ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტერორისტული ორგანიზაციების სია გაიზარდა


ტერორისტული ორგანიზაციების სია გაიზარდა
ტერორისტული ორგანიზაციების სია გაიზარდა

ობამას ადმინისტრაციას "ჯუნდალას" შეტანა ტერორისტული ორგანიზაციების სიაში დიდი ხნის მანძილზე სურდა.

შეერთებული შტატების მთავრობამ შეიარაღებული ირანული ოპოზიცური დაჯგუფება "ჯუნდალა" ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეიტანა. ირანი დიდი ხნის მანძილზე შეერთებულ შტატებს "ჯუნდალას" მხარდაჭერაში ადანაშაულებდა.

"ამერიკის ხმის" კორესპონდენტი გერი თომასი იუწყება, რომ ვაშინგტონის ამ გადაწყვეტილების უკან რამდენიმე შესაძლო მიზეზი დგას.

ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ობამას ადმინისტრაციას "ჯუნდალას" შეტანა ტერორისტული ორგანიზაციების სიაში დიდი ხნის მანძილზე სურდა, მაგრამ 2009 წლის ირანის სადავო საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ირანში მშვიდობიანი ოპოზიციის წინააღმდეგ გაჩაღებული რეპრესიების ფონზე, ობამას ადმინისტრაციის ოფიციალური პირები თეირანის მიმართ რაიმე შემრიგებლური ინიციატივების წარმართვას გამორიცხავდნენ.

"ჯუნდალა", როგორც შეიარაღებული ოპოზიცური დაჯგუფება, 2003 წელს დაარსდა. დაარსებიდანვე ეს დაჯგუფება ირანის მთავრობას ბევრ პრობლემებს უქმნიდა. სუნიტი მუსლიმების ეს დაჯგუფება აცხადებს, რომ მისი წევრები ირანის ეთნიკური უმცირესობის ბალოჯების უფლებებისთვის იბრძვიან. ამ მიზნით, დაჯგუფების წევრებმა რამდენიმე აფეთქება მოაწყვეს.

ბოლო აფეთქება ქალაქ ზაჰედანის მეჩეთში მოხდა, რასაც 27 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. "ჯუნდალას" თავდასხმები, როგორც წესი, მიმართულია ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის წინააღმდეგ.

თეირანმა შეერთებული შტატები ირანის მთავრობის გადაგდების მიზნით, "ჯუნდალას" ფარულ მხარდაჭერაში არაერთხელ დაადანაშაულა. შეერთებული შტატების მთავრობა ამ ბრალდებებს უარყოფს.

შეერთებული შტატების კონგრესის კვლევითი სამსახურის ანალიტიკოსს კენ კაცმანს მიაჩნია, რომ ობამას ადმინისტრაციის ეს გადაწყვეტილება შეიძლება უკავშირდებოდეს ვაშინგტონის ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების აღდგენის სურვილს. მისი თქმით:

„ახალი სანქციების შემოღების შემდეგ და განსაკუთრებით კი მას შემდეგ, რაც სხვა მთავრობებმა მსგავსი სანქციები შემოიღეს, ადმინისტრაციის ოფიციალური პირები ალბათ ფიქრობენ, რომ კმარა დამსჯელი ზომების მიღება და საჭიროა იმის დემონსტრირება, რომ ვაშინგტონს თეირანის რეჟიმის შეცვლა არ სურს და რომ შეერთებული შტატები მოლაპარაკებების განახლებას ემხრობა, რათა ბირთვულ საკითხთან დაკავშირებით რაიმე მისაღები შეთანხმება შემუშავდეს.“

ამასობაში ირანი ბირთვულ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით, ურთიერთგამომრიცხავ გზავნილებს იძლევა. ეგრეთწოდებული „პი პლიუს ხუთი“ ჯგუფი, რომელშიც გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთი მუდმივი წევრი და გერმანია შედიან, თეირანთან მოლაპარაკებების აღდგენასთან დაკავშირებით, ინტენსიურ კონსულტაციებს მართავს. მაგრამ შეერთებული შტატების ოფიციალური პირები აღნიშნავენ, რომ "ჯუნდალას" შეტანა ტერორისტული ორგანიზაციების სიაში ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული არ არის.

თუმცა კერძო ანალიტიკური ფირმა „სტრატფორის“ ირანის საკითხების ექსპერტი რევა ბჰალა აღნიშნავს, რომ ვაშინგტონის გადაწყვეტილება შეიძლება სულ სხვა ფაქტორით იყოს განპირობებული. ამასთან დაკავშირებით მან კერძოდ აღნიშნა:

„ვფიქრობ შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის ურთიერთობა კვლავინდებურად ფოკუსირებულია ერაყზე. ამდენად, ამჟამად ლაპარაკია იმაზე მიაღწევენ თუ არა მხარეები საერთო გაგებას ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, როგორიც არის ერაყში ირანის გავლენის დონე და შეერთებული შტატების მიერ ამ გავლენის აღიარება. იმავდროულად შეერთებულ შტატებს ირანელების გავლენის შეკავების მიზნით, რეგიონში დასაყრდენი წეტილის შენარჩუნება სურთ. სპარსეთის ყურეს სახელმწიფოებთან და თურქეთთან ურთიერთობა სწორედ ამ მიზანს ემსახურება.“

ერაყში მარტში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგად ვერცერთმა პოლიტიკურმა პარტიამ ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში ადგილების უმრავლესობა ვერ მოიპოვა, რამაც ერაყში პოლიტიკური პარალიზი გამოიწვია. ეროვნული ერთობის მთავრობის შექმნასთან დაკავშირებული ძალისხმევა, ხელისუფლებაში შიიტური, სუნიტური და ქურთული პარტიების მოწვევასა და მათ ურთიერთმოქმედებას ითვალისწინებს. ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ თეირანს სურს ამ ძალისხმევის შედეგი მისი ინტერესებისთვის მომგებიანი იყოს.

ერაყში შეერთებული შტატების სამხედრო ძალების ოპერაციების მთავარსარდლის მოადგილემ ლეიტენანტ გენერალმა რობერტ კოუნმა აღნიშნა, რომ ირანი ერაყზე, როგორც დადებით ისე უარყოფით გავლენას ახდენს. თუმცა კოუნს მიაჩნია, რომ ზოგადად თეირანის გავლენა ერაყში შემცირდა.

„ვფიქრობ ამ ბოლო რამდენიმე თვის მანძილზე, ერაყის მთავრობის ფორმირების ფონზე, ირანის გავლენა ოდნავ შემცირდა,“ აღნიშნა კოუნმა.

რევა ბჰალა კი აღნიშნავს, რომ თეირანში შეინიშნება შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ კონგრესის შუალედურ არჩევნებში რესპუბლიკელების გამარჯვების შემდეგ პრეზიდენტ ობამაზე ზეწოლა გაიზრდება, რათა მან ირანის მიმართ უფრო მკაცრი მიდგომა ირჩიოს.

მაგრამ ანალიტიკოსები აღნიშნავენ იმასაც, რომ მიუხედავად იმისა, რომ ირანის წინააღმდეგ ზომების მიღებასთან დაკავშირებით კონგრესის მხრიდან ზეწოლა გაიზრდება, პრეზიდენტი თავდაცვისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში აღმასრულებელი ხელისუფლების პრეროგატივით სარგებლობს.

XS
SM
MD
LG