ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დევნილი ბავშვები წიგნების გარეშე


დევნილი ბავშვები წიგნების გარეშე
დევნილი ბავშვები წიგნების გარეშე

საქართველოში, არსებული კანონმდებლობის შესაბამისად, შეუძლებელია იყო სოციალურად დაუცველი და ამავდროულად დევნილიც.

გიორგი ბასიშვილი, მერვე კლასის მოსწავლე, დიდი ლიახვის ხეობის სოფელ ქურთადან დევნილია. ახლა გორში, ვერხვების დევნილთა ჩასახლებაში ცხოვრობს. ოჯახში ოთხნი არიან, თვითონ, მისი სამი და და დედა. გიორგის ოჯახს სოციალურად დაუცველის სტატუსი არ აქვს იმის გამო, რომ მისი უფროსი და მუშაობს. საქართველოში, არსებული კანონმდებლობის შესაბამისად, შეუძლებელია იყო სოციალურად დაუცველი და ამავდროულად დევნილიც. ამიტომ ომის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას არჩევანის გაკეთება უწევს დევნილობასა და სოციალურად დაუცველობას შორის. თვიური დახმარება დევნილებისთვის 22 ლარს შეადგენს, სოციალურად დაუცველებისთვის კი 24 ლარს, თუმცა ამ კატეგორიის ადამიანებისთვის, გარდა თანხისა, სხვა შეღავათებიცაა გათვალისწინებული. მათ შორის იყო სასკოლო სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფაც, რაც დევნილის სტატუსის მატარებელი ოჯახებისთვის, ისეთისთვის, როგორიც გიორგის ოჯახია, ხელმისაწვდომი არ აღმოჩნდა. ამის გამო შარშანაც, ისევე, როგორც წელს, მან სახელმძღვანელოების გარეშე იარა სკოლაში.

გიორგი ბასიშვილის დედა, ქალბატონი მარინა მაისურაძე ქურთაში ცხოვრების პერიოდში აქტიურად იყო ჩაბმული სამოქალაქო ცხოვრებაში, მისი თაოსნობით დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაცია არაერთ სასარგებლო პროექტს ახორციელებდა კონფლიქტის ზონაში მცხოვრები ადამიანებისთვის. ომის გამო დაიკარგა ქურთაში მათი კომპიუტერებითა და ინტერნეტით აღჭურვილი ოფისი ინგლისურის სკოლითა და მდიდარი ბიბლიოთეკით. ამჟამად ქალბატონი მარინა ცხოვრების ხელახლა დაწყებას ცდილობს. ცდილობს დაძლიოს დიდი დეპრესია, როგორმე უშოვოს საკუთარ შვილებს სასკოლო სახელმძღვანელოები და როგორმე თავი დააღწიოს დათრგუნვის გრძნობას.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს წარმომადგენელი შიდა ქართლსა და სამცხე ჯავახეთში მანანა ჭამპურიძე ამბობს, რომ სასკოლო სახელმძღვანელოებით მხოლოდ სოციალურად დაუცველი კატაგორია უზრუნველყო სახელმწიფომ. დევნილის სტატუსის მატარებელი ოჯახებისთვის ასეთი შეღავათი არ გაკეთებულა.

გიორგი ხორბალაძე, განათლების რესურს–ცენტრის წარმომადგენელი გორში ამბობს, რომ დევნილებისთვის სახელმძღვანელოები სახელმწიფოს უფასოდ არ გადაუცია.

ნათია ბასიშვილი, მეთორმეტე კლასის მოსწავლე ამბობს, რომ სახელმძღვანელოები ძალიან ძვირია, ამიტომ მისი შეძენა დევნილებისთვის დიდ პრობლემას წარმოადგენს. ასევეა მათთვის და ანალოგიურ მდგომარეობაში მყოფი ბევრი სხვა ოჯახისთვისაც:

„ჩემი და მუშაობს, დასაქმებულია, მაგრამ ამის მიუხედავად, დედამ მაინც ვერ შეძლო ჩემთვის და ჩემი ძმისთვის წიგნები შეეძინა“– ამბობს ნათია ბასიშვილი.

სასკოლო სახელმძღვანელოების გარეშე დღესაც არაერთი დევნილი ბავშვია დარჩენილი.

XS
SM
MD
LG