ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მწეველები და თირკმლის კიბოს რისკი


მწეველები და თირკმლის კიბოს რისკი
მწეველები და თირკმლის კიბოს რისკი

მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაცია არ აჭარბებს, როდესაც აცხადებს, რომ ჯანდაცვის ყველაზე დიდი საფრთხე, რომელიც მსოფლიოს როდესმე ემუქრებოდა, არის სიგარეტი. მათი მონაცემებით მოწევასთან დაკავშირებული დაავადებებით ყოველწლიურად მინიმუმ 7 მილიონი ადამიანი იღუპება მსოფლიოში, ანუ - ყოველი მეათე ზრდასრული ადამიანი. სტატისტიკური გათვლებით მომავალში დღევანდელ მწეველთა თითქმის ნახევარი სიგარეტთან ასოცირებული დაავადებით გარდაიცვლება.

როდესაც მოწევასთან დაკავშირებულ დაავადებებზე ვსაუბრობთ, უმეტესად იგულისხმება გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, ინფარქტი, ინსულტი და ავთვისებიანი სიმსივნის მომაკვდინებელი ფორმები.

თომას პოლასიკი, ექიმი და პროფესორი დუკის უნივერსიტეტის სიმსივნის ცენტრიდან, ამბობს, რომ მცდარი გამოდგა ის შეხედულება, თითქოს სიგარეტის მოწევისას უმეტესად ფილტვი ზიანდება, რადგან კვამლის შეწოვა ჯერ ფილტვებში ხდება. როგორც აღმოჩნდა, სისხლძარღვების საშუალებით მავნებელი ნივთიერებები თირკმელში იყრის თავს, სადაც სიმსივნე შეუმჩნევლად იზრდება. ყველაზე ცუდი ამ ტიპის ავთვისებიან სიმსივნეს ის აქვს, რომ მისი აღმოჩენა სიმსივნის განვითარების ბოლო ეტაპამდე არ ხდება.

“სანამ პაციენტს ტკივილები არ დაეწყება, ან შარდში სისხლი არ აღმოაჩნდება, მანამდე ის ვერაფერს ატყობს“.

პროფესორის თქმით მსგავსი ჩივილებით პაციენტი ძირითადად გადაუდებელი სასწრაფო დახმარების განყოფილებაში მოდის. შემდეგ კი მას დიაგნოსტიკური აპარატურით ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზი ესმება.

თავად ამ დაავადების მოწევასთან კავშირი ძველი კვლევებითაც დასტურდება და სამეცნიერო წრეებში ეს კარგად იციან. მაგრამ უახლესი გამოკვლევებით სურათი ბევრად უფრო გამოიკვეთა. ახლა უკვე არსებობს ზუსტი მონაცემები, თუ რამდენად მოქმედებს დაავადების მომაკვდინებელ ფორმაზე ორი მთავარი ფაქტორი. პირველი- რა ხნის, რამდენი წლის განმავლობაში ეწეოდა პაციენტი და მეორე - დღეში რამდენს ეწეოდა.

კერძოდ, დიუკის უნივერსიტეტის სიმსივნის ცენტრში ჩატარებულ ერთ-ერთ სამეცნიერო კვლევაში 800 თირკმლის ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებული პაციენტი მონაწილეობდა. მათი დაავადების ისტორიის შესწავლისთვის ისინი სამ ჯგუფად დაყვეს: მწეველები, ყოფილი მწეველები და არამწეველები.

„აღმოვაჩინეთ, რომ ის, ვინც სულ რამდენიმე წელიწადი ეწეოდა, მისი დაავადების რისკი 6 პროცენტია. თუკი 10-20 წელი ეწეოდით, რისკი 45 პროცენტამდე იზრდება. და თუკი 30-40 წელი ეწეოდით, თქვენი დაავადების რისკი უკვე 80 პროცენტამდე ადის“ - აღნიშნავს პროფესორი.

ჩვენ დავინტერესდით, რამდენად დიდია რისკი იმ ადამიანებისთვის, ვინც მაგალითად, 20 წელია რაც მოწევას თავი დაანება. ბატონი პოლასიკი გვპასუხობს, რომ მათი დაავადების რისკი ახლოს არის არამწეველთან, მათთან, ვინც არასოდეს ეწეოდა. მაგრამ, იმასაც ვერ ვიტყვით რომ უტოლდება. ერთი რამის თქმა დანამდვილებით შეგვიძლია, ამბობს ის: რაც უფრო ადრე დაანებებთ თავს მოწევას, გადარჩენის შანსი მეტი გექნებათ.

მეცნიერები აცხადებენ, რომ ჯერ კიდევ ბევრი კვლევაა ჩასატარებელი იმის შესასწავლად, თუ რა ზემოქმედებას ახდენს ის კონკრეტული ქიმიკატები, რომელიც ყველა სიგარეტშია და თამბაქოსთან ერთად შეიწოვება ორგანიზმში. იქნებ ამ გზით სიგარეტის მავნებელი ზემოქმედება ოდნავ მაინც შემცირდეს. დაწვრილებით ამ კვლევების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ სამეცნიერო გამოცემა: კლინიკური ონკოლოგიის დღიური ( Journal of Clinical Oncology).

XS
SM
MD
LG