ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ფინანსისტები ამერიკის საგარეო ვალზე წუხან


ფინანსისტები ამერიკის საგარეო ვალზე წუხან
ფინანსისტები ამერიკის საგარეო ვალზე წუხან

მთავარი სარეიტინგო სააგენტოები აცხადებენ, რომ შეერთებული შტატების მონაცემები ხელახალ გადახედვას საჭიროებს.

კონგრესში კანონმდებლებს კარგად ესმით, რომ შეერთებული შტატების საგარეო ვალის ლიმიტის გაზრდამ შესაძლოა მომავალში ფედერალური მთავრობის მიერ მათი გადაუხდელობა, ე.წ. დეფოლტი, გამოიწვიოს.

სკოტ შელადი, რომელიც ჩიკაგოს ფინანსურ ბირჟაზე კომპანია ICAP Energy-ს ინვესტიციებს კურირებს, ამბობს, რომ ამერიკა შეძლებს ვალის გადაუხდელობის თავიდან აცილებას. მაგრამ თვლის, რომ გადაუხდელობა არ არის ერთადერთი საფრთხე, რომელიც ქვეყნის ფინანსურ სისტემას ემუქრება.

„დღეს ჩვენ ამერიკის საგარეო ვალის გადაუხდელობაზე კი არ უნდა ვმსჯელობდეთ, არამედ არანაკლებ მნიშვნელოვან პრობლემაზე, რომელიც ქვეყნის კრედიტიუნარიანობის დაქვეითება გახლავთ. ვალის გადაუხდელობის საფუძველი არა მგონია არსებობდეს. ამ საფრთხეს პოლიტიკოსები უფრო გადაწყვეტილების მიღების დასაჩქარებლად იშველიებენ“ - აღნიშნავს ის.

ამერიკას 1917 წლის შემდეგ საუკეთესო კრედიტ-რეიტინგი ჰქონდა. ახლა კი მთავარი სარეიტინგო სააგენტოები აცხადებენ, რომ შეერთებული შტატების მონაცემები ხელახალ გადახედვას საჭიროებს. კრედიტ-რეიტინგის დაქვეითება ქვეყნის ფინანსურ სისტემას დიდი ხნით დააზარალებს. ამის თავიდან აცილება მხოლოდ იმაზე მეტი ვალის გასტუმრებით შეიძლება, ვიდრე ეს დღეს ხდება.

სკოტ შელადი თვლის, რომ შეერთებულმა შტატებმა აქციათა მეტი მყიდველის მოზიდვა უნდა მოახერხოს, რომ ვალები გაისტუმროს და მთავრობამაც მუშაობის გაგრძელება შესძლოს. „ერთადერთი გამოსავალი ისევ და ისევ ვალების მეტად გასტუმრებაა. ამას თუ ვერ მოვახერხებთ, ჩვენი საპროცენტო განაკვეთი გაიზრდება და მას სხვებიც მიჰყვებიან“ - ამბობს ის.

ნორსვესტერნ უნივერსიტეტის ეკონომიკის მეცნიერებათა პროფესორი -პაოლა საპიენზაც- თვლის, რომ კონგრესში მიმდინარე ბიუჯეტის შემცირებაზე დავა და გადაწყვეტილების მიღება არაფერს შეცვლის, თუკი ამერიკის კრედიტ-რეიტინგის დაქვეითებას ექნება ადგილი.

„საგარეო ვალზე საპროცენტო განაკვეთი გაზრდება, რაც ქვეყანას სერიოზულად დააზარალებს. მდგომარეობის ირონიულობა იმაშია, რომ თანხა, რომელსაც დღეს კონგრესში საუკეთესო ვარიანტში მოლაპარაკების შემთხვევაში ბიუჯეტიდან დავზოგავთ, ისევ საგარეო ვალის შენახვას მოხმარდება. გამოდის რომ შეკვეცით ფედერალურ ბიუჯეტს არანაირი შეღავათი არ ექნება“- ამბობს ის.

ვაშინგტონის დებატებს სხვებთან ერთად შეერთებული შტატების ფინანსური ბირჟებიც ადევნებენ თვალს. კონგრესმენების მიერ ბიუჯეტის საკითხზე მოლაპარაკების გაჭიანურება ქვეყნის ეკონომიკას ყოველდღიურ ზარალს აყენებს. ამერიკული დოლარის შესაბამისობა შედარებით უსაფრთხო შვეიცარულ ფრანკთან და ოქროსთან მიმართებაში რეკორდულ ზღვარზეა.

„ქვეყანაში ბირჟაზე მდგომარეობით წესით კმაყოფილი უნდა ვყოფილიყავით, მაგრამ საბიუჯეტო მსჯელობების გამო მდგომარეობა არასტაბილურია. სიტუაცია ყოველ წუთს იცვლება და ჩვენც მუდმივად სადარაჯოზე ვდგავართ“ - ამბობს მათეუ პირსი, ჩიკაგოს ბირჟის ანალიტიკოსი.

2 აგვისტოს კანონმდებლებს გადაწყვეტილების მისაღებად საბოლოო ვადა ეწურებათ. თუკი მხარეები კომპრომისს ვერ მიაღწევენ, ეს იქნება დღე, როცა ამერიკის ხაზინა განაცხადებს, რომ მას ფული აღარ აქვს.

„რაც უფრო გვიან მოილაპარაკებენ, მით უფრო ცუდ შედეგს მივიღებთ. ამ გზის გავლა ისევ ექვსთვიან, რვათვიან, წელიწადნახევრიან ან ხუთწლიან პერიოდში მოგვიწევს. პროცესი გაჭიანურდება და სიტუაციაც კიდევ უფრო გაუარესდება, თუკი სერიოზულ საბიუჯეტო შეკვეცებზე ვერ მოვილაპარაკებთ“ - აღნიშნავს სკოტ შელადი

სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ წარმატებული მოლაპარაკების შემთხვევაშიც კი საკრედიტო რეიტინგის დაქვეითების საშიშროება მაინც იარსებებს. ერთადერთი გამოსავალი დეფიციტის გაუმჯობესების შორს გამიზნული გეგმაა.

XS
SM
MD
LG