ დაინახავს წარმატების ნიშნებს, მაშინ ვიეტნამის ომის მსგავსად, ერთ მშვენიერ დღეს შესაძლოა ბრიტანეთის და ამერიკის პოლიტიკურმა ლიდერებმა დაკარგონ საკუთარი მოსახლეობის მხრადაჭერა.“
დამოუკიდებელი სამხედრო ექსპერტების თვალსაზრისით ავღანეთში ტერორიზმის წინააღმდეგ მიმდინარე ომში მხოლოდ გადამწყვეტ წარმატებას შეუძლია გადაწონოს დასავლეთში გამეფებული აზრი რომ ამ ომის მოგება პრაქტიკულად შეუძლებელია.