ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკელი ფოტოგრაფის იაპონური შთაბეჭდილებები


ამერიკელი ფოტოგრაფის იაპონური შთაბეჭდილებები
ამერიკელი ფოტოგრაფის იაპონური შთაბეჭდილებები

მარკ ედვარდ ჰარისი იაპონიაში ბევრჯერ არის ნამყოფი. ბოლოს, მიწისძვრამდე სულ რაღაც 4 თვით ადრე, ის ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთში მდებარე თოჰოკუს რაიონს ეწვია. ლოს ანჟელესელ ფოტოგრაფს უკან დაბრუნება სურდა. ის გრძნობდა, რომ მას ახალი სათქმელი ჰქონდა და მოვალე იყო ახალი ალბომი შეექმნა იაპონიაზე.

ჰარისი იქურ მეგობარს - იუში ოკუმას - დაუკავშირდა, რომელიც იაპონიაში ტურისტულ სააგენტოში მუშაობს. ოკუმა წინა მოგზაურობის დროს მისი გიდი იყო:

„არ ჩამოხვიდე, მითხრა მან. ახლა ცუდი დროა, იქაურობა გაოხრებულია. შემდეგ, როგორც ჩანს, დაფიქრდა და ცოტა ხანში ელექტრონული გზავნილი მივიღე: მართალი ხარ. მემგონი ახლა ყველაზე საჭირო დროა. მეც მინდა მონაწილეობა მივიღო. სამუშაოს ოფიციალური სახე მივცეთ. ეს აღარ არის ტურიზმი, ჩვენ იაპონიის ამბავი უნდა მოვყვეთ.“

ჰარისი და ოკუმა მალე მიუაგის პრეფექტურაში აღმოჩნდნენ. ცუნამისგან გადარჩენილთა ძებნა იქ უკვე შეწყვეტილი იყო. მაშველები აღარსად იყვნენ. მხოლოდ კანტი-კუნტად ადამიანთა მცირე ჯგუფებს მოკრავდით თვალს მაძებარ ძაღლებთან ერთად, რომლებიც ყორეში მიცვალებულთა გვამებს ჯერ კიდევ პოულობდნენ.

"სრულმა კონტრასტმა გამაოგნა, თითქოს აღმართში მიმავალი ვეღარ ხედავ ამ გაჩანაგებულ დასახლებებს. მაგრამ მერე ისევ დაღმართი იწყება და დაბლობში ახალ ქალაქში იგივე შოკისმომგვრელი სურათი გხვდება. მაგალითად ქალაქ ოცუჩიში სახლის სახურავზე საზღვაო კრეისერი ვნახე, კამაიჩიშიც უზარმაზარი გემია შუა ქუჩაში. ხალხი კი ისე ჩაუვლის მას გვერდზე, თითქოს არაფერი და ცდილობს ყოველდღიურ ცხოვრებას დაუბრუნდეს. სურეალისტურ სამყაროში მეგონა თავი" - ამბობს ჰარისი.

განსაკუთრებით დამთრგუნველია ბავშვების უამრავი რბილი სათამაშო, რომელიც თითქმის ყველგანაა მიმობნეული და უეცრად შეწყვეტილ ცხოვრებაზე მოგვითხრობს. ქალაქ პაჩინკოში სათამაშოების გვერდით კაზინოს ჟეტონები ყრია.

ხალხს ერთი სული აქვს თავისი ისტორია გაგიზიაროს - ამბობს ჰარისი. სენდაიში ერთმა ქალბატონმა, სახელად ჩი ერქვა, ყოფილ საბავშვო ბაღში წაგვიყვანა, რომელიც მაღლობზე იყო და ხალხმა იქ ცუნამის დროს თავი შეაფარა. უამრავი ადამიანი დაიღუპა ბაღის შენობაში, წყალი პირველ სართულებზე უცებ შევარდა.

ჩის მონაყოლის მიხედვით, ცუნამის დროს ისეთ მანძილს, როგორიც ერთი მეტრია, სიკვდილ-სიცოცხლეს შორის გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა. წყალი მეოთხე სართულის ჩათვლით ასულა. მეხუთე სართული კი ხელუხლებელი იყო. მძიმე სანახაობა დაგვხვდა. შენობის ერთ-ერთ კედელზე იქ ჯერ კიდევ ეკიდა დიდი ტრანსპარანტი წარწერით: „სწავლის დამთავრებას გილოცავთ“. ალბათ ასეთივე გრძნობა დამეუფლებოდა ჰიროშიმაში 1945 წლის ბირთვული აფეთქების შემდეგ" - ამბობს ფოტოგრაფი.

თავის ბოლო გამოცემაში ჰარისი წერს, რომ ე. წ. ისტორიული „ცხელი რკალი“, რომელშიც იაპონიაა მოქცეული, ქვეყნის ცხოვრების სტილს და იაპონელთა ხასიათს დიდად განაპირობებს. წყნარი ოკეანის ამ რეგიონს გარშემო ვულკანოვანი მთები აკრავს და ხშირად მიწისძვრა და ცუნამი ესხმის თავს. ბუნებრივი კატაკლიზმები იაპონელთა ხასიათს კიდევ უფრო ამტკიცებს. ჰარისის თქმით ქვეყანა ბევრჯერ აღდგა თავიდან და დღევანდელი იაპონიის მოქალაქეების შემხევარე, დარწმუნებულია, რომ ახლაც თავიდან ააშენებს და აღადგენს ამომავალი მზის ულამაზეს ქვეყანას.

XS
SM
MD
LG