ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკელები ლიბიაში ჩარევასთან დაკავშირებით ეჭვს გამოთქვამენ


ამერიკელები ლიბიაში ჩარევასთან დაკავშირებით ეჭვს გამოთქვამენ
ამერიკელები ლიბიაში ჩარევასთან დაკავშირებით ეჭვს გამოთქვამენ

პრეზიდენტ ობამას საზოგადოებრივი მხარდაჭერის მოსაპოვებლად დიდი ძალისხმევა დასჭირდება.

პრეზიდენტ ბარაკ ობამას გადაწყვეტილება - შეუერთდეს საერთაშორისო კოალიციას ლიბიაში სამოქალაქო მოსახლეობის დასაცავად, შეერთებული შტატების კონგრესსა და ამერიკელ ხალხში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია.

ქვინიპიაკის უნივერსიტეტის მიერ ახლახან ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებმა ცხადყო, რომ გამოკითხულთა 47 პროცენტი ლიბიაში სამხედრო ჩარევის წინააღმდეგია, მაშინ როცა 41 პროცენტი ამგვარ მოქმედებას ემხრობა. აღსანიშნავია ისიც, რომ გამოკითხულთა 65 პროცენტი ლიბიელი სამოქალაქო მოსახლეობის დასაცავად საჰაერო დარტყმების განხორციელებას მხარს უჭერს, იუწყება ვაშინგტონიდან 'ამერიკის ხმის" კორესპონდენტი ჯიმ მალონი.

კადაფის მომხრე ძალებსა და ლიბიელ მეამბოხეებს შორის მძვინვარე საომარი მოქმედებების ფონზე, შეერთებულ შტატებში ცხარე კამათი მიმდინარეობს რათა კონგრესმა და საზოგადოებამ პრეზიდენტ ობამას პოლიტიკას მხარი დაუჭიროს.

რესპუბლიკელ წარმომადგენელს ოჰაიოს შტატიდან მაიკლ ტერნერს მიაჩნია, რომ ლიბიაში დაწყებული საომარი მოქმედებები კიდევ დიდ ხანს გაგრძელდება.

„შემიძლია გითხრათ, რომ მე მჯერა, რომ თუ დღეს წარმომადგენელთა პალატაში შესაბამის რეზოლუციას კენჭისყრაზე წარადგენენ, ძალიან მეეჭვება, რომ მას მიიღებენ და მე პირადად მას ხმას არ მივცემდი “ -განაცხადა წარმომადგენელმა მაიკლ ტერნერმა.

თავდაცვის მინისტრმა რობერტ გეიტსმა ამერიკელ კანონმდებლებს მოახსენა, რომ საბოლოო ამოცანას ლიბიის ლიდერის მუამარ კადაფის ხელისუფლებიდან წასლვა წარმოადგენს. თუმცა გეიტსის თქმით ამ ამოცანას შეერთებულმა შტატებმა პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის და არა სამხედრო ძალის გამოყენების საშუალებით უნდა მიაღწიოს.

„ლიბიის მიწაზე ამერიკელი სამხედროების ჩექმის კვალი არ გამოჩნდება. კადაფის რეჟიმის დამხობა, რანაირადაც არ უნდა გვსურდეს ეს, სამხედრო მისიის ნაწილს არ წარმოადგენს“ - განაცხადა გეიტსმა.

ქვინიპიაკის უნივერსიტეტის თანამშრომელი პიტერ ბრაუნი აღნიშნავს, რომ ჯერჯერობით ამერიკელი ხალხი ლიბიაში ჩარევას სკეპტიკურად უდგება, რაც თავის მხრივ იმით აიხსნება, რომ ამერიკული საზოგადოება გაუთავებელი ომებისგან გადაიღალა:

„ეჭვი არ მეპარება, რომ ავღანეთში, ერაყსა და ახლა ლიბიაში ჩვენი მონაწილეობის გამო ბევრ ამერიკელს ამგვარი პოლიტიკის წარმართვის კეთილგონივრულობაში ეჭვი ეპარება “- აღნიშნავს ამერიკელი ექსპერტი.

პრეზიდენტ ობამას კარგად ესმის, რომ ბევრს ერაყთან პარალელის გავლება სურს. თავის ეროვნულ მიმართვაში ამასთან დაკავშირებით პრეზიდენტმა კერძოდ აღნიშნა:

„რეჟიმის შეცვლამ იქ რვა წელი დაიკავა და მას ათასობით ამერიკელისა და ერაყელის სიცოცხლე შეეწირა. ამას გარდა ერაყის ომზე დაახლოებით ერთი ტრილიონი დოლარი დაიხარჯა. ჩვენ ამის გამეორება ლიბიაში ნამდვილად არ შეგვიძლია.“

თუმცა ამერიკელი ხალხი ლიბიელი სამოქალაქო პირების დასაცავად საჰაერო დარტყმების გამოყენებას ზოგადად მხარდაჭერას უცხადებს, აღნიშნავს ბრუკინგსის ინსტიტუტის ანალიტიკოსი სტივენ ჰესი. ჰესი იქვე დასძენს, რომ ლიბიაში შეერთებული შტატების სამხედრო ჩარევასთან დაკავშირებით ამერიკული საზოგადოება გარკვეულ შეზღუდვებსაც ემხრობა.

„ჩვენ ისედაც ორ ომში ვართ ჩართულნი და ამდენად სამი ომის ერთდროულად წარმართვაში ამერიკელები ნაკლებად არიან დაინტერესებულნი მაშინ, როცა ქვეყანაში უამრავი პრობლემა დაგროვდა “ - აღნიშნავს ამერიკელი ექსპერტი.

პოლიტიკური მიმომხილველები აღნიშნავენ, რომ ვიდრე შეერთებული შტატები ლიბიაში სამხედრო ოპერაციებში ჩართული რჩება პრეზიდენტს საზოგადოებრივი მხარდაჭერის მოსაპოვებლად კიდევ დიდ ძალისხმევა დასჭირდება.

XS
SM
MD
LG