ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გვესაუბრება აშშ მაუწყებელთა მმართველი საბჭოს წევრი ვიქტორ ეში


ბატონი ვიქტორი საქართველოში საქმიანი ვიზიტით იმყოფება. იგი დიდი სიამოვნებით დაგვთანხმდა ინტერვიუზე და მის საქართველოში ვიზიტზე ისაუბრა:

-„ეს ჩემი პირველი სტუმრობაა საქართველოში და ჩემთვის დიდად სასიამოვნოა ის, რომ ეს ვიზიტი ხორციელდება საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის მეურვეობით. ეს არაჩვეულებრივი ორგანიზაციაა, რომელიც ჩემნაირ ხალხს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეებში აგზავნის, განსაკუთრებით ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა საქარვთელო, რათა ჩვენ მოლაპარაკებები ვაწარმოოთ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან. ჩემს შემთხვევაში ძალზე გამომადგა ის ფაქტი, რომ მე წარსულში გახლდით ქალაქ ნეშვილის მერი და აშშ-ს ელჩი პოლონეთში ხუთი წლის განმავლობაში. ასე რომ საქართველოში მქონდა ბედნიერება შევხვედროდი სხვადასხვა პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, ისევე როგორც ახალგაზრდა ჟურნალსტებს.“

ბატონმა ვიქტორმა უფრო ვრცლად ისაუბრა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის როლსა და ფუნქციაზე;

-„ საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტს ფილიელები გააჩნია მთელს მსოფლიოში. ეს ორგანიზაცია მოწოდებულია შეასწავლოს ადგილობრივ მოსახლეობას ახლადფეხადგმულ დემოკრატიულ ქვეყნებში, როგორიცაა საქართველო თუ როგორ უნდა შექმნა პოლიტიკური პარტია, რა მეთოდებით უნდა იბრძოლო არჩევნებში, როგორ უნდა იყო ანგარიშვალდებული ამომრჩევლის წინაშე, მას შემდეგ რაც აგირჩევენ და ასე შემდეგ. ამ ორგანიზაციის მუშაობამ ძალზე კარგი შედეგი გამოიღო. ამ ორგანიზაციის მოღვაწეობის ერთ-ერთი ძალზედ მნიშვნელოვანი ასპექტია მეთვალყურეების გაგზავნა იმ ქვეყნებში, სადაც არჩევნები ტარდება, რათა მიცემული ხმების გადათვლა მოხდეს მართებულად და გამჭირვალედ. ამას გარდა გარანტირებული უნდა იყოს ის, რომ ყველას შეეძლოს საარჩევნო კამპანიაში ჩაბმა და მათი აზრის თავისუფლად გამოხატვა. სანამ გავემგზავრები ამერიკას, ადგილობრივი პოლიტიკური სპექტრის ყველა წარმომადგენელს შევხვდები, რაც ჩემთვის ძალზედ ინფორმატიული და საინტერესოა. საქართველო ახალი ქვეყანაა დემოკრატიის თვალსაზრისით და ერთ-ერთი უძველესია თუ მას შევაფასებთ ისტორიის კუთხით. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველომ ახლახანს კომუნიზმის სამოცდაათწლიანი უღელი მოიშორა. ასე რომ გარდამავალი პერიოდი არც ისე ადვილია, როგორც ეს შეიძლება ერთი შეხედვით ადამიანს მოეჩვენოს.

კითხვას თუ რა რჩევას მისცემდა ბატონი ვიქტორი ქართველ პოლიტიკურ მოღვაწეებს, მან ასე უპასუხა:

-„ ჩემი რჩევა პოლიტიკოსებისადმი იგივე იქნება, რაც ყველა ქართველისადმი. კერძოდ აქტიურად ჩაებით პროცესებში, იღვაწეთ იმისათვის, რომ თქვენი სამშობლო უფრო უკეთესი გახდეს, იმისათვის, რომ ყოველმა ქართველმა შესძლოს მისი ოჯახის კეთილდღეობის მიღწევა და იმის გარანტია შეიქმნას, რომ ქართველებმა პროდუქტიული ცხოვრების პერსპექტივები დაისახონ. ამისათვის საჭიროა, რომ საქართველოს ყველა მოქალაქემ, რა პოლიტიკურ მოსაზრებასაც არ უნდა იზიარებდეს იგი, ერთად იღვაწოს , ჩატარდეს გამჭირვალე და თავისუფალი არჩევნები, რომელშიც უამრავლესობას შეეძლება თავისი აზრის გამოხატვა და ამავე დროს დაცული იქნება უმცირესობების უფლებები. ყოველთვის უნდა გახსოვდეთ, რომ თქვენი ოპონენტი, თქვენი მტერი არ არის.

XS
SM
MD
LG