ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამას რეიტინგმა მოიმატა, მაგრამ რამდენი ხნით?


ობამას რეიტინგმა მოიმატა, მაგრამ რამდენი ხნით?
ობამას რეიტინგმა მოიმატა, მაგრამ რამდენი ხნით?

„საღამო მშვიდობის. მაქვს შესაძლებლობა ამერიკელ ხალხს და მსოფლიოს ვაუწყო, რომ დღეს შეერთებული შტატების მიერ განხორციელებული სპეცოპერაციის შედეგად მოკლულ იქნა ალ ყაიდას ლიდერი - ოსამა ბინ ლადენი.“

ამერიკის ლიდერის ამ დრამატულმა სიტყვებმა შესაძლოა მომავალი საპრეზიდენტო არჩევნების ბედი გადაწყვიტოს. ერთი რამ უდავოა, ეს მოვლენა ჯერჯერობით უპრეცენდენტოა ბარაკ ობამას პოლიტიკურ ცხოვრებაში. მისი რეიტინგი ერთი კვირის განმავლობაში 47 პროცენტიდან 56-ზე ავიდა. დღეს ექსპერტები ამერიკის თითქმის ყველა სატელევიზიო არხზე განუწყვეტლად დავობენ იმის შესახებ, თუ რამდენად სტაბილური შეიძლება აღმოჩნდეს ეს წარმატება და რა გავლენას მოახდენს იგი წინასაარჩევნო კამპანიაზე.

ეროვნულმა სიამაყემ იმ ღამით ამერიკის მოქალაქეები ქუჩებში გამოიყვანა და მათი ემოცია მგზნებარე და ბევრგან "ცრემლიან" დღესასწაულში გადაიზარდა. ასეთ მომენტებში შეერთებულ შტატებში პოლიტიკური დაპირისპირებები დროებით წყდება და ყველაზე რადიკალურად მოაზროვნე ადამიანებიც კი ერთი იდეის გარშემო ერთიანდებიან. იმ დღეს რესპუბლიკელები დემოკრატებს გვერდში ამოუდგნენ და ერთად ასხამდნენ ხოტბას, როგორც ამერიკის პრეზიდენტს, ასევე სპეცოპერაციის უშუალო მონაწილეთ.

მათ შორის იყო ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი დიკ ჩეინი, რომელიც ყოველთვის საკმაოდ კრიტიკულია პრეზიდენტ ობამას და მისი ადმინისტრაციის მიმართ:

„მიმაჩნია, რომ ადმინისტრაცია ამ ოპერაციის წარმატებით დასრულებისთვის აღიარებას იმსახურებს. ყოველმა ჩვენთაგანმა უნდა გამოხატოს ის კმაყოფილების გრძნობა, რომელსაც დღეს ისინი დარწმუნებული ვარ განიცდიან“.

კვინიპაკის უნივერსიტეტის საზოგადოებრივი აზრის კვლევის სპეციალისტი, პიტერ ბრაუნი, აცხადებს, რომ ამ ფაქტმა პრეზიდენტის უკანასკნელი ხნის დაღმავალი რეიტინგი უცებ გამოაცოცხლა და სერიოზული ბიძგის შედეგად ტენდენცია მატებისკენ შეცვალა. ახლა ყველაზე საინტერესო ის არის, თუ რამდენ ხანს გასტანს ეს წარმატება და იქონიებს თუ არა ის გავლენას მის წინასაარჩევნო კამპანიაზე. ამის გასაგებად დრო არის საჭირო და დღეს ამ საკითხებზე სპეკულაცია ნაადრევად მიმაჩნია, ამბობს ბატონი ბრაუნი.

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის პროფესორს, რობერტ გუტმანს კი მიაჩნია, რომ ბინ ლადენის განეიტრალება მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში გადამწყვეტ როლს ითამაშებს:

“ეს ობამას ხელახალი არჩევის შანსს აუცილებლად გაზრდის. ისე, მე თუ მკითხავთ, ვიტყოდი, რომ არჩევნები დღეისთვის უკვე პრაქტიკულად დამთავრებულია“.

საზოგადოებრივი აზრის კვლევის სპეციალისტი ბრაუნი მას არ ეთანხმება. იგი აცხადებს, რომ ბარაკ ობამას ეს ფაქტი აუცილებლად დაეხმარება ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ქულების დასაგროვებლად. მაგრამ მომავალ არჩევნებზე ეკონომიკური საკითხების სწორად გადაწყვეტის უნარი და საბიუჯეტო პრობლემა გახდება გადამწყვეტი ფაქტორი.

ასეა თუ ისე, პოლიტიკოსები ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებს და მათ შორის ალ ყაიდას დასუსტებას დღეს უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებენ. ბარაკ ობამამ კომპლიმენტები იმ რესპუბლიკელებისგანაც მიიღო, ვინც მომავალ არჩევნებზე მის კონკურენეტებად მოიაზრებიან. მათ შორის არიან ყოფილი გუბერნატორები: მით რომნი და ტიმ პოლენტი.

XS
SM
MD
LG