ამერიკის პრეზიდენტის ბარაკ ობამას განცხადებით, თუკი ნოემბრის მოახლოვებული არჩევნების შემდეგ, წარმომადგენელთა პალატაზე კონტროლს რესპუბლიკელები მოიპოვებენ, ეს ქვეყანას “გაჭირვების ათწლეულს” მოუტანს.
დღეს გაკეთებულ ტრადიციულ მიმართვაში, ბარაკ ობამამ აღნიშნა, რომ ეგრეთ წოდებულ “ამერიკისთვის მიცემულ სიტყვაში” რესპუბლიკელებმა გაცვეთილი იდეები წარმოადგინეს. საუბარია მდიდარი ხალხისთვის გადასახადების ჩამოჭრაზე, ვოლ სტრიტისთვის რეგულაციების შესუსტებაზე და სხვა.
რესპუბლიკელების მიერ წარმოდგენილი გეგმა ასევე გულისხმობს მთავრობის რეგულაციების შემცირებას, ბარაკ ობამას მიერ ხელმოწერილი ჯანდაცვის რეფორმის კანონის გაუქმებას და ეკონომიკის მასტიმულირებელი პაკეტის გადადებას.