ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრიტანეთის მთავრობა ანტი-ტერორისტულ ზომებს ასუსტებს


ბრიტანეთის მთავრობა ანტი-ტერორისტულ ზომებს ასუსტებს
ბრიტანეთის მთავრობა ანტი-ტერორისტულ ზომებს ასუსტებს

უფლებადამცველი ჯგუფები ხელისუფლებისგან უფრო მეტს მოითხოვენ.

ბრიტანეთის მთავრობა ანტი-ტერორისტული ღონისძიებების განხორციელებაში ცვლილებების შეტანას აპირებს. მაგრამ, როგორც "ამერიკის ხმის" კორესპონდენტი სელა ჰენესი ლონდონიდან იუწყება, უფლებადამცველი ჯგუფები ხელისფულებისგან უფრო მეტს ითხოვენ.

აღსანიშნავია, რომ უფლებადამცველი ჯგუფები ბრიტანეთის ანტი-ტერორისტულ კანონებს წლების მანძილზე აკრიტიკებდნენ.

მათ მოთხოვნებში ყველაზე ხშირად ლაპარაკია საგანგებოდ გაცემულ ეგრეთწოდებულ მაკონტროლებელ განკარგულებებზე. აღსანიშნავია, რომ ეს დამატებითი განკარგულებები ეხება იმ პირებს, ვინც ბრიტანეთის მთავრობის შეფასებით, ეროვნული უსაფრთხოებისთვის რისკს წარმოადგენს, მაგრამ მტკიცებულებების არ ქონის გამო მათ წინააღმდეგ ბრალდებების წაყენება ვერ ხერხდება.

კრიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ახალი მაკონტროლებელი განკარგულებები ხშირად ისეთ ზომებს შეიცავს, როგორიც არის შინა პატიმრობა, ინტერნეტზე გასვლის აკრძალვა და გარე პირებთან კონტაქტის დამყარებაზე შეზღუდვების შემოღება.

შინაგან საქმეთა მდივანი ტერეზა მეი აღნიშნავს, რომ ხსენებული ზომები მალე გაუქმდება და მათ ნაცვლად ახალი სისტემა ამოქმედდება:

„ტერორისტი ციხის საკანში უნდა იჯდეს. მაგრამ თუ გარკვეულ შემთხვევაში დაუყოვნებლივი გასამართლება ან დეპორტაცია შეუძლებელია, მაშინ არცერთი პასუხისმგებელი მთავრობა არ დაუშვებს იმას, რომ ეჭვმიტანილმა პირებმა ტერორისტული საქმიანობა თავისუფლად გააგრძელონ “ - განაცხადა ტერეზა მეიმ.

ახალი წესების თანახმად, ეჭვმიტანილ პირს ელექტრონული სანიშნის ტარება მოუხდება და მას ყოველ საღამოს სახლში დარჩენა დაევალება.

ლონდონში მდებარე უფლებადამცველი ჯგუფი „თავისუფლება“ აღნიშნავს, რომ ახალი წესები სამართლიანი სასამართლო პროცესის გარეშე უდანაშაულო პირების დასჯას არ გამორიცხავს.

ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მდივანმა აგრეთვე სხვა ცვლილებების შესახებაც ისაუბრა. მაგალითად, ბრალდების გარეშე ტერორიზმში ეჭვმიტანილი პირების დაკავება 28 დღიდან 14 დღემდე შემცირდება. ამას გარდა, პოლიციის მიერ ეჭვმიტანილი პირების დაკავება და ჩხრეკა უფრო მკაცრად გაკონტროლდება.

ჯუდ სანდერლენდი საერთაშორისო არასამთავრობო უფლებადამცველ ორგანიზაცია „ჰიუმან რაითს ვოჩში“ მუშაობს. „ჰიუმან რაითს ვოჩი“ ბრიტანეთის ანტი-ტერორისტულ კანონებს უკვე კარგა ხანია აკრიტიკებს. სანდერლენდი ანტი-ტერორისტულ კანონებში ცვლილებების შეტანას მიესალმება:

„უდავოა, რომ ეს სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია, მაგრამ, როგორც ჩანს, მთავრობას მაინც განსაკუთრებული უფლებების შენარჩუნება სურს მაშინ, როცა ჩვენ და სხვები წლების მანძილზე ვაცხადებთ, რომ ჩვენ უბრალოდ სისხლის სამართლის უფრო ეფექტური სისტემა გვჭირდება “ - დასძინა სანდერლენდმა.

აღსანიშნავია, რომ ბრიტანეთის ანტი-ტერორისტული კანონები ყოფილი მმართველი ლეიბორისტული პარტიის ინიციატივით დაწესდა, როცა ბრიტანეთს პრემიერ მინისტრი ტონი ბლერი მართავდა. ანტი-ტერორისტულ კანონებში ცვლილებების შეტანა ბრიტანეთის ახალმა კონსერვატიულმა მთავრობამ წამოიწყო.

XS
SM
MD
LG