ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნობელის მშვიდობის პრემია ჩინელ დისიდენტს მიენიჭა


2010 წელს ნობელის მშვიდობის პრემია ჩინელ დისიდენტს, ლიტერატურის პროფესორს ლიუ ჟიბაოს მიენიჭა. ეს მაღალი ჯილდო მან ჩინეთში ადამიანის უფლებათა დაცვისთვის დაიმსახურა.

პრეზიდენტ ბარაქ ობამას განცხადებით, ნობელის კომიტეტმა ღირსეული კანდიდატი გამოარჩია, რომელიც მშვიდობიანი მეთოდებით იბრძვის კანონის უზენაესობის, დემოკრატიის დამკვიდრების და ადამიანის უფლებების დაცვისათვის.

ლიუ ჟიბაო უკანასკნელი 20 წლის მანძილზე დაუღალავად მოღვაწეობდა ამ სფეროში. 1989 წელს ის ტიანანმენის მოედანზე შეკრებილ სტუდენტებს შეუერთდა და სამხედროებთან მოლაპარაკებებშიც მიიღო მონაწილეობა, რომლის შედეგად ბევრმა ადამიანმა უსაფრთხოდ შეძლო მოედნის დატოვება.

ტიანანმენის მოედანზე სტუდენტების აქციის დარბევის შემდეგ თავად ლიუს განცხადებით, მის ცხოვრებაში დიდი გარდატეხა მოხდა და ის ადამიანის უფლებათა დამცველად ჩამოყალიბდა. საპროტესტო დემონსტრაციაში მონაწილეობის გამო მან წელიწადნახევარი გაატარა ციხეში.

1991 წელს სატუსაღოდან განთავისუფლების შემდეგ, მან გააგრძელა კრიტიკული წერილების წერა, რომლებშიც ჩინეთის ხელისუფლებას პოლიტიკური რეფორმების გატარებისკენ მოუწოდებდა. ამის გამო მას შინაპატიმრობა მიუსაჯეს და მოგვიანებით შრომა-გასწორების კოლონიაშიც გაგზავნეს.

1999 წელს ლიუ ჟიბაო კიდევ ერთხელ განთავისუფლდა პატიმრობიდან, მაგრამ 2008 წლის დეკემბერში მან ხელი მოაწერა ქარტიას, რომელიც ჩინეთის მთავრობას მრავალპარტიული არჩევნების და დემოკრატიული რეფორმების გატარებისკენ მოუწოდებდა. ინტერნეტში გამოქვეყნებულ ამ დოკუმენტს 8000-ზე მეტმა ადამიანმა მოაწერა ხელი.

ამის შემდეგ ლიუ ჟიბაო კიდევ ერთხელ დააპატიმრეს 2009 წლის ივნისში და 11 წელი მიუსაჯეს ჩინეთის ხელისუფლების დამხობის მცდელობის ბრალდებით. მისი ადვოკატები ამტკიცებენ, რომ ეს განაჩენი ჩინეთის კონსტიტუციას ეწინააღმდგება.

ლიუ ჟიბაოსთვის მშვიდობის ნობელის პრემიის მინიჭების შემდეგ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ სპეციალური განცხადება გააკეთა. ბატონი ობამას განცხადებით, ჩინეთმა წარმატებული ეკონომიკური რეფორმების წყალობით ასობით მილიონი ადამიანი დაიხსნა სიღარიბის კლანჭებისგან, მაგრამ პოლიტიკური კუთხით არაფერი შეცვლილა.

"ჩინეთმა პატივი უნდა სცეს ადამიანის უფლებებს და დაუყოვნებლივ გაანთავისუფლოს ბატონი ლიუ"-განაცხადა პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ.

XS
SM
MD
LG