ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვინ გახდება აფხაზეთის ლიდერი?!


ვინ გახდება აფხაზეთის ლიდერი?!
ვინ გახდება აფხაზეთის ლიდერი?!

როგორ განვითარდება მოვლენები აფხაზეთში? ოფიციალური თბილისის განცხადებით იმის გათვალისწინებით, რომ საქმე რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონს ეხება, მოვლენების პროგნოზირება აფხაზეთში რთულია.

აფხაზეთში 3-დღიანი გლოვაა გამოცხადებული. სოხუმში ხვალ აფხაზეთის ლიდერს სერგეი ბაღაფშს დაკრძალავენ, რომელიც 29 მაისს მოსკოვში გარდაიცვალა.

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, თამაზ ხუბუას თქმით, იგი ბაღაფშს პირადად და ძალაინ კარგად იცნობდა :

” მინდა თქვენი რადიოს საშუალებებით ვისარგებლო და მის ოჯახს მივუსამძიმრო. ბოლო პერიოდში, საერთოდ თავისი პრეზიდენტობის განმავლობაში მას ჰქონდა ცალკეული პოზიციები, რომელიც რუსეთის ფედერაციის გეგმებში არ ჯდებოდა. ცნობილია მისი დამოკიდებულება 2008 წლის აგვისტოს მოვლენებთან დაკავშირებით.. ეს პრესაშიც იყო.მან უარი განაცხადა თბილისისკენ მიმავალი რუსეთის რეგულარული ჯარების გატარებაზე . მე არ მიმაჩნია, რომ ეს მაინცდამაინც მისი კეთილი ნება იყო, რომ თბილისი დაეცვა რუსეთის აგრესიისგან, მაგრამ მან თავისი დამოკიდებულება ზედმეტად ჩართულიყო კონფლიქტში , რაც არსებობს საქართველოს ცენტრსა და რეგიონს შორის, ამ დამოკიდებულებით მაინც გამოხატა. პოლიტიკური სიფხიზლე გამოიჩინა. მაგრამ ძირითადად ის ემსახურებოდა სეპარატისტთა მთავარ იდეოლოგიას და ეს იდეოლოგია მთლიანად ჯდებოდა რუსეთის მიზნებში, რომელიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ იყო მიმართული.”

როგორ განვითარდება მოვლენები აფხაზეთში? ოფიციალური თბილისის განცხადებით, იმის გათვალისწინებით, რომ საქმე რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონს ეხება, მოვლენების პროგნოზირება აფხაზეთში რთულია.

აფხაზეთში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები დაინიშნება, ამასთან დაკავშირებით, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძე აცხადებს, რომ აფხაზეთში ჩატარებული სეპარატისტული არჩევნები არალეგიტიმური იქნება. მისივე თქმით, ამ არჩევნებს იურიდიული ძალა არ ექნება.

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრის, ჯემალ გამახარიას თქმით, თბილისისთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, თუ ვინ მოვა აფხაზეთის სათავეში, ვინაიდან სეპარატისტების პოლიტიკა არ შეიცვლება:

”რაც არ უნდა იყოს, როგორიც არ უნდა იყოს, პოლიტიკური ურთიერთობები, ადამიანურად ჩვენ ძალიან გვეწყინა ბ-ნი ბაღაფშის ასე მოულოდნელად გარდაცვალება და სამძიმარს ვუცხადებთ ყველას, უპირველეს ყოვლისა მისი ოჯახის წევრებს.

რაც შეეხება მომავალ ურთიერთობებს და მოვლენების განვითარებას, დაინიშნება ალბათ, როგორც მათი ე.წ. კონსტიტუციით არის გათვალისწინებული, 3 თვის ვადაში ახალი არჩევნები. რეალური კანდიდატებიც პრინციპში გამოკვეთილია.. რამდენიმე არიან, მაგრამ ორი ყველაზე რეალური კანდიდატურაა: ალექსანდრე ანკვაბი და სერგეი შამბა.

ახლა ბევრს ლაპარაკობენ, ვინ იქნება რუსეთის მიერ ხელდასმული და ა.შ. ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ის დამოკიდებულება ,რასაც აფხაზი საზოგადოება რუსული პოლიტიკის მიმართ ატარებს. იგი იქ ფაქტობრივად უკვე ჩამოყალიბებულია და ეს არის საკმაოდ უარყოფითი დამოკიდებულებაა. იქ კონფრონტაციამდე საქმე მისული არ არის, მაგრამ ნეგატიური დამოკიდებულება სახეზეა."

- თქვენ გამორიცხავთ, რომ ახალ პრეზიდენტს თავად აფხაზი ხალხი აირჩევს?

" მე ამას არ გამოვრიცხავ. წინა ე.წ. არჩევნებზე თქვენ გახსოვთ პუტინის ხელდასმული იყო ბ-ნი ხაჯინბა და მან ვერ გაიმარჯვა. ვერ გაიმარჯვა სწორედ იმიტომ, რომ პუტინის ხელდასმული იყო და არ არის გამორიცხული, იგივე მოუვიდეს რუსეთის ახალ კანდიდატს. ამიტომ ასე ღიად რუსეთი მხარს თავის ახალ კანდიდატს ადგილობრივი საზოგადოების გასაღიზიანებლად ალბათ არ დაუჭერს”.

XS
SM
MD
LG