ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კოალიცია თალიბებს პოლიტიკური შემრიგებლობისკენ მოუწოდებს


კოალიცია თალიბებს პოლიტიკური შემრიგებლობისკენ მოუწოდებს

შეერთებული შტატების მთავრობის განცხადებით, სამხედრო ზეწოლა აიძულებს თალიბე მეამბოხეებს მოლაპარაკებათა პროცესში ჩაერთონ.

შეერთებული შტატების მთავრობის განცხადებით, სამხედრო ზეწოლა აიძულებს თალიბე მეამბოხეებს მოლაპარაკებათა პროცესში ჩაერთონ, მაგრამ ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ კონფლიქტის სამხედრო გზით გადაჭრა ნაკლებად მოსალოდნელია

შეერთებული შტატების მთავრობის განცხადებით, ავღანეთში კოალიციური ძალების მზარდი სამხედრო ზეწოლა აიძულებს თალიბთა მოძრაობის გარკვეულ ელემენტებს პოლიტიკური შემრიგებლობისკენ. ამერიკის ხმის კორესპონდენტი ვიქტორ ბიტი იუწყება, რომ რეგიონალური საკითხების ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ავღანეთში მძვინვარე კონფლიქტის სამხედრო გზით გადაჭრა ნაკლებად შესაძლებელია, რადგან ამ ქვეყნის მშვიდობისა და სტაბილურობის საწინდარს მხოლოდ ფართო კოალიციური მთავრობის შექმნა წარმოადგენს.

თეთრი სახლის პრეს მდივანმა რობერტ გიბსმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტმა ობამამ ავღანეთში მიმდინარე ომის პოლიტიკური ასპექტი და ის, რომ თალიბ მეამბოხეთა მოძრაობასთან შემრიგებლურ ინიციატივებს წარმართავს ავღანეთის მთავრობა ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ აღიარა. მაგრამ გიბსმა აგრეთვე ხაზი გაუსვა იმას, რომ შემრიგებლური ინიცატივები წარმოადგენს პირდაპირ შედეგს იმ სამხედრო სტრატეგიისა, რომელსაც ავღანეთში დისლოცირებული საერთაშორისო კოალიციური ძალები შეერთებული შტატების არმიის გენერლის დევიდ პეტრეუსის მეთაურობით წარმართავს.

„ხსენებული მოლაპარაკებების ფონზე თქვენ უკვე შეიტყვეთ გენერალ პეტრეუსისგან იმის შესახებ თუ რამდენად აჩქარდა ავღანეთში მიმდინარე ჩვენი ოპერაციების ტემპი. როგორც მოგეხენებათ ამ ქვეყანაში ახლა კონცენტრირებულია დიდძალი სამხედრო რესურსი და შედეგად ოპერაციების ტემპიც მაღალია,“ აღნიშნა გიბსმა.

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის წარმომადგენელმა პი.ჯეი. კროულიმ კი განაცხადა, რომ შეერთებული შტატების მთავრობის მხრიდან სამშვიდობო მოლაპარაკებებში თალიბ მეამბოხეთა მონაწილეობა სამ წინაპირობას უნდა აკმაყოფილებდეს. ესენია ძალადობაზე უარის თქმა, ალ ყაიდასთან და მასთან დაკავშირებულ ჯგუფებთან კავშირების შეწყვეტა და ავღანეთის კონსტიტუციის უპირობო მხარდაჭერა. კროულიმ აღნიშნა, რომ შეერთებული შტატების მთავრობა ავღანეთის მთავრობის შემრიგებულ ინიციატივებს მხარს უჭერს. ვაშინგტონი სხვადასხვა თალიბ მეამბოხეთა ფრაქციებისგან პასუხს ელის, მაგრამ თალიბ მეამბოხეთა მოძრაობის ლიდერის მულა მოჰამედ ომარის მოლაპარაკებებში შესაძლო მონაწილეობას ძალზედ სკეპტიკურად უდგება.

„ჩვენ კარგად გვესმის მულა ომარის პასუხისმგებლობა და ის მხარდაჭერა, რომელიც მან გაუწია ტერორისტულ ორგანიზაცია ალ ყაიდას ლიდერს ოსამა ბინ ლადენს და 11 სექტემბრის ტერორისტული თავდასხმების დაგეგმვას. ჩვენ არ წარმოგვიდგენია, რომ იგი ავღანეთის მომავალში რაიმე კონსტრუქციულ როლს შეასრულებს, მაგრამ ამ გადაწყვეტილებებს ავღანეთის მთავრობა მიიღებს,“ განაცხადა კროულიმ.

მისი თქმით, მულა ომას 2001 წლის 11 სექტემბრის შემდეგ ისევე როგორც 1990-იანი წლების მიწურულს არაერთხელ მიეცა შესაძლებლობა რათა ოსამა ბინ ლადენთან კავშირზე უარი ეთქვა, მაგრამ მან ეს შესაძლებლობები უგულვებელყო.

საკონსულტაციო ფირმა Asia Calling-ის უსაფრთხოებისა და სტრატეგიული ურთიერთობების განყოფილების უფროსს კრისტოფერ სნედენს ეეჭვება, რომ მულა ომარის თუნდაც ირიბი მონაწილეობის გარეშე ავღანეთში პოლიტიკური შემრიგებლობის პროცესი წარმატებული იქნება. მას მიაჩნია, რომ ამ პროცესს მეამბოხეთა სხვა დაჯგუფებებიც უნდა შეუერთდნენ.

„კიდევ ერთ საინტერესო ფაქტორს ჰაქანის ქსელი წარმოადგენს. როგორც მოგეხსენებათ, პაკისტანი ამ ქსელთან ძალიან მჭიდრო კავშირს ინარჩუნებს და არ არის გამორიცხული, რომ გარკვეული თვალსაზრისით ეს ქსელი პაკისტანის კონტროლის ქვეშ იყოს კიდეც. ამას გარდა მნიშვნელოვანია, რომ შემრიგებულ ინიციატივაში გულბუდინ ჰეკმატიარის დაჯგუფებამაც მიიღოს მონაწილეობა,“ დასძინა კრისტოფერ სნედენმა.

სნედენი აღნიშნავს, რომ იმ შემთხვევაში თუ პრეზიდენტ ჰამიდ კარზაის მთავრობამ მნიშვნელოვან შეთანხმებას მიაღწია, მაშინ ქვეყანაში კოალიციური მთავრობა შეიქმნება და საერთაშორისო კოალიციური სამხედრო ძალები ავღანეთიდან გავლენ. ეს კი, სნედენის აზრით, ავღანეთში მშვიდობისა და სტაბილურობის საწინდარი იქნება.

XS
SM
MD
LG