სულ რაღაც ორი კვირის წინ გაეროში მიმდინარე განხილვებზე რუსეთმა თავი შეიკავა ლიბიაში არასაფრენი ზონის გამოცხადების საკითხზე. რამდენიმე დღეში კი რუსეთის პრეზიდენტი, დიმიტრი მედვედევი, ამერიკის თავდაცვის მდივანს, რობერტ გეითსს, იქით უკითხავდა ლექციას პროკადაფისტური ძალების მიერ დაწყებული სასტიკი დაბომბვების შესახებ, რომელსაც ლიბიის მშვიდობიანი მოსახლეობა ეწირებოდა. კიდევ რამდენიმე დღეში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი, დასავლეთს აფრთხილებდა, არ შეეიარაღებინა ლიბიელი მეამბოხეები.
შედარებით თანმიმდევრულია რუსი ხალხი და მათ მიერ არჩეული პარლამენტი. აქ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ძირითადად ანტიამერიკული განწყობა დომინირებს. ჯერ კიდევ ლიბიაში არასაფრენი ზონის გამოცხადებამდე საზოგადოებრივი გამოკითხვებში რუსი მოსახლეობის 65 პროცენტი თვლიდა, რომ შეერთებული შტატები აგრესორია, რომელსაც მსოფლიოს დაპრყრობა სურს. რუსი პარლამენტარები ქვეყნის ტელევიზიით დასავლეთს ლიბიაში დამარცხებას უწინასწარმეტყველებენ. მოსკოვში კი ამერიკის საელჩოს წინ პროკრემლისტურმა ჯგუფმა „ახალგაზრდა რუსეთი“ სპეციალური აქცია მოაწყო, რომელზეც პრეზიდენტ ობამას მოუწოდებდნენ უკან დაებრუნებინა ნობელის მშვიდობის პრემია, რადგან მისი ქვეყანა უკვე სამ საერთაშორისო კონფლიქტში ჩაერთო: ირანში, ერაყში და ლიბიაში.
რუსეთის ეკონომიკა დასავლეთზე თანდათან უფრო ნაკლებად დამოკიდებული ხდება. იქ სავაჭრო და საინვესტიციო პოლიტიკის გეოგრაფია თანდათან იცვლება. გვესაუბრება ბრიტანელი როლანდ ნეში, ფონდის „ვერნო კაპიტალის“ მთავარი სტრატეგი, რომელიც კომპანიის რუსულ ინვესტიციებს კურირებს:
“რუსეთს დასავლეთი აღარ აინტერესებს. დასავლური ინვესტიციები აღარ არის იმდენად მნიშვნელოვანი, როგორც ეს სულ რამდენიმე წლის წინ იყო. რუსეთი მშვენივრად გადაეწყო ახალ ეკონომიკურ სინამდვილეზე და კარგად ხედავს საიდან მოდის ზრდა და განვითარება. რუსეთისთვის ეს არის აზია, კონკრეტულად კი -ჩინეთი, შემდეგ სპარსეთის ყურე და კიდევ ახალი ბაზრები, როგორიცაა სამხრეთ ამერიკა და აფრიკა“.
ნეში აღნიშნავს, რომ ათი წლის წინ დასავლეთი რუსეთის მთავარი ეკონომიკური პარტნიორი იყო, ჩინეთი კი - საკმაოდ უმნიშვნელო. დღეს სიტუაცია მკვეთრად შეიცვალა: ჩინეთთან ვაჭრობა ზუსტად 10-ჯერ გაიზარდა და ის რუსეთისთვის ბევრად უფრო ღირებული მოკავშირეა, ვიდრე, თუნდაც, გერმანია.
ბევრ ანალიტიკოსს მიაჩნია, რომ რუსეთი ცდილობს მსოფლიოში საკუთარი პოსტ-იმპერიალისტური როლი დაიმკვიდროს. ის აღარ არის ისეთი კატეგორიული, როგორც საბჭოთა პერიოდში, როცა რუსეთი უშიშროების საბჭოში ნებისმიერ ამერიკულ წინადადებას დაუფიქრებლად ვეტოთი პასუხობდა. დღეს ის არ არის მსოფლიოს ზესახელმწიფო და უფრო ფრთხილად ცდილობს კარგი ურთიერთობის შენარჩუნებას ქვეყნებთან, რომლებიც მას აინტერესებს. რუსეთი ლიბიაში არასაფრენი ზონის გამოცხადებისგან თავის შეკავების მომენტში საკმაოდ საინტერესო სიას შეუერთდა. მასში რუსეთთან ერთად შემდეგი ქვეყნები აღმოჩნდნენ: ჩინეთი, ბრაზილია და ინდოეთი.
ფიოდორ ლუკიანოვის, ჟურნალის - „რუსეთი გლობალურ ურთიერთობებში“ რედაქტორის, თქმით, ყველაფერი იმას მიანიშნებს, რომ რუსეთს აღარ სურს იყოს ზესახელმწიფო და მონაწილეობა მიიღოს ყველა მოვლენაში, რაც დედამიწაზე ხდება. მისი ინტერესები უფრო იმ ქვეყნებზე და იმ სფეროებზეა ფოკუსირებული, რომელიც მისთვის უფრო მნიშვნელოვანია. ეს ქვეყნები კი ამ მომენტში არის აფრიკა, ლათინური ამერიკა და აზია - რეგიონები, რომლებიც ლიბიას ასე თუ ისე გვერდში ედგა. რობერტ ნეშის თქმით, მიზეზი საკმაოდ მარტივია:
„რუსეთი მსოფლიოს ბუნებრივი რესურსების ყველაზე დიდი მფლობელი და მწარმოებელია. აზია კი - ამ რესურსების ყველაზე დიდი მომხმარებელი. ამიტომ არ არის გასაკვირი, რომ მათი ეკონომიკური ურთიერთობა თანდათან უფრო მტკიცდება“.
პარასკევს მიხეილ მარგელოვმა, რუსეთის მთავრობის უმაღლესმა წარმომადგენელმა აფრიკაში, რამდენიმე ინტერვიუ მისცა, რომლებშიც განაცხადა, რომ მუამარ კადაფი ძალაუფლებას ივნისის პირველ რიცხვებამდე დაკარგავს. რუსეთის ოფიციალურმა პირმა ისიც დასძინა, რომ იგი ბენღაზიში საკუთარ წარმომადგენლებს აგზავნის, რათა ლიბიურ ოპოზიციასთან ურთიერთობა ჩამოაყალიბოს.
საბოლოო ჯამში რუსეთი ძლიერ ეცადა ყველა ქვეყნისთვის ესიამოვნებინა, მაგრამ ისე გამოუვიდა, რომ არც არავინ დარჩა კმაყოფილი.