ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კონგრესმა ლიბიის საკითხი გადადო


კონგრესმა ლიბიის საკითხი გადადო
კონგრესმა ლიბიის საკითხი გადადო

დემოკრატიული უმრავლესობის ლიდერმა ნატოს ლიბიის კამპანიაში ამერიკელი სამხედროების მონაწილეობის საკითხი განიხილა.

შეერთებული შტატების სენატმა გადადო იმ რეზოლუციის განხილვა, რომელიც ამერიკელებს მინიმალური სამხედრო ჩარევის უფლებას აძლევდა ლიბიაში.

სენატის უმრავლესობის ლიდერის ჰარი რეიდის განცხადებით, ამჟამად უფრო მნიშვნელოვანია შეერთებული შტატების საგარეო ვალის პრობლემის განხილვა. ამის გამო, ამერიკელ კანონმდებლებს დამოუკიდებლობის დღესასწაულიდან მეორე დღესვე მოუწიათ ვაშინგტონში დაბრუნება, რადგან შემდეგი რეცესია დაუშვებელია, როცა ამერიკის ვალმა 14 ტრილიონ დოლარს მიაღწია.

მიუხედავად ამისა, დემოკრატიული უმრავლესობის ლიდერმა მაინც დააყენა ნატოს ლიბიის კამპანიაში ამერიკელი სამხედროების მონაწილეობის საკითხი, რამაც რესპუბლიკელი სენატორის ჯეფ სესიონის აღშფოთება გამოიწვია. მისი თქმით:

“ მე არ ვიცი ვინ რას ფიქრობს ლიბიის რეზოლუციასთან დაკავშირებით, მაგრამ ამ კვირას ჩვენ სხვა უფრო მნიშვნელოვანი საკითხები უნდა განვიხილოთ, თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ პრეზიდენტ ობამას არ დაუყენებია ეს საკითხი ჩვენს წინაშე.“

რესპუბლიკელმა სენატორმა ტენესის შტატიდან ბობ კორკერმა თავის მხრივ აღნიშნა, რომ წარმომადგენელთა პალატამ აღნიშნული რეზოლუციის წინააღმდეგ მისცა ხმა და რესპუბლიკელებს მოუწოდა ეროვნულ ვალს და უზარმაზარ დეფიციტს მიაქციონ ყურადღება.

ამის შემდეგ სენატის დემოკრატმა ლიდერმა ჰარი რეიდმა კენჭისყრიდან მოხსნა ლიბიასთან დაკავშირებული საკითხი.

მისი თქმით:

“ მე ველაპარაკე სენატში რესპუბლიკური უმცირესობის ლიდერს მიჩ მაკკონელს და შევთანხმდით, რომ ლიობიასთან დაკავშირებულ რეზოლუციაზე მნიშვნელოვანია ამ კვირის განმავლობაში ბიუჯეტის საკითხების განხილვა.“

ეს რეზოლუცია შეერთებულ შტატებს ლიბიაში ერთი წლის განმავლობაში სამხედრო ჩარევის უფლებას აძლევს. აქვე აღნიშნულია, რომ ამერიკას არა აქვს განზრახვა ლიბიაში სახმელეთო ოპერაციაში მიიღოს მონაწილეობა და კადაფის შემდგომ პერიოდში ქვეყნის აღმშენებლობაზე იზრუნოს.

ობამას ადმინისტრაცია თვლის, რომ კონგრესის დასტური ამ შემთხვევაში არ იყო აუცილებელი, მაგრამ მიესალმება თუ ამგვარ რეზოლუციას მაინც მიიღებენ.

რეზოლუცია სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ჯონ კერის შედგენილია, რესპუბლიკელ ჯონ მაკეინთან ერთად. სენატორი მაკეინი მიიჩნევს, რომ ბიუჯეტის პრობლემების განხილვა მნიშვნელოვანი საკითხია, მაგრამ არც ლიბიის იგნორირებაა მიზანშეწონილი.

მისი თქმით:

“ სენატში უნდა გაიმართოს დებატები ლიბიაში შეერთებული შტატების პოლიტიკასთან და მიმდინარე სამხედრო მოქმედებებთან დაკავშირებით და ყველამ უნდა გამოთქვას საკუთარი აზრი.“

ჯონ მაკეინის განცხადებით, ლიბიასთან დაკავშირებული რეზოლუციის მიღება შესაძლოა საერთოდ არ ყოფილიყო აქტუალური საკითხი თავის დროზე პრეზიდენტ ობამას, რომ გახსენებოდა კონგრესის მიერ ამ საკითხის რატიფიკაციის აუცილებლობა.

XS
SM
MD
LG