2010 წლის განმავლობაში ამერიკის პრეზიდენტმა საგრძნობ პროგრესს მიაღწია ამბიციური საკანონმდებლო ინიციატივების გატარების მხრივ.
თუმცა "ამერიკის ხმის" კორესპონდეტი კენტ კლეინი თეთრი სახლიდან მოგვითხრობს, რომ ამერიკის კონგრესში რესპუბლიკელების ძლიერი და უფრო ვრცელი წარმომადგენლობა ობამას სამომავლო გეგმებს საფრთხის ქვეშ აყენებს და 2011 წლის განმავლობაში სერიოზულ ოპოზიციას უქადის ქვეყნის პირველ პირს.
წელს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ამერიკის საფინანსო ინსტიტუტების რეგულირების კანონმდებლობას, მექსიკის საზღვართან უფრო მკაცრი დაცვის შემოღებას და ჯანდაცვის რეფორმას. მაგრამ ქვეყნის ეკონომიკის სტაგნაცია ვერცერთმა ამ ზომამ ვერ შეაჩერა და შესაბამისად დავარდა პრეზიდენტის რეიტინგი.
ნოემბერში კი რესპუბლიკელებმა წარმომადგენელთა პალატაში დიდ გამარჯვებას მიაღწიეს.
ახლა ბევრი ექსპერტი თანხმდება იმაში, რომ პრეზიდენტს რთული პერიოდი დაუდგება 2011 წელს რესპუბლიკელების მხრიდან გაცხოველებული ოპოზიციის ფონზე.
დემოკრატიული პარტიის მრჩეველი მარკ პენი ამბობს, რომ ობამას რესპუბლიკელების დახმარება დაჭირდება:
„ახლა როცა რესპუბლიკელები წარმომადგენელთა პალატას აკონტროლებენ მათთან კომპრომისის გარეშე ვერაფერი მოხდება და კანონმდებლობის გატანას სწორედ შემხვედრი ნაბიჯების გადადგმა დასჭირდება"-აცხადებს პენი.
პენის განცხადებით, ობამას საპრეზიდენტო ვადას ახლა კრიტიკული დრო უდგას.
"ამერიკელებს აინტერესებთ, გაგრძელდება თუ არა დაპირისპირება მომდევნო ორი წლის მანძილზე, თუ პარტიები ითანამშრომლებენ და პროგრესის მიღწევას შეეცდებიან.“
დემოკრატები და რესპუბლიკელები ნოემბრის არჩევნების შედეგებს სხვადასხვანაირად აღიქვამენ. პრეზიდენტი ობამა ამბობს, რომ მისი აზრით, ამომრჩეველმა ორივე პარტიას თანამშრომლობის სიგნალი მისცა:
„ამერიკელებს დაპირისპირებისთვის არ მიუციათ ხმა. ისინი თანამშრომლობასა და პროგრესს ითხოვენ. ისინი ჩვენ ყველას არსებული მდგომარეობისთვის პასუხს მოგვთხოვენ.“
კონსერვატიული კომენტატორი ემი ჰოლმსი ამბობს, რომ არჩევნების შედეგები პრეზიდენტის პროგრამებით უკმაყოფილების გამოხატულება იყო:
„ამომრჩევლები ახლა დარწმუნებული არიან, რომ აღარ სურთ მემარცხენე, ლიბერალური, და მთავრობის მოქმედებებზე კონცენტრირებული სახელმწიფო“.
2011 წელს, ბარაკ ობამას ერთერთი გადამწყვეტი ბრძოლა ექნება ჯანდაცვის კანონმდებლობის შესანარჩუნებლად.
რესპუბლიკელების ვრცელი წარმომადგენლობა კონგრესში ასევე ხელს შეუშლის ობამას ინიციატივებს კლიმატის ცვლილებისა და საემიგრაციო რეფორმის საკითხებში.
საგარეო პოლიტიკის კუთხით კი, როგორც ანალიტიკოსი ემი ჰოლმსი აცხადებს, პრეზიდენტი გააგრძელებს რესპუბლიკელების მხარდაჭერის მოპოვებას, მიუხედავად შუალედურ არჩევნებში დამარხებისა.
„ბარაკ ობამამ გუანტანამოს ციხე ჯერჯერობი ღიად დატოვა, იგი მხარს უჭერს პატრიოტის აქტსაც და რაც მთავარია, მას იგივე თავდაცვის მინისტრი ჰყავს, რომელიდ ჯორჯ ბუშს დროსაც პენტაგონს ხელმძღვანელობდა. ისე, რომ მგონი ამ საკითხებში რესპუბლიკელები და პრეზიდენტი საერთო ენას გამონახავენ.“
ამერიკელი პოლიტიკური მიმომხილველები თანხმდებიან, რომ ორი წელი პოლიტიკაში ძალიან დოდი დროა და რომ ამ პერიოდში ყველაფერი მოსალოდნელია და თუ პრეზიდენტი შეძლებს უმუშევრობის პრობლემის შემცირებას და ცენტრისკენ გადაიხრება, მაშინ ის ნამდვილად შეძლებს დამატებითი მხარდამჭერების მოზიდვას.