ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

არაბული გაზაფხული ევროპაში


არაბული გაზაფხული ევროპაში
არაბული გაზაფხული ევროპაში

გასულ წელს იტალიის პრემიერმა, სილვიო ბერლუსკონიმ, სტუმრად ჩამოსულ ლიბიის პრეზიდენტს -მუამარ კადაფის- ხელზე აკოცა. შემდეგ კი ხოტბა მის „ღრმა სიბრძნეს“ შეასხა. დღეს იტალია ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ლიბიის ოპერაციაშია ჩართული და კადაფის წინააღმდეგ მებრძოლ ოპოზიციას უჭერს მხარს.

მოვლენები მთელი ევროპის მასშტაბით ანალოგიურად განვითარდა. ზოგიერთი სპეციალისტის აზრით დამოკიდებულების შეცვლა საკმაოდ ნელა მოხდა და ევროპა დღევანდელი დრამატული ნაბიჯებით მდგომარეობის გამოსწორებას ცდილობს.

ამ კვირას ესპანეთმა საკუთარ მდიდრულ ვილაზე ეგვიპტის პრეზიდენტთან დაახლოებული ბიზნესმენი -ჰუსეინ სალემი- დააპატიმრა და მისი საბანკო ანგარიშები გაყინა. ესპანეთმა ლიბიის ელჩი და კადაფის მომხრე 3 ლიბიელი დიპლომატიც ქვეყნიდან გააძევა.

ექსპერტებს სამართლიანი კითხვა გაუჩნდათ: რატომ ასე დაგვიანებით?

ჯეიმს დენსელოუ ლონდონის სამეფო კოლეჯში ახლო აღმოსავლეთის სპეციალისტია. მისი თქმით ევროპის მთავრობები დიდ ხანს იყვნენ გაურკვევლობაში. ჯერ ერთი იმიტომ, რომ ტუნისში და ლიბიაში სწრაფად მომხდარი რევოლუციები მათთვის სრულიად მოულოდნელი იყო, მეორე მიზეზი კი ორგანიზაციულ-ბიუროკრატიული პრობლემები გახლდათ.

„მოვლენები უპრეცენდენტოდ განვითარდა. არავინ უწყოდა, რით დამთავრდებოდა ამბოხი. იყო იმის რისკიც, რომ ოპოზიციურ დაჯგუფებათა ღია მხარდაჭერის გამოხატვის შემთხვევაში მათ შეიძლება არც გაემარჯვათ. ევროპამ რეაქცია დააგვიანა და ეს დაგვიანება დიდი დოზით იმან გამოიწვია, რომ ევროპის ქვეყნებს ცალკეული ხმა აღარ გააჩნიათ და მათ კავშირში არსებულ სტრუქტურასაც არ აღმოაჩნდა სწრაფი რეაგირების უნარი“ - აღნიშნა მან.

ევროპულ მთავრობებს იმაზეც მოუწიათ დაფიქრება, თუ რა შედეგებს მოიტანდა აღნიშნული რევოლუციები უშუალოდ მათ ტერიტორიაზე. ევროპას ეს ახასიათებს - ერთგვარი ფუსფუსი საკუთარი ინტერესების დაცვის გამო, აცხადებს ბატონი დენსელოუ. ამას ისიც ადასტურებს, რომ დაიწყო ზრუნვა შენგენის საპირისპირო პროცესზე: ევროპის შიგნით ქვეყნებს შორის სასაზღვრო საგუშაგოების აღდგენაზე. ამით ევროპას იტალიიდან ლიბიელი და ტუნისელი ლტოლვილების მასიური ნაკადისგან თავის დაცვა სურს.

ჰოსნი მუბარაკთან დაახლოებული ეგვიპტელი ბიზნესმენის შემთხვევაში პრეზიდენტის ნდობით აღჭურვილი პირი სწორედ ამბოხის შემდეგ გამოიქცა ქვეყნიდან. ეგვიპტე ლტოლვილი საქმოსნის ექსტრადაციას მოითხოვს. ჰუსეინ სალემს საზოგადოებრივი ფონდების გაფლანგვაში და მექრთამეობაში ედება ბრალი. ესპანეთის მთავრობის გადაწყვეტილებით მის საბანკო ანგარიშებზე 47 მილიონი დოლარია გაყინული. როგორც ვეინ უაითი, უშიშროების ექსპერტი ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტიდან, შენიშნავს, ესპანეთში ეგვიპტელი შეძლებული ბიზნესმენის დაპატიმრება ჯერ მხოლოდ დასაწყისია.

კორუმპირებული მოხელეები, რომლებმაც პირადი კონტაქტები გამდიდრებისთვის გამოიყენეს, იყვნენ როგორც ბიზნესის სექტორში, ასევე სამხედრო და უშიშროების ძალებში. ისინი ევროპაში მრავლად არიან. მიმაჩნია, რომ ევროპა სწორად მოიქცა, როცა რეაქცია შეაყოვნა. და როგორც კი პირველადმა შოკმა ჩაიარა, პირიქით, ისინი საკმაოდ სწრაფადაც ამოქმედდნენ. ევროპამ ამ შემთხვევაში ლიდერობაც კი გამოიჩინა: სწორედ საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი უძღვებოდნენ ლიბიის მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის ინიციატივას“ - აღნიშნავს ის.

ევროპის რამდენიმე ქვეყანამ ლიბიის ოპოზიციური საბჭო უკვე სცნო, როგორც ლეგიტიმური ხელისუფლება. თუმცა კადაფის ჯერ კიდევ მრავლად ჰყავს საკუთარი დიპლომატები მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. ისინი ჯერ კიდევ სიტუაციის განვითარებას ელოდებიან. ესპანეთის მთავრობამ უკვე გადადგა ეს ნაბიჯი და ლიბიის ელჩს ქვეყნის დასატოვებლად 10 დღე მისცა. თუმცა, როგორც ბატონი უაითი აღნიშნავს, დიპლომატებს შორის კადაფის მომხრეთა გამოვლენა არც ისე იოლი საქმეა.

ესპანეთი იმ ქვეყნებს შორისაა, რომლებმაც ლიბიის ოპიზიციური საბჭო ლეგიტიმურად სცნეს და ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ოპერაციებშიც აქტიურ მონაწილეობას იღებენ. თუმცა კადაფის მომხრეთა მიერ კონტროლირებად ლიბიის დედაქალაქ -ტრიპოლიში- ესპანეთს საკუთარი საელჩო ჯერ არ დაუხურავს. რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ მოსაზრებას, რომ ევროპულ დიპლომატიაში ყველა გადაწყვეტილების მიღება სწრაფად არ ხდება.

XS
SM
MD
LG