ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვაშინგტონში ევრაზიის უსაფრთხოების საკითხებზე კონფერენცია გაიმართა


ვაშინგტონში ევრაზიის უსაფრთხოების საკითხებზე კონფერენცია გაიმართა

კონფერენცია ექვსი თემატური დისკუსიისგან შედგებოდა.

პარასკევს ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტთან არსებულმა ევროპის, რუსეთისა და ევრაზიის კვლევის ინსტიტუტმა ევრაზიაში უსაფრთხოებისა და კვლევის მიმართ ახალი მიდგომის პროგრამის, ყოველწლიურ ერთდღიან სამეცნიერო-კვლევით კონფერენციას უმასპინძლა.

კონფერენცია ექვსი თემატური დისკუსიისგან შედგებოდა. პირველი დისკუსია რუსეთსა და მის მეზობელ ქვეყნებს შორის ურთიერთობების ანალიზს მიეძღვნა. გამომსვლელთა შორის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერების ასოცირებული პროფესორი კორნელი კაკაჩიაც იყო. თავის გამოსვლაში მან კერძოდ აღნიშნა, რომ დასავლეთის ანალიტიკური წრეები ნაკლებ ყურადღებას აქცევენ იმას, თუ რაოდენ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს იძულებით გადაადგილებულ პირთა პოზიცია საქართველოს შიდა პოლიტიკაში. მისი თქმით:

„საქართველოს საზოგადოებაში უსამართლო მშვიდობის შეგრძნება შეინიშნება, რაც მომავლისთვის საკმაოდ სახიფათოა, რადგან რუსეთ-საქართველოს ომმა საზოგადოებას დიდი ტრავმა მიაყენა. ამას უნდა დავუმატოთ ისიც, რომ ქვეყანაში მყოფ ათასობით იძულებით გადაადგილებულ პირს დევნილთა ახალი ტალღა დაემატა. ეს ხალხი ქართულ პოლიტიკას ენერგიას მატებს.“

კაკაჩიამ აღნიშნა, რომ დასავლეთის ანალიტიკურ წრეებში ხშირად რუსეთ-საქართველოს ომის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად საქართველოს პოლიტიკური ინსტიტუტების სისუსტეს ასახელებენ, რაც შეიძლება ნაწილობრივ სიმართლეს შეესაბამებოდეს, მაგრამ იმავდროულად იძულებით გადაადგილებულ პირთა გავლენა საქართველოს შიდა პოლიტიკაში საერთოდ არ განიხილება.

„ეს ჯგუფი საქართველოს საზოგადოების დიდი სიმპათიით სარგებლობს. თუ თქვენ საქართველოს ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის სამოქმედო პროგრამას გადახედავთ, დარწმუნდებით, რომ იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნებასთან დაკავშირებული საკითხი უპირველეს პრიორიტეტად ითვლება. ამას ისიც უნდა დავუმატოთ, რომ საზოგადოების ეს ნაწილი საკმაოდ აქტიურია და ბევრი იძულებით გადაადგილებული პირი სახელმწიფო სტურქურებში წამყვან თანამდებობებს იკავებს. მაგალითად, თუნდაც ახლად დანიშნული ეკონომიკის მინისტრი გამოდგება. ამდენად, ვინც არ უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში, ახალი მთავრობა იძულებით გადაადგილებულ პირთა სურვილებს ვერ უგულვებელყოფს ქართულ პოლიტიკაზე მათი გავლენის გამო.“

თავის გამოსვლაში რუსეთ-ბელარუსის ურთიერთობები გაანალიზა სტრატეგიული კვლევების ბელარუსული ინსტიტუტის დირექტორმა ვიტალი სილიციკიმ. თავდაპირველად სილიცკიმ გააკეთა ზოგადი განცხადება იმის შესახებ, რომ ბოლო რამდენიმე წლის მოვლენებმა ცხადყო, რომ პოსტ-საბჭოთა მთავრობათაშორისი ორგანიზაციები არაფუნქციონალური აღმოჩნდა. ამის საუკეთესო მაგალითს, სილიცკის აზრით, წარმოადგენს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია, რომელმაც ყირგიზეთში მომხდარ ეთნიკურ ძალადობაზე არანაირი რეაგირება არ მოახდინა. ამას გარდა, თვით დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა და რუსეთ-ბელარუსის კავშირი თანდათან ინგრევა.

