ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მსოფლიო წამების გარეშე!


მსოფლიო წამების გარეშე!
მსოფლიო წამების გარეშე!

პატიმრები არ ჩივიან წამების ფაქტებთან დაკავშირებით, ვინაიდან ხედავენ, რომ დაუცველნი არიან და პრაქტიკულად მათი გასაჩივრების მექანიზმიც დარღვეულია.

ამ სახელწოდებით გაეროს მიერ გამოცხადებულ წამების მსხვერპლთა დახმარების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, თბილისში სახალხო დამცველისა და წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრის ”ემპათიის” ორგანიზებით მე-7 კონფერენცია გაიმართა.

არა მხოლოდ საქართველოში არამედ, სამწუხაროდ, მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც წამებისა და არასათანადო მოპყრობის წინააღმდეგ ბრძოლა აქტუალურია. ”ციხის საერთაშორისო რეფორმის” რეგიონალური დირექტორის ცირა ჭანტურიას თქმით, პირთათვის, რომლებიც არასათანადო მოპყრობისა და წამების ფაქტებზე საჯარო განცხადებებს აკეთებენ - დაცვის მექნიზმები უნდა შეიქმნას :

” ნებისმიერ ფაქტზე არასათანადო მოპყრობისას უნდა დაიწყოს დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და ეფექტური გამოძიება. არის შემთხვევები, როდესაც პატიმრები ვერ ჩივიან იმის გამო, რომ მათ ეშინიათ ანგარიშსწორების. თუ ჰქონდათ განცხადება გაკეთებული არასათანადო მოპყრობის ფაქტების შესახებ, სამწუხაროდ მოგვიანებით, როცა სახალხო დამცვერლის წარმომადგენლები შედიან ისინი უარს ამბობენ და უკან მიაქვთ თავიანთი განცხადება. შესაბამისად, პატიმრებისთვის, რომლებიც წამების შესახებ აცხადებენ, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში გარკვეული დაცვის გარანტიები უნდა შეიქმნას.”

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის ზაზა ხატიაშვილის თქმით, წამების მსხვერპლთა რაოდენობა საქართველოს სასჯელარსრულების დაწესებულებებში დღითიდღე იზრდება:

” საპატიმრო დაწესებულებები თავისი არსიდან გამომდინარე გადაქცეულია წამების დაწესებულებებად. მაგალითად, გლდანის მე-8 საპყრობილე.. ერთი კვირის წინ ცნობილი გახდა მალხაზ არქანიას ახსნა-განმარტება, სადაც მალხაზ არქანია აღწერს, როგორ აყურებინებდნენ სხვა პატიმრის გაუპატიურებას, როგორ გახადეს შარვალი, როგორ გადაუღეს მერე სურათები და დაემუქრნენ ინტერნეტით გავრცელებით თუ არ დაწერდა ჩვენებას. მერე ჩვენება რომ დაწერა არ მოეწონათ და შეაჭამეს ეს ჩვენება იძულებით .”

უკან გადადგმული ნაბიჯია ის, რომ საქართველოს ციხეთა სისტემა არის ძალიან დახურული - ამბობს კონფერენციის ორგანიზატორი , ცენტრ ”ემპათიის” ხელმძღვანელი მაკა ჯიშკარიანი:

” ერთადერთი საშუალება ინფორმაციის მიღებისა ციხიდან არის სახალხო დამცველი და ეროვნული პრევენციული ჯგუფი, რაც არასაკმარისია. ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია იძლევა რეკომენდაციებს გაფართოვდეს მონიტორინგის სისტემა და ა.შ. პრაქტიკულად პატიმრები არ ჩივიან წამების ფაქტებთან დაკავშირებით, ვინაიდან ხედავენ, რომ დაუცველნი არიან, პრაქტიკულად მათი გასაჩივრების მექანიზმიც დარღვეული, რაც ,რა თქმა უნდა , სახელმწიფო დანაშაულია. მაგრამ დღეს 21-ე საუკუნეა და მოიძებნება ის მექანიზმები, რომლებიც ამ კედელს დაანგრევს, იმიტომ რომ დღეს საქართველო არ არის რკინის ფარდის ქვეშ და არ არის იზოლირებული ქვეყანა. შესაბამისად, ამის უკუშედეგი იქნება ის, რომ სტრასბურგის სასამართლოში უფრო მეტი საჩივარი შევა მე-3 მუხლით და სულ უფრო მეტ და მეტ საქმეს წააგებს სახელმწიფო, რითაც ისევ საქართველოს ბიუჯეტი დაზარალდება.”

XS
SM
MD
LG