ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სარკოზი: ლიბიას სანქციები უნდა დაუწესდეს


სარკოზი: ლიბიას სანქციები უნდა დაუწესდეს
სარკოზი: ლიბიას სანქციები უნდა დაუწესდეს

გაზეთ „ნიუ იორკ თაიმსში“ 23 თებერვალს გამოქვეყნდა ნიკოლას კრისტოფის სტატია სათაურით „ხაზზეა ლიბია".

უცხოური პრესის მიმოხილვის დღევანდელი გამოშვება ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების თემას ეძღვნება. მიმოხილვას ვიწყებთ ნიკოლას კრისტოფის სტატიით სათაურით „ხაზზეა ლიბია,“ რომელიც გაზეთ „ნიუ იორკ თაიმსში“ 23 თებერვალს გამოქვეყნდა. სტატიაში ვკითხულობთ:

„ლიბიაში სამხედრო ჩარევა მიზანშეწონილი როდია, მაგრამ საერთაშორისო თანამეგობრობამ შეიძლება გარკვეული ზეგავლენა მოახდინოს იმ ლიბიელ ოფიცრებზე, ვისაც ჯერ-ჯერობით არ გადაუწყვეტიათ, თუ ვის უნდა მიემხრონ.

სენატორმა ჯონ კერიმ, გენოციდის ინტერვენციის ქსელმა, საერთაშორისო კრიზისულმა ჯგუფმა და სხვა ორგანიზაციებმა შეიმუშავეს გარკვეული რეკომენდაციები, რომელიც ქვეყნებმა ლიბიის მიმართ შეიძლება გამოიყენონ. ხსენებული რეკომენდაციები შემდეგ ზომებს შეიცავს:

- ლიბიელ მფრინავებს, რომლებსაც საკუთარი ქვეყნის დაბომბვა უბრძანეს, პოლიტიკური თავშესაფარი უნდა შესთავაზონ.

- საფრანგეთის პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის განცხადების თანახმად, ლიბიაზე ფინანსური და სავაჭრო სანქციები უნდა დაწესდეს, ხოლო კადაფის ოჯახის აქტივებზე ყადაღა უნდა დაიდოს. ამას გარდა, ლიბიასთან ყველანაირი სამხედრო გაცვლები და შეიარაღების გადაცემა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. სანქციების ზეგავლენა გარკვეულ დროს დაიკავებს, მაგრამ პოლკოვნიკ კადაფის ირგვლივ მყოფი პირებისთვის ეს იქნება იმის უტყუარი მანიშნებელი, რომ მისი დამხობა გარდაუვალია და რომ მათ კადაფის ბრძანებები აღარ უნდა შეასრულონ.

- გაეროში ლიბიის ელჩის ყოფილი მოადგილის განცხადების თანახმად, ლიბიაში სამხედრო თვითმფრინავების ფრენა უნდა აიკრძალოს, რათა მთავრობას საკუთარი ხალხის დაბომბვისა საშუალება არ ჰქონდეს.

- არაბულ სახელმწიფოთა ლიგამ და აფრიკულ სახელმწიფოთა კავშირმა ლიბიაზე ზეწოლა უნდა გაზარდონ, რათა ქვეყანაში უდანაშაულო სამოქალაქო პირების წინააღმდეგ მიმართული ძალადობა დაუყოვნებლივ შეწყდეს.

- გაეროს უშიშროების საბჭომ საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს ფორმალური თხოვნით უნდა მიმართოს, რათა პოლკოვნიკი კადაფი კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვის სამართალში მისცენ.“

მიმოხილვას ვაგრძელებთ ფარიდ ზაქარიას სტატიით სათაურით „ახლო აღმოსავლეთში საპროტესტო დემონსტრაციები სეისმური ძვრის მომასწავებელია,“ რომელიც გაზეთ „ვაშინგტონ პოსტში“ 24 თებერვალს გამოქვეყნდა. სტატიაში ვკითხულობთ:

„ჩვენ გავხდით მოწმენი ახლო აღმოსავლეთის რევოლუციისა, რომლის შედეგადაც დიდი ხნის მანძილზე დათრგუნულმა ძალებმა, მაროკოდან ირანამდე განლაგებული სახელმწიფოების რკალში შოკის ტალღები გამოიწვია. მოვლენების განვითარების პარალელურად, ყოველ კრიზისს ჩვენ ინდივიდუალურად ვაფასებთ, მაგრამ ცხადია, რომ რეგიონში ნამდვილი სეისმური ძვრა შეინიშნება.

ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე, ამერიკის პოლიტიკაში ახლო აღმოსავლეთის მიმართ ორი მნიშვნელოვანი ტენდენცია გამოიკვეთა. პირველი გახლავთ ის, რომ ვაშინგტონმა აღიარა, რომ ამერიკის მიერ რეგიონის დიქტატორების მხარდაჭერამ ისლამური წინააღმდეგობის განსაკუთრებულად დაუნდობელი ანტი-ამერიკული სახეობა წარმოქმნა. მას შემდეგ ვაშინგტონი საჯაროდ და ფარულად ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების ლიდერებს რეფორმების ჩატარებისკენ მოუწოდებს, რაც ვებ გვერდ ‘ვიკილიქსის’ მიერ გამოქვეყნებულ საიდუმლო დიპლომატიურ მიმოწერაში კარგად აისახა.

მეორე ტენდენცია კი ამერიკის გავლენის შემცირებაში გამოიხატა. ერაყის ომი და მისი სისხლიანი შედეგი, დღემდე ქაოტურ მდგომარეობაში მყოფი ავღანეთი და ჩიხში მოქცეული ისრაელ-პალესტინური მოლაპარაკებების პროცესი ამერიკის გავლენის შემცირებაზე მეტყველებს.“

მიმოხილვას ვასრულებთ ბრეტ სტივენსის სტატიით სათაურით „პეკინი და არაბული ამბოხება,“ რომელიც გაზეთ „უოლ სტრით ჯორნალში“ 22 თებერვალს გამოქვეყნდა. სტატიაში ვკითხულობთ:

„ბაჰრეინი სპარსეთის ყურეში მდებარე კუნძულოვანი სამეფოა, რომლის მოსახლეობა დაახლოებით 1.2 მილიონს აღწევს. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა ბაჰრეინს ზომით 12,000-სჯერ აღემატება, ხოლო ჩინეთის მოსახლეობა ბაჰრეინის მოსახლეობას 1,000-ჯერ. მაგრამ იმ მოვლენებმა, რომლებმაც ბაჰრეინის დედაქალაქი მანამა შესძრა, პეკინის მმართველების შეშფოთება გამოიწვია.

ბოლო რამდენიმე კვირის მანძილზე პეკინმა ცენზურა დააწესა ჩინურ მედიაში გავრცელებულ ცნობებზე არაბულ სამყაროში მიმდინარე მოვლენების შესახებ. ამას გარდა ახლო აღმოსავლეთში ანტი-სამთავრობო დემონსტრაციებით შთაგონებული ჩინელი დისიდენტების მიერ ორგანიზებულ მცირე მასშტაბიან გამოსვლებს ჩინეთის მთავრობამ რეპრესიებით უპასუხა. უდავოა, რომ მოკლევადიან პერსპექტივაში პეკინი წარმატებას მიაღწევს. მაგრამ ის რაც ბაჰრეინში მოხდა პეკინზე გავლენას მაინც მოახდენს. გრძელვადიან პერსპექტივაში არც ეკონომიკური განვითარება და არც რეპრესიები პეკინს არ გადაარჩენს.“

XS
SM
MD
LG