ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვარაუდები ავღანეთში დაგეგმილ სტრატეგიასთან დაკავშირებით


ვარაუდები ავღანეთში დაგეგმილ სტრატეგიასთან დაკავშირებით
ვარაუდები ავღანეთში დაგეგმილ სტრატეგიასთან დაკავშირებით

ჯო ბაიდენმა აღნიშნა, რომ ამერიკელი სამხედროები ავღანეთში შეიძლება 2014 წლის შემდეგაც დარჩნენ.

ობამას ადმინისტრაცია ავღანეთიდან შეერთებული შტატების სამხედრო ძალების გაყვანას ექვს თვეში დაიწყებს. მაგრამ ავღანეთში შეერთებული შტატების ვიცე პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ცოტა ხნის წინ დასრულებულმა ოფიციალურმა ვიზიტმა ბევრი კითხვა დაბადა იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენ ხანს დარჩებიან ქვეყანაში ამერიკელი სამხედროები.

როგორც "ამერიკის ხმის" კორესპონდენტი რობერტ რაფაელე იუწყება, ანალიტიკოსების ერთ ნაწილს მიაჩნია, რომ ავღანეთში სამხედრო მისიის ხანგრძლივობა ვაშინგტონმა და ნატომ გარკვეული პარამეტრების მიხედვით უნდა განსაზღვრონ.

თეთრი სახლის ცნობით, ავღანეთიდან სამხედრო ძალების გაყვანა ივლისში დაიწყება.

ნატომ და ავღანეთის პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ განაცხადეს, რომ საბოლოო მიზანს 2014 წლისთვის ავღანეთის უშიშროების ძალებისთვის ქვეყანაში უსაფრთხოების დამყარების პასუხისმგებლობის გადაბარება წარმოადგენს.

გასულ სამშაბათს ავღანეთში ვიზიტის დროს შეერთებული შტატების ვიცე პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა აღნიშნა, რომ ამერიკელი სამხედროები ავღანეთში შეიძლება 2014 წლის შემდეგაც დარჩნენ:

„იმედია ქვეყანაში უსაფრთხოების დამყარების პასუხისმგებლობას ავღანელ უშიშროების ძალებს ჩვენ მთლიანად გადავაბარებთ. მაგრამ თუ თქვენ ჩვენ წასვლას არ მოისურვებთ, ჩვენ აქ დავრჩებით “- განაცხადა ვიცე პრეზიდენტმა ბაიდენმა.

ანალიტიკოსების ერთი ნაწილი აღნიშნავს, რომ ვაშინგტონისა და ნატოს მიერ ერთობლივი სტრატეგიის შემუშავების პარალელურად, ავღანელმა პარტნიორებმა მნიშვნელოვან პროგრესს უნდა მიაღწიონ.

ამერიკული პროგრესის ცენტრის თანამშრომელი ბრაიან კატულისი აღნიშნავს, რომ ავღანეთში მდგომარეობის სტაბილიზაცია სამი ძირითადი მაჩვენებლით უნდა შეფასდეს:

„რამდენად ეფექტურად ინარჩუნებენ უშიშროებას ავღანეთის არმია და პოლიცია? შეუძლია თუ არა კარზაის შეთანხმების მიღწევა პარლამენტისა და მთავრობის გარეთ დარჩენილ ძალებთან, რომლებიც შესაძლოა მეამბოხეებს ეხმარებიან? ხოლო მესამეს კი სამოქალაქო სახელმწიფო მართვა წარმოადგენს. ანუ სხვაგვარად რომ ვთქვათ, სახელმწიფო შემოსავლების გაზრდის და ამის სანაცვლოდ მოსახლეობის მომსახურეობით უზრუნველყოფის უნარი გახლავთ “- აღნიშნა ამერიკელმა ექსპერტმა.

ავღანეთის მთავრობასთან დაკავშირებული შეშფოთება უწინარეს ყოვლისა მთავრობაში ფართოდ გავრცელებული კორუფციის ბრალდებებს უკავშირდება.

ენდრიუ უაილდერი შეერთებული შტატების მშვიდობის ინსტიტუტში მუშაობს.

უაილდერს მიაჩნია, რომ მთავრობაში გამეფებული კორუფცია ქვეყანაში წესრიგის დამყარებას სერიოზულად აფერხებს.

„ავღანეთის ზოგიერთ რაიონში ხალხს თალიბების მოძრაობა, ისევე როგორც მთავრობა, შეიძლება სულაც არ მოსწონდეს, მაგრამ ორივეს შორის არჩევანი ხშირად თალიბების სასარგებლოდ წყდება და არა მთავრობის “ - აღნიშნა უაილდერმა.

თალიბების წინააღმდეგ მიმართულ ომში ნატოს სტრატეგიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ამოცანას, ავღანეთის არმიისა და პოლიციის მომზადება წარმოადგენს.

შეერთებული შტატების სამხედრო ძალების შტაბების უფროსთა გაერთიანებული საბჭოს თავჯდომარემ ადმირალმა მაიკ მალენმა აღნიშნა, რომ გასულ წელს ავღანეთის არმია დაახლოებით 50,000 ჯარისკაცით გაიზარდა. მთლიანობაში ავღანეთის არმიაში ამჟამად თითქმის 150,000 ჯარისკაცი მსახურობს.

ენდრიუ უაილდერის აზრით ავღანეთის არმიის სამხედრო ძალამ თალიბ მემაბოხეებზე ზეწოლა უნდა გაზარდოს რათა მათ იარაღი დაყარონ:

„ნამდვილ პრიორიტეტს ახლა წარმოადგენს ის, თუ როგორ უნდა გამოვიყენოთ საერთაშორისო და ავღანური სამხედრო ძალები თალიბ მეამბოხეებზე სამხედრო ზეწოლის მოსახდენად , ქვეყანაში პოლიტიკური სტაბილიზაციის მისაღწევად. ჩემი აზრით, ეს კრიტიკულად მნიშნველოვანი საკითხი გახლავთ. ავღანეთში მშვიდობის მიღწევა ხომ კონფლიქტის პოლიტიკურ და არა სამხედრო მოგვარებაზეა დამოკიდებული “- აღნიშნა უაილდერმა.

ბრაიან კატულისს კი მიაჩნია, რომ შეერთებული შტატების მთავრობამ კარზაის მთავრობას ავღანეთიდან ყველა ამერიკელი ჯარისკაცის გაყვანის თარიღი უნდა აცნობოს:

„ავღანეთის მთავრობისთვის ეს ხომ შემდეგი გზავნილი იქნება - ეს თქვენი ქვეყანაა. და თუ თქვენ ქვეყნის მომავლისთვის ბრძოლას აპირებთ, მაშინ თქვენ ჩვენი საზღვაო ქვეითებისა და ჯარისკაცების მსგავსად უნდა იბრძოლოთ“- დასძინა კატულისმა.

სპარსეთის ყურის რეგიონში, ცოტა ხნის წინ შემდგარი ოფიციალური ტურის დროს შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს ჰილარი კლინტონს 2014 წლის შემდეგ, ავღანეთში შეერთებული შატების სამხედრო როლის შესახებ კითხვა დაუსვეს.

თუ შეერთებული შტატების სამხედრო ძალები ავღანეთში 2014 წლის შემდეგ დარჩებიან, მაშინ ისინი საბრძოლო მისიას აღარ შეასრულებენ და მათ მხოლოდ ავღანელი სამხედროების მომზადება დაეკისრებათ, აღნიშნა სახელმწიფო მდივანმა.

XS
SM
MD
LG