ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბარაკ ობამა ირანის მთავრობას აკრიტიკებს


ბარაკ ობამა ირანის მთავრობას აკრიტიკებს

ირანის ოპოზიცია მიმდინარე მოვლენებს აფასებს, როგორც ხალხის სამართლიან აჯანყებას ტირანიის წინააღმდეგ.

ირანის მთავრობა ხოტბას ასხამს ეგვიპტის და ტუნისის ამბოხს, უწოდებს რა მათ ისლამურ რევოლუციას. ოპოზიცია კი ამ მოვლენებს აფასებს, როგორც ხალხის სამართლიან აჯანყებას ტირანიის წინააღმდეგ. "ამერიკის ხმის" კორესპონდენტი ლაურელ ბოუმანი მოგვითხრობს პოსტ-ეგვიპტური ირანის შესახებ.

როგორც იცით, კვირის დასაწყისში ირანული ოპოზიციის გამოსვლებმა თეირანის ქუჩებში გადაინაცვლა. ამდენი დემონსტრანტი 2009 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ირანში არავის უნახავს. მაშინ ირანელები პრეზიდენტ ახმადინეჟადის გამარჯვების სამართლიანობას აპროტესტებდნენ, ახლა კი ეგვიპტელი ხალხის მხარდასაჭერად გამოვიდნენ.

კონსერვატორმა კანონმდებლებმა ორი ყველაზე ცნობილი ოპოზიციონერის - მირ ჰუსეინ მუსავის და მეხდი ქარუბის დასჯა მოითხოვეს. სწორედ მუსავის და ქარუბის მიერ იყო ორგანიზებული ორი წლის წინანდელი ანტისამთავრობო გამოსვლები. ირანის მმართველობამ ამ კვირის საპროტესტო აქციებშიც მათ დასდო ბრალი. საინტერესოა, რომ არც ოპოზიციის ზოგიერთი სხვა ლიდერი უჭერს მხარს მუსავს და ქარუბს. მიზეზად მათი ისლამურ რესპუბლიკასთან კავშირი სახელდება. შეგახსენებთ, მუსავი ყოფილი პრემიერ მინისტრია, ქარუბი კი - ყოფილი პარლამენტის სპიკერი.

ვაშინგტონის ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტის სპეციალისტი, პატრიკ კლაუსონი, აღნიშნავს, რომ რეჟიმი სერიოზულ შეცდომას დაუშვებს, თუკი ამ ორ ოპოზიციონერს გაასამართლებს.

“თუკი ეს ორი ლიდერი პოლიტიკური ავანსცენიდან გაუჩინარდება, მომავალი თაობის ოპოზიციონერები ისლამური რესპუბლიკის მიმართ ბევრად უფრო შეუწყნარებელნი იქნებიან“.

ამ კვირას ბარაკ ობამამ მკაცრად გააკრიტიკა ირანის მთავრობა დემონსტრანტების წინააღმდეგ განხორციელებული სადამსჯელო ღონისძიებების გამო:

„ეგვიპტის მთავრობისგან განსხვავებით, ირანის ხელისუფლების რეაქციაა: საკუთარი ხალხის ცემა, სროლა და დაპატიმრება“.

კლაუსონის განმარტებით, ამერიკის პრეზიდენტმა ირანის მიმართ უკვე მერამდენედ სცადა დიპლომატიური ნაბიჯის გადადგმა, მაგრამ ვერაფერს გახდა. „რეალურად ბუნებაში არ არსებობს ამერიკა-ირანის მოლაპარაკება, ამიტომაც არ გვაქვს საფუძველი შევარბილოთ კომენტარები ირანზე“ - განაცხადა მან.

მკაცრი სადამსჯელო ღონისძიებების შედეგად ოპოზიციური გამოსვლები ირანში თითქმის შეწყდა. თუმცა, როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, პროტესტი ხალხში გროვდება და არავინ იცის რა მომენტში იფეთქებს იგი.

XS
SM
MD
LG