ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-მა ლიბიაში საელჩო დახურა


აშშ-მა ლიბიაში საელჩო დახურა

შეერთებულმა შტატებმა ლიბიის ხელისუფლებასთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა.

ოფიციალური შეტყობინება შეერთებული შტატების საელჩოს დახურვის შესახებ მხოლოდ მას შემდეგ მოვიდა, რაც უკანასკნელმა ამერიკელმა დიპლომატმა ლიბიის ტერიტორია დატოვა.

ეს ნაბიჯი თანამშრომელთა უსაფრთხოებით იყო ნაკარნახევი და არ ნიშნავს იმას, რომ შეერთებულმა შტატებმა ლიბიის ხელისუფლებასთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა. კონტაქტი ქვეყნის ოფიციალურ პირებთან, მათ შორის საგარეო საქმეთა მინისტრ, მუსა კუსასთან, ინტენსიურად გაგრძელდება. ამერიკის მთავრობას ჯერ კიდევ იმედი აქვს, რომ ამ გზით ის შესძლებს ლიბიურ მოვლენებზე გარკვეულ ზემოქმედებას.

როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომელმა პატრიკ კენედიმ განუცხადა ჟურნალისტებს, მათ გადაწყვეტილება ჯერ კიდევ ხუთშაბათს, ლიბიის დედაქალაქში ინტენსიური ცეცხლის გახსნის შემდეგ, მიიღეს. ოფიციალური შეტყობინება კი მხოლოდ პარასკევს გამოქვეყნდა. მას შემდეგ, რაც თვითმფრინავი უკანასკნელი 19 ამერიკელი დიპლომატით ტრიპოლის სამხედრო აეროპორტის საჰაერო ბილიკიდან აფრინდა.

“ნებისმიერი დიპლომატიური ნაბიჯის გადადგმისას უდიდესი სიფრთხილე გვმართებს. ჩვენ ხომ იქ ამერიკის შეერთებულ შტატებს წარმოვადგენთ. ქვეყნის ეკონომიკური ინტერესების წარმატებით განხორციელება ჩვენი უმთავრესი საზრუნავია. თუმცა, ამერიკელი მოქალაქეების დახმარება და დაცვაც საელჩოს ერთ-ერთ ფუნქციას წარმოადგენს. ამიტომ, როდესაც ისინი საფრთხის ქვეშ იმყოფებიან, მოვალენი ვართ დიპლომატიური ურთიერთობის სხვა გზები და საშუალებები გამოვნახოთ“.

პარასკევს უილიამ ბარნსი, სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის თანაშემწე პოლიტიკურ საკითხებში, ევროპელ მოკავშირეებთან შეთანხმების შემდეგ, ლიბიის საგარეო საქმეთა მინისტრს მუსა კუსას ესაუბრა. ოფიციალურ პირთა განცხადებით, ეს კონტაქტი აუცილებლად გაგრძელდება, რათა ლიბიაში ძალადობის შეაჩერებლად ზემოქმედების ყველა ბერკეტი მაქსიმალურად გამოყენებულ იქნას.

ლიბიის საელჩო ვაშინგტონში ჯერ კიდევ აგრძელებს ფუნქციონირებას. შეგახსენებთ, ქვეყნის ელჩი ალი აუჯალი სამშაბათს, 22 თებერვალს გადადგა. მან კადაფის ხელისუფლებას „კრიმინალური“ უწოდა მას შემდეგ, რაც ლიბიის მთავრობამ საკუთარ მოქალაქეებს ცეცხლი გაუხსნა.

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ფიჯეი ქროულიმ კიდევ ერთხელ გაიმეორა თეთრი სახლის კომენტარი აღნიშნული მოვლენების შესახებ. შეერთებული შტატების ადმინისტრაცია თვლის, რომ ბატონი კადაფის მთავრობამ ლიბიელთა თვალში ლეგიტიმურობა მას შემდეგ დაკარგა, რაც საკუთარი ხალხის რბევა და ხოცვა დაიწყო. თუმცა, ფიჯეი ქროულის განცხადებით, კადაფი ჯერ კიდევ ხელისუფლების სათავეშია და დღეს ლიბიამ ყოველგვარი გარე ჩარევის გარეშე უნდა გადაწყვიტოს დატოვოს თუ არა ის ძალაუფლებაში.

თანამედროვე ამერიკული საგარეო პოლიტიკის კრიტიკოსები აცხადებენ, რომ შეერთებული შტატები უფრო კატეგორიულად უნდა მოითხოვდეს კადაფის გადაყენებას. კონსერვატორთა ერთმა ჯგუფმა, რომელიც ყოფილი სამთავრობო პირების და საგარეო ურთიერთობათა ექპერტებისგან შედგება, პრეზიდენტ ობამას ღია წერილით მიმართა.

წერილში რამდენჯერმე მეორდება სიტყვა: „მორალური ინტერესი“. ავტორთა თქმით, ამერიკას და მის მოკავშირეებს მეტი მორალური პასუხისმგებლობა და ინტერესი უნდა ჰქონდეთ, როგორც ლიბიაში ძალადობის დასასრულებლად, ასევე ლიბიური ტირანიის დასამხობადაც. და რომ მსგავსი პასიური განცხადებები არასწორ სიგნალს აძლევს ამ რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობას. ზოგიერთი ექსპერტი კიდევ უფრო შორს მიდის და ლიბიაში სამხედრო ქვედანაყოფების შეყვანას მოითხოვს.

დღესდღეობით შეერთებული შტატებიდან ფრენა ლიბიაში მაქსიმალურად შეზღუდულია. გაერომ ლიბია ადამიანის უფლებების დაცვის კომისიიდანაც გარიცხა. თუმცა, ეს ფაქტი ლიბიის ხელისუფლებას კადაფის მეთაურობით დღეს ნაკლებად უნდა აღელვებდეს.

ორშაბათს სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე, ჰილარი კლინტონი, სხვა ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის სხდომას დაესწრება. შეხვედრა ძირითადად ლიბიაში სიტუაციის განვითარებას მიეძღვნება.

XS
SM
MD
LG