ოთხშაბათს, 16 ივნისს, ვაშინგტონში მდებარე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტთან არსებული შუა აზიისა და კავკასიის კვლევათა ცენტრისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის თაოსნობით გაიმართა სემინარი თემაზე „გლობალური ეკონომიკური აღმავლობის პერსპექტივები კავკასიასა და შუა აზიაში სართაშორისო სავალუტო ფონდის გადმოსახედიდან,“ რომელიც საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანგარიშის „რეგიონალური ეკონომიკური პერსპექტივის“ გამოცემას მიეძღვნა. ხსენებულ ღონისძიებაზე ანგარიშთან დაკავშირებული შენიშვნებით გამოვიდა ამერიკის კათოლიკური უნივერსიტეტის პროფესორი და შუა აზიის რეგიონის ეკონომიკური საკითხების ექსპერტი ბატონი სერგეი გრეცკი. სემინარის შემდეგ ამერიკის ხმის ქართული რედაქცია გაესაუბრა ბატონ გრეცკის.
კითხვაზე თუ რა გავლენას მოახდენს ყირგიზეთის სამხრეთში მიმდინარე მოვლენები შუა აზიური რეგიონის ეკონომიკურ განვითარებაზე, ბატონმა გრეცკიმ ასეთი პასუხი გაგვცა:
„მე ვფიქრობ, რომ ამ მოვლენების გავლენა ძალზედ მნიშვნელოვანი იქნება, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ შუა აზიის რეგიონის ქვეყნებმა ჯერჯერობით ვერ დასძლიეს ეკონომიკური და ფინანსური კრიზისი. ლტოლვილთა პრობლემა რასაკვირველია უზბეკეთს დიდ სირთულეებს შეუქმნის, მაგრამ შედეგად რეგიონიც დაზარალდება. როცა ყირგიზეთში ყველაფერი დაწყნარდება, ყირგიზებს გაუჩნდებათ მოლოდინი იმისა, რომ რეგიონის სახელმწიფოები ისევე როგორც რუსეთი ბიშკეკს არა მხოლოდ ჰუმანიტარულ დახმარებას გამოუყოფს, არამედ ინვესტიციებს დააბანდებს ქვეყნის ეკონომიკაში, რომელიც იმ დროისთვის ალბათ განადგურებული იქნება. ეს კი მნიშვნელოვან კაპიტალდაბანდებებს მოითხოვს და ყირგიზეთის მოლოდინი უდავოდ არარეალისტური იქნება რადგან შუა აზიური სახელმწიფოები თვითონ ცდილობენ ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლას.“
რაც შეეხება იმ დაბრკოლებებს, რომელიც შუა აზიური რეგიონის ეკონომიკურ განვითარებას აფერხებს, გრეცკიმ აღნიშნა:
„გააჩნია რომელი ქვეყანა გყავთ მხედველობაში, ვინაიდან საკმაოდ ძნელია რაიმე ზოგადი თავისებურებების გამოყოფა. მაგალითად, უზბეკეთსა და თურქმენეთში, სადაც ეკონომიკურ განვითარებას მთავრობა უძღვება, ეკონომიკური ზრდის შედეგები მოსახლეობის კეთილდღეობას როდი ნიშნავს. აზიური განვითარების ბანკის გამოანგარიშებით უზბეკეთის მოსახლეობის ერთი მეოთხედი სიღარიბის ზღვრის დაბლა ცხოვრობს. ხოლო მომუშავე პირების დაახლოებით 60 პროცენტი დღეში ერთი დოლარისა და ოცდახუთი ცენტით ირჩენს თავს. კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ ეკონომიკური ზრდის მაღალი მაჩვენებელი არ გამოიხატება ცხოვრების პირობების გაუმჯობესებაში.“
გრეცკი აღნიშნავს, რომ მთავრობის მიერ ჩადებული ინვესტიციები ხშირ შემთხვევაში არარაციონალურად არის გამოყენებული. უზბეკეთის ეკონომიკაში ჩადებული ინვესტიციების მხოლოდ ორი პროცენტი კერძო ბიზნესიდან მოდის. ანუ ამ ქვეყნებში საჭიროა ეკონომიკური საქმიანობის რადიკალური დეცენტრალიზაცია. გამოწვევების სხვა კატეგორიას წარმოადგენს შუა აზიურ სახელმწიფოებში გამეფებული კორუფცია და სახელმწიფო ბიუროკრატების არაეფექტურობა.
ტაჯიკეთში მდგომარეობას ართულებს ბუნებრივი რესურსების უქონლობა. იქ ხომ 7-მილიონიანი მოსახლეობიდან ერთი მილიონი რუსეთსა და ყაზახეთშია გახიზნული სამუშაოს შოვნის მიზნით, რაც იმის უტყუარი მანიშნებელია იმ უზარმაზარი გამოწვევების, რომლის წინაშეც დგას ტაჯიკეთი. ყირგიზეთში ტრაგიკული მოვლენების გარდა, მდგომარეობას ართულებს ისიც, რომ დროებითი მთავრობის ბრალდებების თანახმად, ქვეყნის ყოფილმა პრეზიდენტმა ყურმანბეკ ბაკიევმა და მისმა შვილმა რუსეთის მიერ მოწოდებული სახსრები მიითვისეს. ეს სახსრები ყირგიზეთის ეკონომიკის განვითარებისთვის იყო განკუთვნილი.
გრეცკი ამგვარად განაგრძობს შუა აზიის რეგიონის ეკონომიკურ მიმოხილვას“
„ყაზახეთს ეკონომიკური განვითარებისთვის ყველაფერი გააჩნია და მთავრობამ რამდენიმე საკმაოდ ამბიციური პროექტის განხორციელება დააპირა. მაგრამ იქ მთავარ პრობლემას სახელმწიფო ბიუროკრატიის ჩარევა წარმოადგენს. ამას კვალიფიციური ტექნიკური პერსონალის მწვავე დეფიციტი ემატება. ოფიციალურ გამოანგარიშებაზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ ყაზახეთი ხსენებული პროექტების განსახორციელებლად ყოველწლიურად 60,000-დან 100,000-მდე კვალიფიცური მუშის მომზადებას საჭიროებს. ეს კი იმით აიხსნება, რომ სამწუხაროდ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ტექნიკური საგანმანათლებლო დაწესებულებები ყაზახეთში თითქმის არ შემორჩა,რადგან მთელი ყურადღება უმაღლესი განათლების განვითარებაზე იყო გადატანილი. ახლა კი საჭირო გახდება ტექნიკური სპეციალისტების სწრაფი მომზადება ეკონომიკური ზრდის მისაღწევად.“