ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტაილანდი - მშვიდობიანი პროტესტიდან კომენდანტის საათამდე


ტაილანდი - მშვიდობიანი პროტესტიდან კომენდანტის საათამდე

ბანგკოკის ცენტრი კვლავ ბრძოლის ველს წააგავს

ტაილანდის დედაქალაქში კომენდანტის საათი ამოქმედდა, თუმცა შეტაკებები დემონსტრანტებსა და სამთავრობო ძალებს შორის გრძელდება. ამ დროისთვის 25 ადამიანია დაღუპული და 200-ზე მეტი დაჭრილი. დღეს ტაილანდელმა სამხედროებმა გაავრცელეს განცხადება, რომ ისინი შეეცდებიან დახმარება გაუწიონ ნებისმიერ ადამიანს, ვინც საპროტესტო ბანაკს დატოვებს. ამის შემდეგ, მათ დედაქალაქში კომენდანტის საათი აამოქმედეს.

გადაწყვეტილება მოსახლეობას არმიის წარმომადგენელმა პოლკოვნიკმა სანსერნიმ გააცნო.

მისი თქმით, კომენდანტის საათი მთელ ბანგკოკზე არ გავრცელდება. ის მხოლოდ ცენტრალურ ადგილებში იმოქმედებს. სანსერნის განცხადებით, ეს იმიტომ კეთდება, რომ ჩვენმა სამხედროებმა საკუთარი მოვალეობა უფრო ეფექტურად შეასრულონ.

ბანგკოკის ცენტრი კვლავ ბრძოლის ველს წააგავს, სადაც სამხედროების და დემონსტრანტების შეტაკებები გრძელდება. ბანგკოკის მთავარი ქუჩა ჩაკეტილია. ხელისუფლებამ სპეციალური სატელეფონო ცხელი ხაზის ნომრებიც გაავრცელა, სადაც კონფლქტის შედეგად დაზარალებულმა ადგილობრივმა და უცხოელმა მოქალაქეებმა უნდა დარეკონ. ხელისუფლებამ ასევე მიიღო გადაწყვეტილება, რომ სკოლებში სწავლა კიდევ ერთი კვირით გადაიდოს.

პრემიერ-მინისტრმა აბჰისიტ ვეჯაჯივამ უცხოელ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ ძალისხმევას არ იშურებს საპროტესტო ბანაკის დასაშლელად.

„სამწუხაროდ, ამ პროცესს ადამიანების მსხვერპლიც მოჰყვა. ჯერჯერობით, გაურკვეველია, თუ როგორ დაიღუპნენ ეს ადამიანები, თუმცა მინდა დაგარწმუნოთ, რომ ჩვენი ჯარისკაცები ინსტრუქციებს ზედმიწევნით იცავდნენ. ყველა გასროლა ჩვენი მხრიდან თავდაცვის მიზნებით იყო განპირობებული,“ განაცხადა ვეჯაჯივამ.

„წითელპერანგიანების“ პროტესტი ბანგკოკში მარტში დაიწყო. ისინი ყოფილ პრემიერ-მინისტრს ტაქსინ შინავატრას უჭერენ მხარს, რომელიც ქვეყნიდან 2006 წელს გაიქცა. მისი მხარდამჭერები ამჟამინდელ ხელისუფლებას არალეგიტიმურად ცნობენ.

ტაქსინის გავლენა მუშათა კლასზე და ღარიბებზე ვრცელდება, მაშინ როდესაც საშუალო ფენის წარმომადგენლები მას კორუფციაში სდებენ ბრალს.

ამ თვის დასაწყისში ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის კომპრომისის შანსიც გაჩნდა. ვეჯაჯივამ არჩევნების ნოემბერში დანიშვნის გადაწყვეტილებაც მიიღო, თუმცა მოლაპარაკებები ჩაიშალა და მოვლენები ტრაგიკულად განვითარდა. ამ საყოველთაო პროტესტმა და დაპირისპირებამ ტაილანდის ეკონომიკა საგრძნობლად დააზარალა. ტურიზმი, რომელიც ქვეყნის ეკონომიკის მთავარი მამოძრავებელი ძალაა, მთლიანად გაჩერებულია. ამან კი შესაბამისად, ათასობისთ სავაჭრო ობიექტის დახურვა განაპირობა.

XS
SM
MD
LG