ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"საქართველოში ანტიმონოპოლიური სამსახური უნდა აღდგეს"


"საქართველოში ანტიმონოპოლიური სამსახური უნდა აღდგეს"
"საქართველოში ანტიმონოპოლიური სამსახური უნდა აღდგეს"

მერაბ ჯანიაშვილის თქმით, საქართველოში ბაზრების დიდი ნაწილი მონოპოლიზირებულია და ხდება ახალი ბაზრების მონოპოლიზაცია.

”საქართველოში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე ქვეყანაში უნდა მოხდეს ანტიმონოპოლიური სამასახურის და კანონმდებლობის აღდგენა”, ამბობს ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია ”აფბას” ხელმძღვანელი მერაბ ჯანიაშვილი. მერაბ ჯანიაშვილის თქმით, საქართველოში ბაზრების დიდი ნაწილი მონოპოლიზირებულია და ხდება ახალი ბაზრების მონოპოლიზაცია:

” მარტივ მაგალითს გეტყვით, როდესაც თელასი გამოვა და იტყვის, რამდენსაც თვითონ მოინდომებს, იმდენი იქნება ”დღდ” გადასახადი. ან თბილისის წყალი, რომელმაც ეკონომიკის სამინისტროსთან გაფორმებული ხელშეკრულებაც კი დაარღვია და იმაზე მეტი ფასი დააწესა დღეს წყალზე, ვიდრე ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული. ან მეორე მაგალითი , როდესაც ნავთობ კომპანიები იკრიბებიან და ერთად წყვეტენ ფასი გაზარდონ თუ შეამცირონ. ასეთი ფასი არასდროს არ არის სამართლიანი და ობიექტური. ეს, ჩვენი აზრით, იწვევს მომხმარებელთა ძალიან სერიოზულ უფლებების დარღვევას და სწორედ მონოპოლიზაციის მაღალი დონე არის ერთ-ერთი მიზეზი, რომ ქვეყანაში მაღალი ინფლაცია გვაქვს და შემცირებაც ვერ ხერხდება. ანუ, ჩვენ თუ გვინდა ფასები რამეზე შემცირდეს, უნდა იყოს კონკურენცია. თუ კონკურენცია არ იქნება, შესაბამისად ფასები ვერ შემცირდება.

ავიღოთ ხორცის მაგალითი. აქ კონკურენცია არსებობდა, სანამ სოფლის მეურნეობის სამინისტრო არ მოკლავდა ამ კონკურენციას. ანუ, ყველა ბაზარი, სადაც პირუტყვის ხორცი იყიდებოდა, ვალდებული იყო ყოლოდა ვეტექიმი, რომელიც ხორცის ხარისხს შეამოწმებდა. სოფლის მეურნეობის სამინისტრომ შემოიღო ნორმა, რომ თურმე ვეტექკიმები უნდა ჰყავდეს მხოლოდ ორ - ნატახტარის და ტელეთის სასაკლაოებს და მხოლოდ იქ შეიძლება პირუტყვის დაკვლა. სხვა სასაკლაოებიც არსებობს საქართველოში, მაგრამ იქ დაკვლა და თბილისში ხორცის ჩამოტანა არ შეიძლება. როდესაც ხელისუფლება, მთავრობა მიდის ასეთ ნაბიჯზე, რომ ადგენს თვითონ მათ რიცხვს, იქ კონკურენცია კვდება. ეს იწვევს სწორედ ფასების გაზრდას.. ხორცზე 50 %-ით გაიზარდა ფასი და კიდევ გაიზრდება, თუ ეს რეგულაცია და ეს ნორმა დარჩება მოქმედებაში.

საქართველოს მთავრობა ანტიკონსტიტუციურ გზას ადგას, როდესაც დაჩქარებული წესით არ იღებს კანონმდებლობაში ანტიმონოპოლიური ნორმების რეგულირების საკანონმდებლო პაკეტს, იმიტომ რომ საქართველოს კონსტიტუციაში პირდაპირ არის მითითებული, რომ საქართველოში მონიპოლიები აკრძალულია ”, ამბობს ”აფბას” წარმომადგენელი არჩილ კაიკაციშვილი :

”ჩვენი მოთხოვნაა, აუცილებლად აღდგეს 2005 წელს გაუქმებული ანტიმონოპოლიური სამსახური თავისი სრულყოფილი დაცვის ბერკეტებით და შესაბამისი სამართლებრივი ნორმატივებით.”

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის განცხადებით, ხელისუფლება ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის არ აღდგენით საქართველოს დასავლეთთან დაახლოების პროცესს აჭიანურებს და საშუალებას აძლევს ქვეყანაში არსებულ მონოპოლიებსა და ოლიგოპოლიებს გააგრძელონ ხალხის ძარცვა.

ასოციაცია მიმართავს ხელისუფლებას დროულად შეასრულოს ევროკავშირისთვის და საქართველოს საზოგადოებისადმი მიცემული დაპირება, აღადგინოს ანტიმონოპოლიური კანონმდებლობა :

”მთავრობის უმოქმედობა გვაფიქრებინებს, რომ სრულფასოვანი ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის შეუქმნელობით ხელისუფლება საქართველოში არსებული ფარული მონოპოლიების ლობირებას ეწევა”- ამბობს ასოციაციის ხელმძღვანელი მერაბ ჯანიაშვილი.

XS
SM
MD
LG