ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ეფექტური რეზოლუცია თუ ქარიშხალი ჭიქაში?


ეფექტური რეზოლუცია თუ ქარიშხალი ჭიქაში?
ეფექტური რეზოლუცია თუ ქარიშხალი ჭიქაში?

გაეროში საქართველოს მუდმივი და სრულუფლებიანი წარმომადგენელი კახა ლომაია ამბობს, რომ რეზოლუციის არასავალდებულობის მიუხედავად, ასეთი ხასიათის დოკუმენტები მაინც ცვლიან პოლიტიკურ ატმოსფეროს.

გაეროს გენერალურმა ასამლეამ მორიგი რეზოლუცია მიიღო, რომლის თანახმად რუსეთს კიდევ ერთხელ დაავალდებულეს აფხაზეთიდან და ცხივნვალის რეგიონიდან დევნილთა დაბრუნების უზრუნველყოფა.

ანალოგიური რეზოლუცია გაეროს გენერალურმა ასამბლეამ გასულ წელსაც მიიღო. თუმცა წელს ქართული მხარე თავს იმით იწონებს, რომ შანრაშანდელისგან განსხვავებით, რეზოლუციას წევრი სახელმწიფოებიდან მხარი შვიდით მეტმა დაუჭირა. მათ შორისაა ნაურუც, რომელმაც დე–ფაქტო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა აღიარა. მოწინააღმდეგე 13 ქვეყანას შორის კი სომხეთი და სერბეთიც აღმოჩნდა. ისინი საქართველოს ტერიტორიაზე დევნილთა დაბრუნებას მხარს არ უჭერენ. 57 ქვეყანა მოუწოდებს როგორც რეზოლუციის მოწინააღმდეგე 13 ქვეყანის, ასევე, იმ 74–ის მოქალაქეებსაც, რომელმაც ხმის მიცემისგან თავი შეიკავა, არ შეიძინონ უძრავი ქონება აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში.

რა შედეგი შეიძლება მოუტანოს საქართველოს გენერალური ასამბლეის მიერ მიღებულმა რეზოლუციამ თუნდაც იმ შემთხვევაში, რომ მომავალ წელს ყველა ქვეყანა საქართველოში დევნილთა დაბრუნებაზე თახმობას აცხადებდეს?

ექსპერტი კახა გოგოლაშვილი ამბობს, რომ გაეროს რეზოლუცია არავის არაფერს ავალდებულებს:

„მე არ ვამბობ, რომ რეზოლუცია საკმარისია პრობლემის გადაჭრისთვის. მაგრამ როდესაც არსებობს დოკუმენტი დადგენილებით, რამდენია მომხრე და რამდენი წინააღმდეგე გარკვეული საკითხის მიმართ, ეს წარმოადგენს მტკიცებულებას მოლაპარაკებების დროს, რათა ჩვენ უფრო მყარად ვიგრძნოთ თავი“ – ამბობს კახა გოგოლაშვილი.

რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა რეზოლუცია ჟენევის მოლაპარაკებებს დაუკავშირა და განაცხადა, რომ ქართულ მხარეს სურს ის დიალოგი, რაც ჟენევაში უნდა იმართებოდეს სულ სხვა ფორმატში გადაიტანოს.

„თბილისს სურს დევნილთა თემის განხილვა პრაქტიკული შეთანხმებიდან პროპაგანდისტულ ფორმატში გადაიყვანოს. ასეთი საკთხები ჯობს, ჟენევაში განვიხილოთ. თანაც იქ ყველა მხარეს აქვს პოზიციის დაფიქსირების საშუალება განსხვავებით გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომისგან. თუ ქართველებს სურთ საკითხის განხილვა ასამბლეაზე გაგრძელდეს, მაშინ აქ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლებიც უნდა მოვიწვიოთ, რომლებსაც აქ მოსასვლელად ვიზებზე ექმნებათ პრობლემები.“

გაეროში საქართველოს მუდმივი და სრულუფლებიანი წარმომადგენელი კახა ლომაია ამბობს, რომ რეზოლუციის არასავალდებულობის მიუხედავად, ასეთი ხასიათის დოკუმენტები მაინც ცვლიან პოლიტიკურ ატმოსფეროს, „შეუძლებელია საბოლოოდ რუსეთმა მსოფლიო თანამეგობრობის აზრს ანგარიში არ გაუწიოს."

რეზოლუციის მიღებას მოჰყვა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ცხინვალის დე–ფაქტო ადმინისტრაციამ საქართველოს მხრიდან პროვოკაციის საფრთხე დაინახა. რაც იმაში მდგომარეობდა, რომ ქართველი დევნილები საზღვრის გადაკვეთას აპირებდნენ. დღეს, დღის ბოლომდე მსგავსი ინციდენტი არ დაფიქსირებულა.

XS
SM
MD
LG