ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ში პოლიტიკური ვითარება იძაბება


აშშ-ში პოლიტიკური ვითარება იძაბება

რესპუბლიკელები არჩევნებში დიდ გამარჯვებას ელიან.

შეერთებულ შტატებში კონგრესის მოახლოვებული არჩევნების ფონზე საარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებულმა საქმიანობამ საგრძნობლად იმატა. 2 ნოემბერს დანიშნულ კონგრესის არჩევნებამდე ორ კვირაზე ოდნავ მეტი დროღა დარჩა.

ოპოზიციაში მყოფი რესპუბლიკელები არჩევნებში დიდ გამარჯვებას ელიან, მაგრამ დემოკრატები აცხადებენ, რომ ამ ბოლო დღეებში ქვეყნის გარკვეულ რეგიონებში მიმდინარე პოლიტიკური შეჯიბრი არჩევნების შედეგს კვლავინდებურად კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.

როგორც ამერიკის ხმის კორესპონდენტი ჯიმ მალოუნი ვაშინგტონიდან იუწყება, ამერიკელი ამომრჩევლების ყურადღება კონგრესის არჩევნებზე გადადის. ეს დემოკატებისთვის შეიძლება კარგის მომასწავებელი იყოს რადგან დღემდე კონსერვატიულად განწყობილი რესპუბლიკელები 2 ნოემბერს დანიშნულ არჩევნებს დიდი ენთუზიაზმით ელოდებოდნენ.

კანდიდატებს შორის დებატები უკვე დაიწყო. დელავერის შტატში რესპუბლიკური პარტიის კანდიდატი კრისტინ ო’დონელი და დემოკრატიული პარტიის კანდიდატი კრის კუნსი შეერთებული შტატების სენატის ადგილისთვის იბრძვიან. გთავაზობთ მათ შორის ახლახან გამართული დებატების ნაწყვეტს:

„ჩემმა ოპონენტმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ მას მარქსისტი პროფესორი ასწავლიდა და სწორედ ამის გამო იგი დემოკრატი გახდა.“

„მე ყოველთვის წმინდად გაპარსული კაპიტალისტი ვიყავი და ვარ კიდეც.“

პოლიტიკური ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ეკონომიკის სავალალო მდგომარეობა და პრეზიდენტ ბარაკ ობამას პოლიტიკითა და დემოკრატებით იმედგაცრუებული მოსახლეობა კონგრესის წლევანდელ არჩევნებში რესპუბლიკელებს დიდ უპირატესობას აძლევს.

ბევრი ანალიტიკოსი აღნიშნავს, რომ რესპუბლიკელები 435-წევრიან წარმომადგენელთა პალატაში 39 ადგილს მოიპოვებენ, რითაც ისინი უმრავლესობის სტატუსს დაიბრუნებენ. მიმომხილველები აგრეთვე აღნიშნავენ, რომ რესპუბლიკელები სენატში უმრავლესობის დასაბრუნებლად საჭირო ათ ადგილს ალბათ ვერ მოიპოვებენ, მაგრამ არც ეს სცენარი არ არის გამორიცხული.

აღსანიშნავია, რომ რესპუბლიკელებმა შეერთებული შტატების კონგრესის ორივე პალატაში ადგილების უმრავლესობა 2006 წელს დაკარგეს.

კონგრესის არჩევნებამდე ძალიან ცოტა დრო დარჩა და პრეზიდენტი ობამა დემოკრატი ამომრჩევლების გამხნევებას ცდილობს. მისი ყურადღება განსაკუთრებით ახალგაზრდა ამომრჩევლებსა და უმცირესობებზეა გამახვილებული, რადგან ორი წლის წინ საპრეზიდენტო არჩვნებში ობამას გამარჯვება სწორედ მათ უზრუნველყვეს.

„ჩვენ სწორი მიმართულებით მივაბიჯებთ და ახლა მთავარი კითხვა კიდევ ერთხელ ის გახლავთ დაამარცხებს თუ არა იმედი შიშს,“ განაცხადა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ.

საარჩევნო კამპანიაში აქტიურად ჩაერთო მიშელ ობამა და ყოფილი პრეზიდენტი ბილ კლინტონი, რომელიც საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის თანახმად, დემოკრატებს შორის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პირია.

„ეს დაძაბული პოლიტიკური მეტოქეობა არ უნდა იყოს. ეკონომიკური კლიმატი რომ არ ყოფილიყო ასეთი სავალალო, ეს ასეც იქნებოდა კიდეც,“ აღნიშნა ბილ კლინტონმა.

საპასუხოდ რესპუბლიკელები ალასკას შტატის ყოფილ გუბერნატორს და 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ვიცე პრეზიდენტობის კანდიდატის სარა პალინის პოპულარობას იყენებენ.

„ეს არჩევნები ჩვენი თაობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება. ნამდვილი ამერიკა დღეს გზაჯვარედინზე დგას. ჩვენ მიმართულება უნდა შევცვალოთ,“ განაცხადა სარა პალინმა.

დემოკრატები დიდი გამოწვევების წინაშე აღმოჩდნენ. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებმა ცხადყო, რომ მოსახლეობას მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა და განაკუთრებით უმუშევრობის მაღალი მაჩვენებელი ადარდებს.

აღსანიშნავია, რომ 2 ნოემბერს ამერიკელი ამომრჩევლები ახალ წარმომადგენელთა პალატას, სენატის 37 ახალ წევრს და 50 შტატის ახალ გუბერნატორს აირჩევენ.

XS
SM
MD
LG