ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვლადიმირ პუტინი უკმაყოფილოა


ვლადიმირ პუტინი უკმაყოფილოა
ვლადიმირ პუტინი უკმაყოფილოა

ვლადიმერ პუტინმა "ვიკილიკსის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას "მტკნარი სიცრუე" უწოდა.

რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ პუტინი უკმაყოფილოა "ვიკილიკსის" ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტების შინაარსით, სადაც ამერიკელი დიპლომატები რუსულ დემოკრატიას აკრიტიკებენ.

ტელეკომპანია "სიენენისთვის" მიცემულ ინტერვიუში ვლადიმერ პუტინმა "მტკნარი სიცრუე" უწოდა შერთებული შტატების თავდაცვის მდივნის რობერტ გეითსის მტკიცებას, რომ რუსეთს უშიშროების სამსახური მართავს.

"ვიკილიკსის" მიერ გამოქვეყნებული 200, 000-ზე მეტი ტელეგრამიდან, რობერტ გეითსის აღნიშნული განცხადება თებერვლით არის დათარიღებული.

როგორც ლონდონის საერთაშორისო დიპლომატიური სწავლების ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელი დენ პლეში აცხადებს, ამერიკელთა მტკიცება რუსეთში არსებული კორუფციის შესახებ ახალი ამბავი არ არის. მისი თქმით:

“რუსეთის ხელისუფლების მაღალ ეშელონებში კრიმინალური ოპერაციების არსებობის ფაქტი დიდი ხანია ცნობილია. მაგრამ, ამავე დროს მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ძალზე ბევრი ადამიანი მიიჩნევს, რომ მთლიანად ფინანსებზე დამოკიდებული შეერთებული შტატების საარჩევნო სისტემა, ამერიკის საზოგადოების აბსოლუტურ კორუფციაზე მეტყველებს.“

სხვა დეპეშებში რუსეთი მაფიოზურ სახელმწიფოდ არის წარმოდგენილი, სადაც ბატონი პუტინი "ბეტმენის" როლს თამაშობს, პრეზიდენტ მედვედევს კი ამავე ფილმიდან "რობინის" როლი აქვს მიკუთვნებული.

ვლადიმერ პუტინმა აღნიშნული კომენტარები უპასუხისმგებლო მონაჭორად მონათლა. მიუხედავად ამისა, დენ ფლეშის აზრით, რუსეთ-ამერიკის ურთიერთობები მაინც პოზიტიური ნიშნით წარიმართება. მისი თქმით:

“ ობამას ადმინისტრაციამ ბევრი რამ გააკეთა რუსეთთან ახალი სტარტის ხელშეკრულების გაფორმების მიზნით და ირანის პრობლემასთან დაკავშირებით მოსკოვთან საერთო ენის გამონახვა შესძლო.“

რაც შეეხება რუსეთის პრემიერ-მინისტრის და იტალიის ლიდერის სილვიო ბერლუსკონის მეგობრობას, საიდუმლო დეპეშებში აღნიშნულია, რომ ბერლუსკონი ამ ურთიერთობების გამოყენებას, ხელსაყრელი ენერგო კონტრაქტების გაფორმებით აპირებს.

როგორც ვიკილიკსის წარმომადგენელი კრისტინ ჰრაფსონი აცხადებს:

“თუ გლობალური სტაბილობა ტყუილზეა დამყარებული, მაშინ ამ სისტემის გამოფხიზლებაა საჭირო. რადგან ყველასთვის ნათელი გახდა, რომ სახელმწიფოს მეთაურები ერთ რამეს ამბობენ საჯაროდ, ხოლო პირად საუბრებში სულ სხვა ენაზე ჭიკჭიკებენ.“

როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ალექსეი საზონოვმა ამასთან დაკავშირებით განაცხადა, მოსკოვისთვის მოულოდნელი არაფერი იყო ამ დეპეშებში და რუსეთი კვლავაც გააგრძელებს მჭიდრო ურთიერთობას შეერთებულ შტატებთან.

XS
SM
MD
LG