ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ახალი სოციალური პროგრამა საქართველოში


ახალი სოციალური პროგრამა საქართველოში
ახალი სოციალური პროგრამა საქართველოში

მოუწევთ თუ არა ეთნიკური უმცირესობების სტუდენტებს ერთწლიანი სწავლის შემდეგ ქართულის ჩაბარება?

წელს პირველად საქართველოში ეთნიკური უმცირესობებისთვის უმაღლესი განათლების მიღების წახალისების მიზნით ამოქმედდა ახალი სოციალური პროგრამა. ამ პროგრამით ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს მიეცათ საშუალება უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვისას სპეციალური კვოტით ესარგებლათ. მათ მშობლიურ ენაზე მხოლოდ ზოგადი უნარების გამოცდა ჩააბარეს , შესაბამისად სომხურ და აზერბაიჯანულ ენაზე და მოსამზადებელ ფაკულტეტზე ჩაირიცხნენ. ერთი წლის განმავლობაში თბილისის სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხული სტუდენტები ინტენსიურად ისწავლიან ქართულს, შემდეგ სასწავლო წელს უკვე გააგრძელებენ სწავლას უმღლესი განათლების მისაღებად არჩეული პროფესიის მიხედვით.

ბუნებრივია, შედეგებზე ლაპარაკი ჯერჯერობით ნაადრევია, მაგრამ როგორ მიმდინარეობს სასწავლო პროცესი, ამის გაგებას თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის მაგალითზე შევეცადე, სადაც სტუდენტები ქართულს ქართული სამედიცინო ტერმინოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ცენტრში სწავლობენ.

მოუწევთ თუ არა ეთნიკური უმცირესობების სტუდენტებს ერთწლიანი სწავლის შემდეგ ქართულის ჩაბარება? ცენტრის თანამშრომლის, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტოირს თამილა გოგოლაურის თქმით, ასეთი გამოცდის ჩაბარება მათ არ მოუწევთ, ვინაიდან ეს ერთი წელი ისინი ნული კურსის სტუდენტებად ითვლებიან.

"აზერბაიჯანელი და სომეხი სტუდენტები ქართულ ლიტერატურას არ იცნობენ, მაგრამ იციან ქართველი კლასიკოსების გვარები"- ამბობს სასწავლო პროცესის გამგე თამარ კანთელაძე .

"ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი სახელმწიფოს მხრიდან"- თვლის ქართული ენის მასწავლებელი სალომე ძიძიგური .

სასწავლო წლის დაწყებამდე, 27 აგვისტოს ავლაბრის რეზიდენციაში სომეხ და აზერბაიჯანელ სტუდენტებს შეხვდა საქართველოს პრეზიდენტი. მიხეილ სააკაშვილმა შეხვედრაზე განაცხადა, რომ აღნიშნული სოციალური პროგრამის ასამოქმედებლად ეროვნული გამოცდების პროგრამაში ბევრი ცვლილების შეტანა გახდა აუცილებელი. მაგრამ, მისივე განცხადებით, მოლოდინმა გაამართლა და თუ გასულ წელს სახელმწიფოს მიერ სოციალური პროგრამის ფარგლებში მხოლოდ სამი ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი დაფინანსდა, მიმდინარე წელს სახელმწიფო დაფინანსებას 200 ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი მიიღებს.

ქართული ენის კარგად ცოდნა მშობლიური ენის დავიწყებას არ ნიშნავს, თვლიან ქართული სამედიცინო ტერმინოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ცენტრში. ცენტრის ხელმძღვანელმა , ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა დარეჯან კუხიანიძემ აღნიშნა ამერიკის ხმასთან საუბრისას, რომ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები სახელმწიფო დაფინანსებას სწავლის დამთავრებამდე მიიღებენ. ერთ სასწავლო წელს თითოეულ სტუდენტზე გამოყოფილი თანხა 2 ათას 500 ლარს შეადგენს.

XS
SM
MD
LG