„ყირგიზეთის გამოცდილებიდან გამომდინარე, რუსები რეჟიმის შეცვლას აღარ ეწინააღმდეგებიან. ისინი ახლა მეზობელი სახელმწიფოების, მათ შორის ბელარუსის, შიდა პოლიტიკაში ჩარევის ახალ მეთოდებს იყენებენ, რაც რუსეთ-ბელარუსის ურთიერთობებში ახალ ტენდენციად გამოისახა. რუსეთ-ბელარუსის საბაჟო კავშირი ბელარუსის ეკონომიკურ ინტერესებს არ აკმაყოფილებდა იმდენად რამდენადაც ბელარუსისთვის განკუთვნილი ნავთობპროდუქტების იმპორტი მაღალი ტარიფებით იბეგრებოდა. ენერგომატარებლების იმპორტის საკითხი კი ბელარუსის პოლიტიკური რეჟიმის სტაბილურობის ყველაზე მნიშვნელოვან განმსაზღვრელ ფაქტორად ითვლება. 19 დეკემბერს დანიშნული საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოვების ფონზე ლუკაშენკოს ყველაზე მნიშნველოვანი სადარდებელი არა ოპოზიციური პოლიტიკური ძალებია, რომელთა ნაწილს რუსეთი მხარს უჭერს, არამედ რუსეთის მთავრობის მიერ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების აღიარებაზე უარის თქმა,“ აღნიშნა სილიცკიმ.

აზერბაიჯანის დიპლომატიური აკადემიის აკდამიურ ურთიერთობათა განყოფილების დეკანის მოადგილემ ანარ ვალიევმა თავის შენიშვნებში უარყო ის მოსაზრება, რომ თითქოს აზერბაიჯანის საგარეო პოლიტიკური კურსი „ფინლანდიზაციის“ ტენდენციაზე მიგვინიშნებს ანუ რუსეთის ინტერესებისკენ იხრება. ამასთან დაკავშირებით ვალიევმა აღნიშნა:

„მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული ქვეყნები მართლაც საგარეო პოლიტიკის ‘ფინლანდიზაციას’ მიჰყვნენ, მაგალითად უკრაინა, სომხეთი, ყაზახეთი და ალბათ სხვა შუა აზიის სახელმწიფოები, აზერბაიჯანი ამ მიმართულებით არ წასულა. ბაქო კვლავინდებურად ბალანსირებულ პოლიტიკას ახორციელებს და ცდილობს გამოიყენოს ის უთანხმოებები რომელიც რეგიონის ძლევამოსილ სახელმწიფოებს შორის არსებობს. მაგრამ აზერბაიჯანისთვის ყველაზე დიდ პრობლემას მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი წარმოადგენს. როგორც მოგეხსენებათ, ეს კონფლიქტი კვლავინდებურად გადაუჭრელი და გაყინულია, მაგრამ ამ კონფლიქტის გავლენა, არა მხოლოდ აზერბაიჯანის საგარეო პოლიტიკას ზღუდავს, არამედ ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას ამუხრუჭებს.“

ამერიკის ხმის ქართული რედაქციის კითხვაზე, თუ როგორ შეაფასებდა იგი ბაქოს რეაქციას თბილისის შემოთავაზებაზე, ქართულ-აზერბაიჯანული სტრატეგიული კონფედერაციის შექმასთან დაკავშირებით, ვალიევმა შემდეგი პასუხი გასცა:

„რაც შეეხება საქართველო-აზერბაიჯანის კონფედერაციის საკითხს, აზერბაიჯანმა ეს შემოთავაზება არ უგულვებელყო, უბრალოდ თქვენ სწორად უნდა გაგვიგოთ, რომ კონფედერაციის შექმნის საკითხი კავკასიაში რუსეთის ინტერესებისთვის პირდაპირი გამოწვევა იქნება. ამდენად, თუ თქვენ აზერბაიჯანის საგარეო პოლიტიკას ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე გადახედავთ, მიხვდებით, რომ ბაქო ჩუმ დიპლომატიას ანიჭებს უპირატესობას. აზერბაიჯანს მშვენივრად ესმის, რომ საქართველოს დახმარება სჭირდება. აზერბაიჯანი აცნობიერებს, რომ თუ საქართველოს სახელმწიფოებრიობა და დამოუკიდებლობა დამარცხდა, საქართველოზე გამავალი აზერბაიჯანის ბევრი პროექტი ჩაიშლება. მაშასადამე, აზერბაიჯანი საქართველოს მიმართ პოლიტიკურ და ფინანსურ მხარდაჭერას კვლავინდებურად გააგრძელებს, მაგრამ კონფედერაციის შექმნა უაღრესად მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომელიც სამხედრო ალიანსს შეიცავს, ხოლო ეს კი ძალიან გაბედული იქნებოდა. შედეგად აზერბაიჯანი ამაზე არ წავა, ვინაიდან საქართველოსგან განსხვავებით, აზერბაიჯანს დასაკარგი ბევრი აქვს.“

XS
SM
MD
LG