ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უძველესი პროფესიის შესაძლო შედეგები


უძველესი პროფესიის შესაძლო შედეგები
უძველესი პროფესიის შესაძლო შედეგები

ამერიკელი ანალიტიკოსები სადაზვერვო სკანდალს აფასებენ

შეერთებულ შტატებში რუსეთის ჯაშუშებთან დაკავშირებული სკანდალი გრძელდება. მოსკოვის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ბრალდებული ათი ადამიანი ამერიკის სასამართლოს წინაშე უნდა წარდგეს. ისინი მრავალი წლის მანძილზე შეერთებულ შტატებში ცხოვრობდნენ და სხვადასხვა საფარის ქვეშ მუშაობით, რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურს იგივე (ეს- ვე- ერ-ს) ინფორმაციით ამარაგებდნენ.

ჰარვარდის უნივერსიტეტის ანალიტიკოსი მარშალ გოლდმანი ამ სკანდალის შესახებ საუბრობს.

„ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი მართლაც ძალიან ღრმად იყვნენ ინტეგრირებული საზოგადოებაში და ისე ცხოვრობდნენ, როგორც ჩვეულებრივი მოქალაქეები: მუშაობდნენ, დადიოდნენ სკოლებში და ისეთს არაფერს აკეთებდნენ, რაც მათ თუნდაც მეზობლებისგან გამოარჩევდა,“ - ამბობს გოლდმანი.

ამერიკელი ოფიციალური პირების განცხადებით, ეჭვმიტანილების ამოცანა შეერთებული შტატების პოლიტიკურ წრეებთან კავშირების განვითარება და მოსკოვში სადაზვერვო ცნობების გადაგზავნა იყო.

მათი ინტერესის სფეროს განეკუთვნებოდა სამხედრო საქმეები, საგარეო პოლიტიკა და კონგრესის საკითხები.

ამასთან დაკავშირებით საინტერესოა, თუ რამდენად წარმატებული იყო ამ ადამიანების საქმიანობა და რა ღირებულ ინფორმაციას აწვდიდნენ ისინი ცენტრს.

ჯორჯთაუნის ჯგუფის ექსპერტი, ჩარლზ პინკი უსაფრთხოების საკითხებს იკვლევს.

„რუსებმა საკმაოდ დიდი დრო და ფინანსები დახარჯეს ამ ხალხის მომზადებისთვის, აქ გამოგზავნისთვის და ასევე მათი მხარდაჭერისთვის. მეორეს მხრივ, იმ მონაცემების მიხედვით, რაც მათ წინააღმდეგ არსებობს, ამ ხალხს რაიმე მნიშვნელოვანი საქმე არ გაუკეთებია. ამდენად, მათ წინააღმდეგ შპიონაჟის ბრალდება არ არის. მათ ბრალად ედებათ უცხო მთავრობისთვის დაურეგისტრირებლად საქმიანობა და ასევე ფულის გათეთრებაში მონაწილეობა. აქედან გამომდინარე, მე ორი რამის დასკვნა შემიძლია - ან მათ ვერ შეძლეს იმის გაკეთება რისთვისაც ისინი აქ იყვნენ გამოგზავნილები, ანდა, ფედერალური გამოძიების ბიურომ ვერ შეძლო მათი მხილება შპიონაჟის ფაქტზე, რაც საკმაოდ რთული საქმეა,“ - აცხადებს პინკი.

ბრუკინგსის ინსტიტუტის ანალიტიკოსი სტივენ პიფერიც ჯაშუშთა ქსელის ეფექტურობაზე საუბრობს. მისი თქმით, ვერცერთმა მათგანმა ვერ შეძლო შეერთებული შტატების სამთავრობო სტრუქტურაში მუშაობის დაწყება და არც იმის ფაქტი არსებობს, რომ მათ რაიმე საიდუმლო ინფორმაციის მოპოვება შეძლეს.

რუსეთის ოფიციალურმა პირებმა კი ოპერაციის ჩატარების დროზე გაამახვილეს ყურადღება და შესაბამისი კითხვებიც დასვეს. კერძოდ, მათ გაკვირვებას იწვევს ის ფაქტი, რომ ამერიკელი სამართალდამცავების სპეცოპერაციამდე პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ თავის რუს კოლეგას უმასპინძლა და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაუმჯობესებაზე გამახვილდა ყურადღება.

ანალიტიკოს პიფერის აზრით, ჯაშუშთა ამბავი ამერიკა-რუსეთის ურთიერთობებს ვერ დააზარალებს.

„მე ვფიქრობ, რომ ეს მხოლოდ მინიმალურ გავლენას იქონიებს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ისინი მოხარულები არ არიან ზოგიერთი ასპექტით, კერძოდ თუ რატომ გაცხადდა ამის შესახებ მაინცდამაინც ახლა. თუმცა, ასეთი ამბების გამოცხადება სასიამოვნო არასდროს არის. მე ვფიქრობ, რომ უკანასკნელი 18 თვის მანძილზე რუსულ-ამერიკულ ურთერთობებში განსაკუთრებული პროგრესია, იმდენად მნიშვნელოვანი, რომ ეს ამბავი ამ ურთიერთობას დიდ საფრთხეს ვერ შეუქმნის,“ - ამბობს პიფერი.

ზოგიერთი ანალიტიკოსის აზრით, ეს ჯაშუშთა სკანდალი ორ ქვეყანას „ცივი ომის“ ეპოქაში დაბრუნების საფრთხეს უქმნის. ამ მოსაზრება კი, ჩარლზ პინკი არ ეთანხმება. მისი თქმით, ჯაშუშობა არც „ცივი ომით“ დაწყებულა და არც დამთავრებულა. ამიტომაც, ჯაშუშობას, მსოფლიოს მეორე უძველეს პროფესიად მიიჩნევენ, ხოლო ჯაშუშების დაჭერა კი, პინკის შესაბამისად მესამე უძველეს პროფესიად მიაჩნია. ამდენად, ეს პროფესია ყოველთვის არსებობდა და იარსებებს და დიდ საფრთხესაც არ ქმნის. მისი თქმით, ამერიკელებმა უნდა განაგრძონ რუსი ჯაშუშების გამოვლენა და იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ რუსები ამერიკელი ჯაშუშების პოვნას ვერ შეძლებენ, ასკვნის ამერიკელი ექსპერტი.

XS
SM
MD
LG