ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის პრეზიდენტი ახლო აღმოსავლეთის ლიდერებს მიმართავს


ამერიკის პრეზიდენტი ახლო აღმოსავლეთის ლიდერებს მიმართავს

იემენის დედაქალქში სანაში უკვე კვირაზე მეტია გრძელდება მთავრობის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები.

ამერიკის პრეზიდენტი ბარაკ ობამა ახლო აღმოსავლეთის ლიდერებს მოუწოდებს ანტი სამთავრობო დემონსტრაციების მიმართ ძალადობა არ გამოიყენონ და თავშეკავება გამოიჩინონ. პარასკევს პრეზიდენტმა ოფიციალური წერილობითი განცხადება გააკეთა, რომელიც თეთრი სახლის პრეს მდივანმა ჯეი კარნიმ გააცნო საზოგადოებას:

"ძალიან მაღელვებს ბაჰრეინში, ლიბიასა და იემენში მიმდინარე მოვლენები. აშშ გმობს მშვიდობიან საპროტესტო დემონსტრაციის წინააღმდეგ გამოყენებულ ნებისმიერი სახის ძალადობას" - აღნიშნა პრეზიდენტმა.

იემენის დედაქალქში სანაში უკვე კვირაზე მეტია გრძელდება მთავრობის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები. დემონსტრანტები ქვეყნის პრეზიდენტის ალი აბდულაჰ სალეჰის გადადგომას მოითხოვენ. აქციისას ერთი ადამიანი დაიღუპა. ჯერჯერობით უცნობია დაღუპვის მიზეზი. სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული მთავრობის მხარდამჭერები ქვებს უშენენ დემონსტრანტებს.

საპროტესტო აქციები იმართება ბაჰრეინის დედაქალაქის, მანამას ცენტრალურ მოედანზე. მოედანზე გამართულ საპროტესტო აქციისას პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა, თუმცა ცოტა ხანში სამხედრო ძალებმა მოედნიდან სამხედრო ავტომობილები გაიყვანეს.

ლიბიაში, ადამიანის უფლებათა დამცველი საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია „Human Rights Watch“ აცხადებს რომ ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო დემონსტრაციის დროს სულ მცირე 84 ადამიანი დაიღუპა.

პარასკევს საპროტესტო აქცია იორდანიაში შეტაკებით დასრულდა. ხელკეტებით შეიარაღებული ქვეყნის მთავრობის მხარდამჭერები თავს დაესხნენ დემონსტრანტებს. შეტაკებისას 8 ადამიანი დაშავდა.

ირანში, მთავრობის ათასობით მხარდამჭერმა საპროტესტო დემონსტრაცია გამართა, დემონსტრანტები ოპოზიციის ლიდერების ჰოსეინ მუსავისა და მედი ქარუბის სიკვდილით დასჯას მოითხოვენ. ოპოზიციური ვებ-გვერდები ირანელებს ჰოსეინ მუსავისა და მედი ქარუბის მხარდასაჭერ საპროტესტო აქცეიბისკენ მოუწოდებენ.

ეგვიპტეში , ქვეყნის მმართველი სამხედრო ძალა აცხადებს, რომ აღარ დაუშვებს გაფიცვებსა და საპროტესტო დემონსტრაციებს, ამავე განცხადების თანახმად, მსგავსი აქციები ქვეყნის ეკონომიკას აფერხებს.

XS
SM
MD
LG